ჩვეულებრივი მწვანულა
ჩვეულებრივი მწვანულა (ლათ. Chloris chloris Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − მთიულასებრნი (Fringillidae)
- გვარი − მწვანულა (Chloris)
ჩვეულებრივი მწვანულა საშუალო ზომის ბეღურასნაირი ფრინველია, ფრთა − 85-100 მმ-ია, კუდი — 50-60 მმ, ნისკარტი — 11-13 მმ, წონა — 25-35 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. ზრდასრული მამალი თავსა და კისერზე ზემოდან მომწვანო-რუხია; ზურგი და მხრები — მოწენგოსფრო-მწვანე; კუდზედა ბუმბულები მოყვითალო–მწვანე, ხოლო კუდის ზემო მფარავები სუფთა რუხი. ფრთების პატარა და საშუალო მფარავები მოყვითალო-მწვანეა, ხოლო დიდი მფარავები — რუხი. მეორე რიგის შიგნითა მომქნევები და მტევნის მფარავები რუხია, შავი ლაქებით. დანარჩენი მომქნევები მოშავო-რქისფერია, მოთეთრო წვეროებით გარდა ამისა, პირველი რიგის მომქნევების გარეთა მარაოებზე ლიმონისფერ-ყვითელი, ხოლო მეორე რიგის მომქნევებზე რუხი გასწვრივი ზოლებია. საჭის ცენტრალური წყვილი მთლიანად მოშავო-რქისფერია, დანარჩენები ძირის ნაწილში — ლიმონისფერ-ყვითელი. თავის, კისრისა და სხეულის გვერდები რუხია; ყელი, ჩიჩახვი და მკერდი— მოყვითალო-მწვანე; მუცელი — თეთრი. ეს შეფერილობა სეზონების მიხედვით რამდენადმე იცვლება. დედალი ზურგის მხარეს მორუხო-ყავისფერია, კისრის უკანა ნაწილში უფრო ღია ფერის. მუცელი მოყვითალო-მოთეთრო აქვს, ფრთებსა და კუდზე ყვითელი ფერი უფრო ბაცია, ფეხები და საკმაოდ მსხვილი ნისკარტი მურა-ხორცისფერია.
აღწერილია 8 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური მწვანულა — Ch.ch. bilkewitschi Sarudny, 1911 და ევროპული მწვანულა — Ch. ch. chloris Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის არეალი მოიცავს ევროპის უდიდეს ნაწილს. იგი აქ არაა მხოლოდ ბრიტანეთისა და სკანდინავიის ჩრდილოეთ ნაწილებში, ვოლოგდისა და კიროვის ოლქების ჩრდილოეთით, აგრეთვე უკრაინისა და ყუბანის ველებში. აღმოსავლეთით აღწევს სვერდლოვსკამდე; სამხრეთით მოიპოვება ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. არის კუნძულ მადეირაზეც. გარდა ამისა, იზოლირებული არეალებია მცირე აზიაში, კავკასიაში, ჩრდილოეთ ირანსა და ავღანეთში; შუა აზიაში — თურქმენეთსა და სამხრეთ ყაზახეთში. არეალის ჩრდილოეთი რაიონებიდან გადამფრენია, ხოლო სამხრეთში — მობინადრე. საქართველოში კავკასიური მწვანულა მობინადრეა, ევროპული — მოზამთრე.
ბიოტოპი
ბინადრობს როგორც ფოთლოვან, ისე წიწვიან ტყეებში, ხშირი ქვეტყით, მაგრამ ირჩევს მეტწილად ტყისპირებს, ბაღებს, პარკებს ან ტყის კორომებს ხშირი ბუჩქნარით.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდეს აკეთებს დედალი, ხეზე ან მაღალ ბუჩქზე, არაუმეტეს 2-2,5 მ-ის სიმაღლეზე მიწიდან. წელიწადში ორჯერ ასწრებს გამრავლებას. პირველი ბუდობა მიმდინარეობს აპრილის ბოლოდან და მაისში, ხოლო მეორე — ივნისის პირველ ნახევარში. დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 12-14 დღეს გრძელდება.
კვება
მწვანულა იკვებება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით. ბარტყებს კვებავს მხოლოდ მწერებით. მცენარეულ საკვებს იყენებს ზაფხულშიც, მაგრამ უფრო მეტად — შემოდგომითა და ზამთარში. მათ შორის უმთავრესია სარეველათა თესლები. ჭამს კენკრასაც.
მნიშვნელობა
საკმაოდ ბევრ მავნე მწერსა და სარეველა მცენარეთა თესლებს სპობს, რითაც გარკვეული სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ესთეტიკურადაც მეტად სასიამოვნო ფრინველია.