ლადო ასათიანი: სპარსელ ასულს
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 



 
  საღამოს, როცა შუქთა შურდულით
ათინათინდა ვარსკვლავთ  ჭავლეთი,
    ჭავლეთი - აქ: ვარსკვლავთა კრებულის ციმციმი, ციალი, კამკამი. ჭავლი – 1. წყლის ზედაპირზე მცირე რიტმული რხევა, თრთოლა. 2. (ძვ.) მსხვილი ნაწნავი თმისა, კულული. 3. (სპეც.) ამონადენი წყლის ან აირის სვეტი.
შენ შემეფეთე და ჩამჩურჩულე:
აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი.
 
   
საიდან გაჩნდი, საიდან მოდი,
შენი ამბავი გავიგო მინდა.
მე პოეტი ვარ და ქუჩის ლოთი,
შე კი მაისის ვარდივით წმინდა.
 
რა გინდა ჩემთან, პირველყოფილი
სუნთქვა გათრთოლებს უცხო კაცისა,
თუ სისხლი გხიბლავს კეთილშობილი
რუსთაველის და სააკაძისა?
 
მე თბილისიდან გაქცევა მსურდა,
შენ კი თბილისში ჩამოხველ, ქალო,
ვინ მოგასწავლა ანთებულ გულთან,
ფერეიდნულო ალმასის თვალო?
ფერეიდანი - ერთ-ერთი პროვინციაა ირანში, სადაც 1614-1617 წწ-ში ირანის შაჰმა, აბას I-მა, საქართველოდან აყრილი ათასობით ქართველი (კახელი) ჩაასახლა.
 
საით იყავი, ან ვინ გიყვარდა?
მითხარი რამე, მიამბე რამე!
მერე წავიდეთ, ჩამოვჯდეთ მტკვართან
და გავათეთროთ თბილისის ღამე.
 
მე - შთაგონებით მთვრალი და ხელი,
გეტყვი, რა იყო ჩვენი წარსული,
შენ მოიღერე
ჯეირნის  ყელი
და გამაგონე შენი სპარსული.
ხელი - შმაგი, გიჟი.

ჯეირანი - ველებში მცხოვრები ჩლიქგაყოფილი ცხოველი; იგივეა, რაც ქურციკი.

 
ლამაზო ხანუმ  სპარსეთის მოხველმ
გულის
მურაზი გეპოვა გსურდა,
შენ კი წააწყდი ვიღაცა ოხერს
და მასთან ჰპოვე ერთობა სულთა.
ხანუმი - ქალბატონი.
მურაზი
- ძვირფასი
 
  ახლა ერთია ჩემი სურვილი:
თან წამიყვანე მგზავრი გვიანი,
გახელებული ტრფობის წყურვილით
შენზე ოცნებით კაეშნიანი.

ვნახოთ ირანი და თეირანი,
ფერეიდანი, ძველი თავრიზი,
იქ მიმიყვანე მუდამ მტირალი
შენი მიჯნური უცხო დავრიში.

და, როცა, მოვკვდე, სიკვდილი იცან,
უკანასკნელად კვლავ გამახარე…
მოსძებნე ჩემი სამშობლო მიწა
და დამწვარ გულზე გადამაყარე.

დადგება მაშინ მთვარის საათი,
წუთით ვარსკვლავნიც დაიძინებენ,
ჩვენი რუსთველი, თქვენი საადი
ჩემს სამარესთან იშაირებენ.
 
   



 
  მე წამოვდგები, კვლავ აენთება
ცის ლაჟვარდებში ვარსკვლავთ ჭავლეთი,
მე ხელებს გავშლი და შეერთდება
დასავლეთი და აღმოსავლეთი…