ვარძიის სამონასტრო კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ვარძიის სამონასტრო კომპლექსი''' – ვარძიის ...)

14:15, 2 მაისი 2024-ის ვერსია

ვარძიის სამონასტრო კომპლექსივარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, „ქვაბთა ქალაქი” – კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი (XII სს.) ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, დაბა ასპინძინდან 30 კმ მანძილზე. აერთიანებს ფრიალო და მიუვალ კლდეში გამოკვეთილ ასეულობით ქვაბს, დიდ და მცირე დარბაზს, ანტიკური პერიოდის ნაქალაქარს, კლდის სოფლებს, ყორღანული ტიპის სამარხებს, მარნებს და სხვ.

რამდენიმე იარუსად განლაგებული ქვაბები ერთმანეთს დერეფნებით, ბაქნებითა და კიბეებით უკავშირდება. გამოქვაბულებს სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა – საკულტო, სამეურნეო, საყოფაცხოვრებო, საზოგადოებრივი. ყველაზე გამორჩეულ გამოქვაბულს თამარის ოთახს უწოდებენ. როგორც ფიქრობენ ვარძიის აგება გიორგი III-ს დაუწყია და თამარ მეფეს დაუმთავრებია: „დიდმან აღასრულა და შეამკო ყოვლითურთ და შესწირნა მრავალნი და დიდროვანი სოფელნი და შეუმზადა ტრაპეზისა შემოსავალნი დიდნი და პატიოსანნი, რომლისა ყოვლისაჲ მოთხრობაჲ ძნელ არს. თუ ვინმე ჰნებავს ამისგანაცა, იხილენ ვარძიააჲ და საქმენი მისნი, ქმნულნი და ნაშენი ქუაბ ქმნილნი“.

ვახუშტი ბაგრატიონი ასე ახასიათებს ვარძიის კლდეში ნაკვეთ მონასტერს: „არს ვარძიას მონასტერი, კლდესა შინა გამოკვეთილი, სენაკ-პალატებითურთ, და მას შინა აღშენებული მეფის გიორგისაგან და შესრულებული თამარ მეფისაგან. ესე შემკული იყო საეკლესიოს სიმდიდრითა და ყოვლის წესიერებითა“

სარჩევი

სახელწოდება

ვარძიის სახელწოდებაც თამარ მეფის სახელს უკავშირებენ. გადმოცემის მიხედვით პატარა თამარი დაიკარგა და მის საძებნელად წამოსულებისათვის ასე მიუმართავს: „აქ ვარ ძია“-ო. როგორც მეცნიერები ფიქრობენ, სახელი შეიძლება ვერძს – ძველ საკულტო საქმიანობას უკავშირდებოდეს. სხვა მოსაზრებით, იგი ტომობრივი სახელია, ისევე როგორც ალბანია, ივერია, გურია და სხვ. ძველ ქართულში სიტყვა „ვარძია” გამოქვაბულს ნიშნავს და შესაძლებელია ეტიმოლოგიურად სწორედ ამაზე მიგვანიშნებდეს.

ვარძიის თახჩები

ვარძიის ერთ-ერთ გამოქვაბულში კლდეში გამოკვეთილია 20X22 სმ ზომის მქონე კუბური შეღრმავებები, „უჯრები“, თახჩები. მათი დანიშნულების შესახებ განსხვავებული აზრია გამოთქმული. ზოგიერთი თვლის, რომ მათ სააფთიაქო დანიშნულება ჰქონდათ. თახჩების ზომა განსხვავებულია. ზოგიერთ მათგანს სამკურნალწამლო ნედლეულის მასალის შესანახად, ზოგიერთს კი წამლის შესანახად იყენებდნენ. ასევე უნდა ყოფილიყო თახჩები ხატების დასაბრძანებლად და იარაღების შესანახად განკუთვნილი. იატაკზე ამოკვეთილია ერთნაირი სიღრმისა (14 სმ) და ზომის (რადიუსი 10 სმ) ორმოები. მათ სავარაუდოდ იმ თიხის ჭურჭლების ჩასადგმელად იყენებდნენ, სადაც სამკურნალო ნედლეული იყო განთავსებული.

განსხვავებული აზრი გამოთქვა ლევან მარუაშვილმა და კობა ხარაძემ. მათი აზრით, ვარძიის თახჩები სამტრედეებს წარმოადგენდა, რასაც ძველად საფოსტო კავშირისათვის იყენებდნენ. მეორე სამტრედე მდებარეობს ვარძიიდან დაახლოებით 120 კმ მანძილზე, მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, სოფ. წინარეხთან. როგორც ჩანს, ამ ორი სამტრედის არსებობით შესაძლებელი იყო საფოსტო კავშირი დაემყარებინათ ბასიანის საბრძოლო ასპარეზიდან პირდაპირ ქართლის შუაგულში. ეს კი, ცხადია, დიდ როლს შეასრულებდა საბრძოლო მოქმედებების წარმატებით დამთავრებაში. საქართველოში სამტრედეების ორად-ორი ადგილსამყოფელია: ვარძია და წინარეხი. ვარძიაში იგი კლდეშია გამოკვეთილი, ხოლო სოფ. წინარეხთან – უხეშად დამუშავებული ქვებითაა აგებული. აღსანიშნავია ასიც, რომ მტრედის ნაკელს (სკორეს) იყენებდნენ მონასტრების ბაღ-ბოსტნების მიწების გასანოყიერებლად.

მევენახეობა-მეღვინეობა

ვარძიაში ძველად დაწინაურებული ყოფილა მევენახეობა-მეღვინეობა, რაზეც მრავალი ფაქტი მეტყველებს: საწნახელების, მარნების, დიდი ტევადობის ქვევრები, მათ შორის დიდი „სალხინო მარანი” (XII-XIII სს.), ზოგიერთი მათგანი კლდეშია გამოკვეთილი. ამჟამად აქ ვარძიის ისტორიულარქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალია (1938-დან). შემორჩენილია კედლის მხატვრობა.



წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი [[კატეგორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები