წულუკიძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ წულუკიძე

გრიგოლ წულუკიძე – (დ. 17 აპრილი, 1889, ქუთაისი, საქართველო — გ. 22 დეკემბერი, 1950), გამოჩენილი ქართველი მეცნიერი სამთო მეცნიერების დარგში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წ.), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1939 წ.), პროფესორი (1930 წ.), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941 წ.).

დაამთავრა ლეობენის (ავსტრია) უმაღლესი სამთო სასწავლებელი (1911 წ.) და ეკატერინოსლავის (ახლანდელი დნეპროპეტროვსკი) სამთო ინსტიტუტი, 1914-1918 წწ. მუშაობდა ჩრდილო კავკასიის ნავთობის საწარმოებში. 1918-1922 წლებში ტყიბულის საწარმოებში მთავარ ინჟინრად, მმართველად. 1923-1928 წლებში იყო საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს სამთო კომიტეტის თავმჯდომარე. ამავდროულად (1923 წ) დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის კათედრის გამგედ. 1928-1950 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-ქიმიური ფაკულტეტის დეკანი, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო და სამეცნიერო დარგში; სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრის პროფესორი და კათედრის გამგე.

გრიგოლ წულუკიძე არის სამთო მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მის მიერაა დასაბუთებული და დამუშავებული ტყიბულის ნახშირისა და ჭიათურის მანგანუმის საბადოების რაციონალური დამუშავების მეთოდები. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს წიაღისეულის საბადოთა დამუშავების სფეროში აგრეთვე ახალი მაღაროებისა და შახტების დაპროექტების სამუშაოებს საქართველოში.

დიდია გ. წულუკიძის როლი ჭიათურის მანგანუმის მრეწველობის აღდგენასა და განვითარებაში. მისი სამთო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში განხორციელდა ჭიათურის მრავალრიცხოვანი საწარმოების ნაციონალიზაცია, შეიქმნა ტრესტი „ჭიათურმანგანუმი“. გ. წულუკიძის ყურადღებას ყოველთვის იმსახურებდა საქართველოს სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი რეგიონები: სპილენძის, ტყვია-თუთიის, ოქროს, ვერცხლის, სამშენებლო მასალების საბადოები. იგი აგრეთვე დიდ ყურადღებას უთმობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების პრობლემებს.

საქართველოში გ. წულუკიძის ინიციატივით დაარსდა გეოლოგიის, კავკასიის მინერალური ნედლეულის და ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. 1941-1948 წლებში გ. წულუკიძემ ქართულ ენაზე გამოაქვეყნა თავისი ფუნდამენტური ნაშრომი „მადნეულ საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების მეთოდები“ სამ ტომად, რომელშიც სამთო-ტექნიკურ ლიტერატურაში პირველად მოცემულია ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა დამუშავების მსოფლიო გამოცდილების მიმოხილვა. 1949 წელში აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიცა მოსკოვში რუსულ ენაზე ერთ ტომად დასახელებით „სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავება“, ხოლო 1951 წელს ბუდაპეშტში – უნგრულ ენაზე.

გ. წულუკიძის სახელი მინიჭებული აქვს სამეცნიერო-კვლევით სამთო ინსტიტუტს.


წყარო

სამთო-მეტალურგიული ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები