გია არგანაშვილი: ჩვეულებრივი ვაჟა-ფშაველა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 



    ვაჟა-ფშაველას “არწივი” ვეღარ ახდენს მკითხველზე ისეთ გავლენას, როგორსაც თუნდაც ამ ოცდაათი-ორმოცი წლის წინათ, ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას რომ ახალთაობა პატრიოტული გრძნობის ნაკლებობას განიცდის, შეიცვალა დრო, გამოხატვის ფორმა, მეტაფორული ენა, ახლად ფეხადგმული და დანაწევრებული ქვეყანა სულაც აღარ იწვევს დაჭრილი არწივის ასოციაციას. მასწავლებელმა არ უნდა იწყინოს, თუ ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებში ირონიულ ღიმილს შენიშნავს. პატრიოტიზმი ერთ-ერთი ყველაზე სათუთი და ყოველწამიერად განახლებადი გრძნობაა, ძველი სახეებით და ფორმებით ეს გრძნობა აღარ გაღვივდება. სამშობლოს სიყვარულს, როგორც ყოველ ახლად დაბადებულ გრძნობას ახალი ქება სჭირდება.

შეიძლება დადგეს დრო და მკითხველმა წარსულთან დამაკავშირებელი ძაფები მოძებნოს, შეიძლება აღდგეს დროთა გაწყვეტილი კავშირი, შესაძლოა ჩვენმა ოცნებამ მართლაც არწივის ფრთები შეისხას და გადარჩენაზე ჩვენი ყოველდღიური ფიქრი ძლიერ სახელმწიფოზე ფიქრმა და ზრუნვამ შეცვალოს, შესაძლოა ჩვენი ძალისხმევა ასეთი ქვეყნის შესაქმნელად მართლაც არწივის ძლიერებით შეიმოსოს, მაგრამ ვიდრე ეს არ მომხდარა, ვიდრე ვაჟა-ფშაველას შემოქმედების გმირული მხარე ჩვენთვის სინამდვილის ჩრდილქვეშ მოექცა, ვაჟას შემოქმედებაშივე უნდა მოვძებნოთ იგივე მოტივი, ოღონდ უფრო ცოცხალი სურათი, რომელიც ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებს ზუსტად მიესადაგება.

     
         
  არ უყვარდა ვაჟას ქორწილებში სიარული, არც ქეიფი და დროსტარება ალაღებდა, არც ცეკვა-თამაში, სიცილიც არ იცოდა ხეირიანი. ამიტომ არიდებდა თავს მხიარულ თავყრილობებს, იცოდა სასმელისგან შეგულიანებულ ხალხში ან ჩხუბი აიწეოდა, ან ვინმე სალექსოდ შემდგარი დაუპირებდა გატეხვას. კაცის საძრახისს რა დალევს, ამოიღებდნენ მიზანში და როგორც თხის გადასერილი კოჭიდან იწყებენ საგუდედ ტყავის გაძრობას, ისე გააშიშვლებდნენ იმის ლამაზად ჩაცმულ-დახურულ ოცნებას.

ვაჟას გატეხა მაინც სხვა რიგის სახელი იყო.

“-კაფიაობა მამამ ვერ იცოდა, ვერა... საიდან ეცოდინებოდა მამასა ეგა, შვილო, მამა ბუნების მგოსანი იყო, ბუნებისა...” გულქანს უთქვამს.
მაშ უფრო დიდი ხალისით შეუმღერებდნენ ფრუშკა და ხაჩით ჯაბანი, ჩონქარა და ქავთარი.

ვაჟას მთელი ქვეყანა მოევლო, თვითონაც ესწავლა და სხვებისთვისაც ესწავლებინა. ახლა მწერლობისთვის მოეკიდა ხელი, წერდა და უბეჭდავდნენ, ნელ-ნელა სახელსაც იხვეჭდა, მთელი ქვეყნის პატრონობას იჩემებდა, მაგრამ ამ პატარა სოფლის კაცობას მაინც არ თმობდა.
ეს არ მოსწონდა სოფელს, ამის უფლებას ვერ მისცემდნენ პავლე მღვდლის შვილს.

მწერლობაში ხომ არ ეჯიბრებოდნენ, „ივერიის“ კორესპონდენტობას არ სტაცებდნენ ხელიდან, საქვეყნო დიდებიდან ხომ არ სთხოვდნენ წილს, ჰოდა ვაჟასაც უნდა დაეთმო კარგი მხვნელ-მთესველის, მოჭიდავის, მოჯირითის, მოკაფიავის, მონადირის სახელი.

არ უთმობდა, ვაჟა უთმობდა, ლუკა – არა.

ლუკა მიიბრძოდა, თავის წილს ითხოვდა ლხინშიც, ნადირობაშიც, ჭიდაობაშიც და თავპირისმტვრევაშიც.

ერთ კაცობაზე ეწერა და ორ წილს ითხოვდა.

იმის გულში საარაყე ქვაბივით დუღდა სოფლურ-გლეხური ვარამი, ისიც დღე-მუდამ სარეველს ატრიალებდა, რომ არ მიეწვა, ზედმეტ მხურვალებას არ წაეტუსა პირველ-ნახადი.

ამ ყოველდღიურობის წინწანაქარი მოწვეთავდა ვაჟას კალმის წვერიდან, „დაე, აყროლდეს სოფელი, სრულიად დაღრღნან ჭიათაო“
ლუკას თავაშვებულობას ვაჟას სიფრთხილე სდარაჯობდა, ფხიზლობდა ვაჟა, მაგრამ ერთხელ მასაც წამოჰყარეს თავდაჭერილობის ლაგამი და ლაშარის გორზე ფშაველებმა იხილეს იმისი გულის სიშიშვლე. „გავა დრო და ჩემს სახელზეც ისე ილოცებთ, როგორც ლაშარის ხატს ლოცულობთო“

არ უნდა ეთქვა? ჯიბრითა თქვა, ლუკაც აქეზებდა, არაფერს არ დაგითმობენ, არ გიშეღავათებენ. ბახტრიონიც რომ აიღო, შენს წილ მამულს მაინც გაგაკენჭვინებენო.

სოფელიც ადასტურებდა ამ ნათქვამს.

“ – შენ სოფელს გინდა გაუმკლავდე? ეჰეე, დიდი ძალა აქვს სოფელსა, თუ მოინდომა მალე ყირაზე გადაგატარებს”.

აკი მოუნდომეს კიდეც ყირაზე გადატარება, არც ეს ამბავი დაუმალავს გულქანს.

ერთი კაცი ვეღარ უნდა მოვიკვეთოთო? დამდგარან ამ პირობაზედ, შეყრილან კაკლების ქვეშ, ულაპარაკიათ, უყაყანიათ და დაშლილან.
ვერ მოიკვეთეს, ვერ ჩაუგდეს სამანი სოფლის მიჯნასთან.

ეს ამბავი სხვა დროს მოხდა, იმ ზაფხულს კი სოფლის საქონელმა ლუკას სათიბები გაატიალა.

     
         
  გაჯავრებული ბრუნდება მთიდან, დერეფანში ტრიალებს, ბობოქრობს, ვიღაცას ემუქრება... გაღმიდან ხმა ესმის, აყურადებს: – ჩალხო გეპატიჟება შვილის ქორწილშიო, – კაცი იძახის.

ჩალხოს ვაჟას მკითხველიც კარგად იცნობს, სოფელში ჩალხოს ყველა უძმოს ძმას ეძახის, რადგან სულ სხვისი გულისთვის ჩხუბობს. საკმარისია ვინმე დაჩაგრული ნახოს, რომ ჩალხომ მისთვის თავიც გადადოს სასიკვდილოდ, ამისთვის ბევრი გმობს, ბევრსაც ეშინია მისი მოქნეული მუშტისა, „ქვა დამკრა მაგ ოჯახდაქცეულმა, ნამდვილად დამკრაო“ – ჩივიან სოფელში.

ლუკას კარგი მიმოსვლა აქვს ჩალხოსთან. ერთი ცეცხლი ნთებიათ მათ მამა-პაპათ, ქორწილს ვერ გამოაკლდება. მაგრამ არც პირველ-მაყრად, მახარობლად მისვლა უნდა, ამიტომ ფეხს ითრევს, ეზო-ყურეში ჩუჩუნებს და როდის-როდის გახშირებულ პირველ ღამეს გადადის წყალ-გაღმა.

ჭალაზე ადევნებული ძაღლები ჩალხოს ეზომდე ყეფით აცილებენ, ლუკა ჯოხის ცეცებით აგნებს კარის-კარს, აღებს და მოწნულ დერეფანში შედის.

დერეფნის ბოლოს სახელდახელოდ გამართულ სამზარეულოში, რამდენიმე კაცი ტრიალებს. ზედადგარზე შემოდგმულ ქვაბს პატარა ბიჭები ცეცხლს უნელებენ. დუღს ხორც-წვენი, ტრიალებს ქაფქირი, შხივის მსუქანი სამწვადე და ხონჩებზე ხორცის დიდ-დიდი ნაჭრები იყრება.

საკიდელზე სახინკლე ქვაბი ქანაობს, მდუღარე მორევივით ბრუნავს და ორთქლადქცეული წყლის თეთრი ქაფითვით მოწიპწულ ხინკლებს ზედაპირზე იყრის.

თანდათან უფრო მეტი და მეტი ცომის მოხარშული გუნდა იწყებს ტივტივს. ფსკერიდან წამოყრილი ჰაერის ბუშტებიც ხინკლად სკდება და ქვაბის ირგვლივ დაყუნცული ბიჭებიც იძაბებიან. მათ ახლა ეჯიბრის ალი უფრო უწვავს პირ-სახეს, ვიდრე ხმელი წიფლის აბრიალებული ნაპერწკალი. ვინ დაასწრებს, ვინ ამოიღებს მდუღარედან პირველ ლუკმას?

აგერ ერთმა ახალუხის სახელო გადაიწია, მეორემ ბოლისაგან აცრემლებული თვალები ცხელ ბურუსს ჩააშტერა. ერთდროულად დაიძრა ორი მკლავი და ორთქლის თეთრ ბინდში ერთდროულად დაიძირა.

პირველმა მაშინვე ამოჰკრა გაშლილი ხელისგული და მდუღარე ამოაშხეფა. მეორემ უფრო ღრმად ჩააწვდინა მკლავი, ერთი წამით დაახანა და კალმახივით მოთიმთიმე ხორციანი ზევით ამოაგდო, ერთი-ორჯერ ჰაერში შეათამაშა, მეორე ხელიც შეაშველა, სული შეუბერა და პირისკენ გააქანა.

– შეჭამა, აჯობა, აჯობა, – ხორხოცებენ ბიჭები.

გამარჯვებული ცალ-ფეხზე დახტის, გულ-მკერდს იბერავს და ცხელ ოხშივარს უკან, ჩათუთქულ გულ-მუცელში აბრუნებს.

ბერიკაცები სინანულით აქნევენ თავს, ახალგაზრდები ქირქილებენ, ლუკას ცალი თვალი უცინის და ზეზემოტრიალეებს ხელის ჩამორთმევით ესალმება.

სამზარეულოდან გამოვარდნილი ცხელი ორთქლი ქვის კიბეებზე მიხტის და ბანთ-უკან კალოსკენ უხვევს. ამ გზაზე ქარავანივით გაბმულა ცხელი ხინკლით სავსე ხონჩები. ლუკა უკან მიჰყვება, გზადაგზა ჩოხას იბერტყავს, ქუდს იხდის და ჭაღარამორეულ თმა-წვერს ხელისგულით ისწორებს.

სიბნელიდან შესულს, კალოს ბოძზე ჩამოკიდებული ჭრაქის მბჟუტავი შუქიც თვალსა სჭრის, მარცხენა ხელით იჩრდილავს, მარჯვენით – უპეზე ჩამონადენ ცრემლს იწმენდს და იმ კუთხისკენ მიდის, საიდანაც ხმამაღალი საუბარი და ხალისიანი შეძახილები ესმის.

– ოო, ლუკას გაუმარჯოს! მოხვედ მშვიდობით! ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!

– დამხვდით მშვიდობით, მშვიდობა ამ სახლს, გაუმარჯოს ნეფიონს! – მარცვალ-მარცვალ ფანტავს ახლად შემოსწრებული, ამგვარი შემთხვევისათვის აუცილებელ სახარჯო სიტყვებს.

ლუკას, როგორც ოჯახის ახლობელს, ნეფე-დედოფალთან იწვევენ და სავსე ყანწს სთავაზობენ, ქალისა და ვაჟის მაყრები, ერთმანერთის პირისპირ, სკამ-ფიცრებზედ სხედან. ლუკა ყველას იცნობს. აი, მისი ნათლიმამა ხეხერა, იმისი ცოლისძმა – ფრუშკა, ნადირა, ჯაბანი, მჭედელა, ღვთისო, ქავთარი... ზოგი მეზობელია, ზოგიც მოკეთე ზოგს ყოველდღე ხვდება, ზოგსაც ათასში ერთხელ... ბევრთან კალთა-კალთაზე აქვს გაბმული, ბევრსაც დამდურებულია ყანის, სათიბის, ბოსტნის დანალევზე, მაგრამ ახლა, ქორწილში ყველა ერთმანერთს ურიგდება, ივიწყებენ წყენას, რომ ნამთვრალევზე კიდევ ერთხელ გაიხსენონ დამდურების მიზეზი და ხელახლა დაატრიალონ მუშტი.

ლუკა ილოცავს ქვეყნიერების დამბადებელს, ცისა და მიწის გამჩენს. მთა-ბარის წესთა გამრიგეს, თემისა და ოჯახის მფარველს, ადღეგრძელებს ახალ ჯვარდაწერილებს, ნეფიონს, ჯარს, იმის ნათქვამ სადღეგრძელოში ისმის ჩვეულებრივი სიტყვები „ნუ მაუშალოს ამ ოჯახს ქორწილი, დაიფარე მტრისგან, კეთილად მაუხდინოს ღმერთმა, კეთილად დაუბეროს“... ხმამაღლობენ საქორწილო სიტყვების მოლოდინით იმედგაცრუებული მაყრები. ლუკასაც უქრება ზედმეტი ყურადღებისგან გამოწვეული აღტაცებასავით ხალისი. ჯდება. როგორც მდინარეში შესული ადამიანი, რომელიც საკუთარი სხეულით აგუბებს დინებას, ტალღები ებრძვიან, ეხეთქებიან, ფეხქვეშ საყრდენს აცლიან. გრძნობს, სადაცაა დაკარგავს წონასწორობას. ამიტომ სწრაფად გამოდის ნაპირზე და ტანს იბერტყავს.

ლხინის მდინარე – თავდავიწყება, ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება. მაყრები ხშირ-ხშირად იცვლიან ადგილს, მოყვრები ერთმანერთთან სიახლოვეს ამჯობინებენ. მელექსეებს უკვე შეურჩევიათ თავიანთი მეტოქეები და ახლა მათთან პირისპირ მოხვედრას ლამობენ. მხოლოდ მოშუღლენი სხედან გაუნძრევლად, ხელისგულებს მუშტავენ, შუბლს ინაოჭებენ, ნაბზევ კალოს ამტვერებენ და ნამთევი კურეტებივით გაჰყვირიან ერთმანერთს.

ლუკა ოჯახის უფროსს, ჩალხოს კითხულობს. სასიძო რაღაცას ბუტბუტებს, ლუკას სიტყვები არ ესმის, ხელით ანიშნებს დაბლა სახლისკენ. ვაჟის გამოხედვაში ლუკა დაეძებს მამის ალი-კვალს, ჩალხოს მარიფათს და ლაზათს.

კალოს სიღრმიდან მორატრატებს მთვრალი მაყარი, ლასტის კედელს ებღაუჭება, დედაბოძს ეხვევა და გასასვლელის ძებნით დაღლილი იმისი მუხლები ლუკას ფეხებთან ისვენებენ.

ლუკა საქამრედან აზიდავს, მკერდზე მიიყრდნობს, მიაფარფატებს სათივისკენ, მაყარი ძუძუმოსხლეტილი ხბოსავით ჭირვეულობს, ტანში იძაგრება, იბერტყება. თუმცა მალე ურიგდება ბედს და ტყავ-ჩოხის ამარა, ხმელ თივაში ეხვევა.

ლუკა დერეფანში ჩადის, გაწივებულ ნაკვერჩხალს აღვივებს, ყალიონს აწყობს და ოთახის ჩაგმანულ კარს შინაურივით აღებს.

ჩამქრალი კერიის ახლოს, ჯეჯიმგადაფარებულ ტახტზე ჩალხო წევს, მოკლე ნაბადი მხოლოდ მკერდამდის ფარავს, თავქვეშ სიპი ქვა უძევს, აქვე სამფეხაზე ბჟუტავს სანთელი. სანთლის მკრთალი ნათელი აჩენს ჩალხოს გაყვითლებულ თითებს, თეთრ თმა-წვერს, ნიაღვრისაგან ჩამორეცხილი ფერდობივით დაღარულ შუბლს.

ლუკას უკვირს, რომ ჩალხო გამტკნარებული წევს, დიდრონი მკლავები გულზე დაუკრეფია, ტივის მორებივით შეკრული მუხლები გახევებული დაუყრია გამხმარ ფიცარზედ.

უკვირს ლუკას და ცდილობს მომხდარში გაერკვეს. უახლოვდება ჩალხოს, უნდა ხელით შეეხოს იმის მხარს, კრთება, აკრთობს ნაწყვეტ-ნაწყვეტი ბგერები, რომელიც კუთხიდან ისმის.

– დავიღუპეთ ლუკავ, დავიღუპენით, – ქალთამზე ჩალხოს დედაკაცი გულ-მკერდს იმჯიღავს და მწუხარების ნიშნად, ორივე ხელს მუხლის თავებზე იცემს.

ლუკა გაოგნებულია. ქალთამზე უყვება, რომ ჩალხო მაყრებს დახვდა, დასხა, თვითონაც აებ-გაება მექორწილეებს, მერე დაბლა ჩამოვიდა, ქალთამზეს უთხრა: ავადა ვარ უნდა, დავწვეო. მიწვა ტახტზე და ვიდრე ქალთამზე დასამიწი ხელებით ნაბადს მიაფარებდა, მოასწრო ეთქვა: ჯარზე არ აიშალონო და მიაბარა სული უფალს.

ქალთამზეს შეცხადება ვერ გაუბედავს, მხოლოდ ბერიკაცებისთვის გაუნდვია ჩალხოს დაღუპვის ამბავი, იმათ ჩალხო გაუპატიოსნებიათ და გადაუწყვეტიათ, ვიდრე ნეფე-დედოფალს გვირგვინს არ აჰხდიან, მიცვალებული უნდა შევინახოთო. კერიაზე ცეცხლი ჩაუქრიათ, კარი გამოუჯარავთ და ქალთამზესთვის სახვალიო რიგის მზადების ნება მიუციათ.

ჩალხოს სიკვდილი მაინც არ დამალულა. მაყრებს შეუტყვიათ ოჯახში დატრიალებული უბედურების ამბავი, მაგრამ საიდუმლო შეუნახავთ, ლხინი არ მოუშლიათ. ოჯახის გარდაცვლილი უფროსის სადღეგრძელო: გაუმარჯოს! გაუმარჯოს! – ძახილით შეუსვამთ.

ლუკა დამწუხრებულია. უსმენს ქალთამზეს და აღარ იცის შვილის ბედნიერება მიულოცოს თუ მეუღლის სამძიმარი უთხრას, ფიქრობს და ვერ გადაუწყვეტია. სანუგეშო სიტყვები კი თავისთავად ცვივა. ქალთამზე უხმოდ იცრემლება ჩიქილის ყურში, გულისყურით უსმენს, თუმცა კი უწადინოდ ემორჩილება ლუკას რჩევა-დარიგებას. თავდახრილი გარეთ გადის.

ლუკა მარტო რჩება ცხედართან, ჩალხოს უეცარი სიკვდილით აღგზნებული იმისი გონება, სრულიად იმორჩილებს სხეულის ნებას და ისიც ანგარიშმიუცემლად დააბოტებს ოთახის ერთი კუთხიდან მეორე კუთხისკენ, ფიქრობს ჩალხოზე. ჩალხოს სახე, მიცვალებულის თავთან დანთებული სანთლის ალივით, ხან თვალწინ პარპალებს, – ლუკა ამ დროს განზე იყურება, – ხანაც ჩრდილივით უკან მისდევს და წარსულში ახედებს. იქ კი ჩალხო ხან ბანზე დგას, ხან ეზოში ტრიალებს, ცხენს კაზმავს ან ხარებს თივას უყრის. ლაპარაკობს, შეუსვენებლად ლაპარაკობს, წუხს ქვეყნის უსამართლობაზე, წუხს თავის სიბერეზედ: ეს ოხერი, დიდი ჭირი ყოფილაო: და მაინც გულმაგრად ებრძვის ამ წუთისოფლის უგრძნობელობას.

კედელზე ჩალხოს მათრახი ჰკიდია, უძმოს-ძმის ერთადერთი ამხანაგი უსამართლობასთან ბრძოლაში. ლუკას ახლაც ჩაესმის იმისი შოლტების ტყაშუნი, სისხლიან კვალს რომ ტოვებდნენ მოწინააღმდეგის სხეულზე.

მრავალი ასეთი კვალი და ნიშანი ჩალხოსთვისაც დაუმჩნევია ცხოვრებას. აი, ჭრილობა, მარცხენა მხრიდან მარჯვნისკენ რომ სერავს სახეს, ორ-სამგან ჩამტვრეული ცხვირი, ნახევრად ჩამოთლილი წარბი, ჯვარედინად დასერილი ნიკაპი, ნახმლევი ტანი, რომელიც საუკეთესო საბუთია ჩალხოს განვლილი ცხოვრებისა.

დღეს კი, ჩალხო თავის გათლილ ტახტზე ასვენია. სულ მუდამ წაღმა-უკუღმა მოტრიალე მუშტები გულზე უწყვია, თუმცა ისე ძლიერად შეუკუმშავს, თითქოს ისევ ვიღაცას ემუქრება, თითქოს აი, ახლა წამოიწევს, წამოდგება და იმისი მჭექარი ხმა ისევ ახდის ბანიან ჭერს: “არ მოვკვდი, არა, ცოცხალი ვარ და დედებს ვუტირებ ყველას, ვინც ბეჩავ კაცს იჩოლფოტებს.

ლუკა ფეხზე დგება და მიცვალებულს ზევიდან დაჰყურებს, ცალი თვალი უშტერდება, გაქვავებულ მაჯას ხელით ეხება, სიცივე ნელ-ნელა გადმოდის იმის სხეულში, წყდება აზრი, რჩება ფიქრი სიტყვების გარეშე და ეს უსიტყვო განცდა უფრო ცხადად აგრძნობინებს, რომ ჩალხო რაღაც დიდ ყოვლისმომცველ ძალასაა დამორჩილებული.

თანდათან ქრება სიცოცხლეშივე ხედ და ქვად ქცეული, ახლა ამ უხილავი ნებით ხელფეხშეკრული ჩალხოს სხეული. აღარ ისმის სულ მუდამ უმინდოდ ფქვისგან გალეული წისქვილის დოლაბის ხმა. მხოლოდ მატყლის ფთილასავოთ მსუბუქი ხსოვნა დაფარფატებს სახლის ბნელ კუთხეებში, ნატრობს ერთ წვეთ ცრემლს, მუჭში ჩაკარგულ უხმო ქვითინს, რომ გაცდეს ამ ბნელ ჯურღმულს, გადაუაროს წიფლის ხეებს, სათიბებს, მწვერვალებს და ჩალხოს მოურჩენელი ტკივილიც თან წაიღოს.

ლუკას არ აშინებს მიცვალებული, ადრეც ბევრჯერ გაუთევია სხვებთან ერთად ღამე. მაშინ შენდობასა და ახლად შესვენებულის ქებაში ილეოდა დრო. ახლა კი როგორ გაიწელა, თითქოს ჩალხო ეპოტინება წყვდიადს, არ უშვებს ღამეს, რომ გათენებამ არ დაამოწმოს ის სამწუხარო სინამდვილე, რომელიც სიზმრისეულ ჩვენებას უფრო წააგავს...

მართლაც, ლუკა ღამით მოვიდა ქორწილში, ლხინში და დღეგრძელობებშიც დიდი ღამე გაილია, მერე ბანზე იდგა, დერეფანშიც... რომ არა ქალთამზეს ცრემლი, რომ არა ეს უსიცოცხლო ცხედარი, რომელსაც ხელით ეხება, შესაძლოა ყველაფერი მართლაც დაუჯერებელი სიზმარი ყოფილიყო. ისინიც, იქ რომ არიან, ზოგი კალოში, ზოგიც ბანზე, ზოგიც სიბნელეში დააბოტებს. ქალთამზემ თქვა ყველამ იცისო, მღერიან, მხიარულობენ, ბერიკაცებს რაღა ღმერთი უწყრებათ? ან დედაკაცებს რამ გაუშროთ ცრემლი?... იქნებ?... ჰო, ფშავლებს უყვართ სიცილი, თავშესაქცევი ამბის სანახავად ათ ვერსზეც არ დაგზარდებიან წამოსვლას. ხომ არავინ ცდილობს ეს ღამისთევაც სალექსოდ გახადოს?

ლუკა ჯვალოს აგლეჯს სარკმელს, გაფაციცებული გასცქერს მთის წვერებს. იქიდან უნდა დაიძრას ცისკარი. არ ჩანს. ახსენდება: ჯერ მამალსაც არ უყივლია, ჯერ ძაღლებიც არ დამცხრალან, გარედან – მათი ღავღავი, ერდოდან – გაძლიერებული სიმღერის ხმა გუბდება ოთახში.

დაგუბებული ეჭვი ერთბაშად ამტვრევს თხელ ნაჭუჭს. ლუკა ნელ-ნელა უახლოვდება მიცვალებულს, სანთელს ანათებს, იხრება, გულისცემას აყურადებს. ჭრიალებს ძალადამდგარი ტახტი, ირწევა ჩალხოს გაცრეცილი ახალუხის ღილ-კილო, ვეება ჩრდილები დააბოტებენ სახლის ბნელ კუთხეებში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გარეთ კი ქორწილი გრძელდება, ღვინო უცეცხლოდაც დუღს. მთვრალი მაყარი კი ადიდებულ მდინარესა ჰგავს: იმღვრევა, ხასიათს იცვლის, ჩვეულებას ღალატობს, კალაპოტიდან გადმოდის და უნაპიროდ იშლება.

მისი აღელვებული გულისთქმა ვეღარა გრძნობს მიჯნას და თავდავიწყებას ეძლევა.

მან დიდი ხანია დაკარგა რეალობის შეგრძნება, ამიტომ უანგარიშოდ სვამს, წაქცევამდე ცეკვავს, ბოლო ამოსუნთქვამდე ჩხუბობს, და ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირის, აყრუებს ხეობას.

ის ჯერ ქორწილის მაყარია, მოცეკვავე, მომღერალი და უდარდელი, მაგრამ როდემდე გასტანს ლხენით სიმთვრალე?

მან იცის, რომ ღამე დიდ საიდუმლოებას ინახავს. ამიტომ ღამეს ეშურება, აშინებს გამიფხიზლება და დღის სინათლე, რომელიც სინამდვილეს დაუბრუნებს, ლხინის მაყარს ჭირის მოზარედ აქცევს.

სიკვდილის ხილვა დაიმორჩილებს იმის აღელვებულ გულისთქმას, ჩაუკლავს ჟინს, დაასუებს, დააზავებს საკუთარ თავს.

ჯერ კი ღამეა და ქორწილი მხრებში იშლება. საბძელს, სათივეს, ეზო-ყურეს ეპატრონება. ერთგან თუ ცეკვავს, მეორეგან ჯიხვის ყანწსა სცლის, მესამეგან ჩხუბობს, მეოთხეგან მტერს ურიგდება.

მექორწილეთა ერთ ჯგუფს, რომელთაც ჯერ კიდევ ფხიზლად მიჰყავთ ლხინის წეს-რიგი, ახალგაზრდები ნეფე-დედოფალს სტაცებენ.

ბანზე იშლება საცეკვაო, ხელგაშლილი გადმოდის ვაჟის მაყარი, ქალის მხარე აქეზებს. ქორწილის წესი პატარძლის ცეკვას ითხოვს.

ისიც თავდახრილი შემოდის წრეში, მკლავები მხრების სიმაღლეზე მოაქვს გაშლილი. თითები დახრილია, მხოლოდ ნეკი იბზიკება ცისკენ, თითქოს მხოლოდ ის ცეკვავს, ის ემორჩილება გაძლიერებული ტაშის რიტმს.

– ტოში, ტოში!

ტრიალებს პატარძალი, იმის სანახავად გამორბიან ქალები, იღვიძებს სათივე, საბძელი, ფხიზლდება ქორწილი და მატულობს სანახაობა.

– აბა, დედავ, შვილის ქორწილში უნდა გაცეკვო, – ჯოხზე დაყრდნობილ ქალთამზეს მთვრალი მაყარი საცეკვაო წრისკენ მოახანხალებს.

ვიღაცა მხრებზე მოხვეულ შალს სტაცებს, სხვა ჯოხს ართმევს ხელიდან.

წონასწორობადაკარგული გაშლილი მკლავებით ეპოტინება ჰაერს. გასასვლელის ძებნაში უნებურად ტრიალებს. გზას არ აძლევენ, ახლა სხვა მხარეს მიდის, ისევ ხელგაშლილი, ველ-მინდვრებზე სიარულს შეჩვეული ფეხები თავისთავად მისრიალებენ. ცეკვავს ქალთამზე, მოძრაობა ასწრაფებს აზრს. გონება დასტრიალებს სიკვდილ-სიცოცხლის გამოცანას. ითვლის ფიქრს, როგორც წინდის ჩხირით ამოყვანილ თვლებს, უმატებს; მერე ისევ ითვლის, ამოჰყავს ახალ-ახალი, მოჰყვება ძაფი, გორაობს უცნაური გორგალი ბედ-იღბლისა, წერა-მწერლისა. უნდა გაჰყაროს ერთმანერთს იღბალი და ფათერაკი, უნდა ხურჯინის ცალ-ცალი თვალივით სხვადასხვა მხარეს გადაჰკიდოს, თავ-თავისი ადგილი მიუჩინოს ბედნიერებას და უბედურებას. გრძნობს, რომ ამაოა ამგვარი ცდა, რადგან შვილის ბედნიერება და ჩალხოს დაღუპვა ერთმანერთს დაესწორა. სჩანს, ასე იყო დაწერილი, ვერც თვითონ გაჰყრის. გვირგვინოსან შვილს რომ უყურებს, ჩალხოს ცხედარს ხედავს. ან კი როდის ყოფილა, ბედნიერებაში უბედურების წილიც არ ერიოს... ქალთამზეს ფიქრის ძაფი უწყდება, ერთი მეორის მიყოლებით იშლება თვლები, ირღვევა ნაქსოვი. ისევ ცდილობს შეაკოწიწოს... წრიდან გამოსული ერდოსთან იკუნჭება. ახლა უფრო გულმოდგინედ გამოჰყავს თვლები, ნაშალსაც აქსოვს ახლად გამონასკვულს. ჩამომჭკნარ სახეზე მოგორავს ცრემლი. ალბათ სიხარულისაა. მერე მწუხარებისას დაღვრის. დააცდის ცხოვრება, რომ სიხარულისა შეაშრეს? განა გული ერთდროულად არ იტევს ორივე გრძნობას. ენას რაღა უშლის, რომ ორივესი თქვას? იქნებ ლუკასავით ცალი თვალიდან სულ მუდამ ცრემლი უნდა გდიოდეს, ხოლო მეორე გიცინოდეს, რომ ერთდროულად ბედნიერიც იყო და უბედურიც. იქნებ ეს არის ხურჯინის ორი თვალი, ერთმანერთის საპირწონე, რომელიმე მათგანმა რომ არ გადაძალოს, რომ ადამიანი ბედნიერებამ არ დააუძლუროს უბედურებამ არ დასცეს.

მაშ რატომ გლოვის ზარს არ იტყვის? რატომ ხმამაღლა არ შეიცხადებს ჩალხოს სიკვდილს? განა გვირგვინნაკურთხი შვილ-რძალის ცრემლი საღვთო მადლსაა მოკლებული? განა მოზარეთა მოთქმა უფრო მისასვლელი არ არის სიკვდილ- სიცოცხლის დამრიგესთან, ვიდრე “თანუნანოს” ღიღინი? განა ცრემლით განათლებული ჩალხოს სული უფრო მოწყალედ არ ილოცებს შვილების ბედნიერებისთვის?

     
         
  მართლაც, პურის ხმელი თავთავივით იფშვნება ეს ამბავი. ცვივა მარცვალი, ზოგი კალთაში, ზოგი მიწაზე, ზოგიც თითებშუა სხლტება და შორს იპნევა.

ოთხმოცი წლის წინანდელ ამბავს მიყვება მოხუცებული. იხსენებს დავიწყებულს, ნანახსა და გაგონილს ერთმანერთში ურევს, საჩვენებელ თითს ინერწყვავს და მარცვალ-მარცვალ აგროვებს გაბნეულს.

რა ბარაქა უნდა დაუდგეს ასეთ შემგროვებელს?

. .. . . . . . . . . . . . . . . . .

არა, არაა საკვირველი თუ ზაფხულის ერთ ღამეს, ჩარგალში, ახალგაზრდა ფშაველის ქორწილში, ამავე სოფლის მკვიდრი ლუკა რაზიკაშვილი სტუმრობდა.

ისიც დასაჯერებელია, რომ სწორედ ქორწილის ღამეს, სამეფოდ გამზადებულ ოჯახს უბედურება ეწვია, გარდაიცვალა ოჯახის უფროსი ჩალხო, მეტსახელად უძმოს-ძმა, სამაყროდ მიპატიჟებულ ლუკას კი უნებლიეთ თუ განგებისად ჭირისუფლობამ მოუწია. თუმცა, მიცვალებულის შენახვამ თუ დამალვამ ისე გააოგნა, რომ ერთ წამს კიდეც დაეჭვდა მომხდარის სინამდვილეში.

ქრისტეს აქეთ, მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, მსოფლიოს ერთ-ერთ პატარა ქვეყნის პატარა სოფელში ასეთი სურათი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ:

ფშაველი გლეხის საცხოვრებელი სახლი, ქვის ყორეთი შემოღობილი ეზო, ეზოში ვაშლის ხე საჩრდილობლად, ტოტებქვეშ ბანიანი ერდო, ქვევით – ოთახი, გომური, ბაკი. ზევით – ბეღელი, სათივე, კალო. კალოში ქორწილია გაჩაღებული, ოთახის ჩანაცრებულ კერიასთან მიცვალებული ასვენია, სახლის გარშემო უკუნეთი წყვდიადია და ამ უჩვეულო ღამეს ორად-ორი ჭირისუფალი – ლუკა, რომელიც თეთრად უთენებს მიცვალებულს, ოთახის ერთი კუთხიდან მეორე კუთხისკენ დააბოტებს და ქალთამზე, რომელიც ერდოსთან მიკუნჭულა, რადგან ადათი უკრძალავს გარდაცვლილი ქმრის საწესო ღამისთევას. ერთი – უხმოდ, მეორე ჩუმი ქვითინით დასტირის ახლად შესვენებულის ცხედარს.

ბავშვობაში განცდილ ამ სურათზე გაყინულა მოხუცებული ფშაველის მზერა, სხვა არაფერი ახსოვს, იქნებ არც უნახავს? წყდება თხრობა... დაუსრულებელი ამბავი კი ისე ითხოვს გაგრძელებას, როგორც გაუთენებელი ღამე ელის მამლის ყივილს ან ცისკრის ვარსკვლავს.

მაგრამ, თავისთავად ხომ ვერ გათენდება? უთუოდ რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც განსაკუთრებულმა, გმირულმა მოქმედებამ უნდა გაფანტოს ღამის წყვდიადი. ლუკამ უნდა აიღოს თავისთავზე ეს მისია. ლუკამ უნდა დაუმტკიცოს მომავალ თაობას, რომ პოეტი /თანაც გენიალური/ არა მარტო აზროვნებს განსხვავებულად, არამედ მოქმედებს კიდეც, რადგან მხოლოდ განსხვავებული, გამორჩეული მოქმედება იმსახურებს საყოველთაო თანაგრძნობასა და სიყვარულს, მხოლოდ საზოგადოების მორალისა და ზნე-ჩვეულებისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს მკითხველის ცხოველ ინტერესს და პატივისცემას.

განა ასე არ იქცევიან მისი მარტოსული გმირები? ემორჩილებიან რა ირაციონალური იმპულსის კარნახს, არად აგდებენ აკრძალვის ზღვარს, აშკარად უპირისპირდებიან ტოტალურად დამრთგუნველი იდეოლოგიით შეკრული საზოგადოების ქცევის ნორმებს, თვითონ, თავისი ხელით სწირავენ კურატს ურჯულოს სულის მოსახსენებლად, მასპინძლობენ ძმის მკვლელს, მღერიან ჭირის სუფრაზე და ტირიან იქ, სადაც სხვები მხოლოდ მხიარულების მიზეზსა ხედავენ.

ჰოდა, ლუკამაც უნდა გადალახოს სოფლის მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის დაწესებული საზღვარი, რადგან ახლა ისიც პერსონაჟია, ზეაღმავალი გმირია ჩვენი საუკუნის ეპოსისა. უნდა დაარღვიოს ადამიანების მიერ დაწესებული სამართალი, უმრავლესობის მიერ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ქცევის ნორმა, რომელიც ხელს უშლის სიუჟეტის, ამბის განვითარებას.

თუმცა არავინ იცის, რა უფრო მოეწონება დღევანდელ, ცნობიერ და არაცნობიერ ფსიქიკათა შინაარსში გარკვეულ ელიტურ მკითხველს, – ჩამოხსნას ლუკამ კედლიდან ჩალხოს მათრახი, მოზეიმე ხალხს გაერიოს და ამ მათრახით გამოაფხიზლოს თავდავიწყებაში ჩავარდნილი მაყრის დაძინებული სინდისი?

თუ სამგლოვიარო გვრინი თქვას, გაკივლებასავით ტირილის ხმაზედ რომ იმღერება, საქვეყნოდ გააცხადოს სიკვდილი, აშალოს ჯარზე მსხდომი მექორწილენი და საჭირისუფლო თალხით შემოსოს გვირგვინმოუხდელი ნეფიონი.

ლუკას ამგვარი მოქმედება აუცილებლად ხალხის აღშფოთებას გამოიწვევს. მცირე საბაბიც საკმარისი მიზეზი გახდება, რომ ლუკას მომავალი საბედისწეროდ დაუახლოვდეს მისი გმირების ბედს. ისევ შეიყრება აღელვებული თემი, აისხმება დროშიონი, ხევისბერი დაარისხებს ერთობის დამრღვევს, პირის მტეხელს, ხალხი გულიდან ამოიგლეჯს, დასწყევლის მოკვეთილს.

განა ეს ბედი ლუკასთვისაც სასურველი არ უნდა იყოს? უარი თქვას საზოგადოების რიგით წევრობაზე, ჯოგური ცხოვრებით მონიჭებულ უპირატესობაზე, დაგმოს ადამიანებთან ადამიანური ცხოვრების მთელი ამაოება, დაადგეს განკერძოების, განკაცების ამაღლებულ მიზანს – ზეკაცობისკენ მიმავალ გზას, რომელიც ერთადერთი ბილიკია პიროვნული სრულყოფისაკენ.

დაწყევლილი და შეურაცყოფილი, მოკვეთილი და ყველასაგან მოძულებული, ტიტანური ძალისხმევით გაარღვევს ბედისწერის რკალს, განჭვრეტს პიროვნების კოსმიურ არსს და უკვდავებასთან წილნაყარი მიაღწევს ერთადერთობისა და განუმეორებლობის იმ მიჯნას, რომლის მიღმა სრულქმნილი სამყარო იწყება.

ალბათ ასე განვითარდებოდა მოქმედება, ლუკაში რომ ჩვენი პოეტი, ვაჟა- ფშაველა არ იცნობოდეს. ვაჟამ უკვე იცხოვრა თავისი გმირების ცხოვრებით, იხილა ღირსებაშელახული საზოგადოების შეუბრალებელი მსჯავრი; იცის, რა ტრაგიკულია თემიდან განდევნილი, მოკვეთილი პიროვნების ბედი. მაგრამ ისიც იცის, რომ თითო-ოროლა ადამიანის რევოლუციური თავგანწირვა, რომელიც ხშირად ამპარტავნებით და ქედმაღლობით არის გამოწვეული, ოდნავადაც ვერ ასუსტებს ბოროტმოქმედებას და ბიწიერებას, ვერ სპობს შურს, უსამართლობას, ვერ ცვლის საზოგადოების ცხოვრების წესს, და თუ დღეს სიკეთე მაინც სჯობნის ბოროტებას, ეს იმიტომ, რომ ჭკვიანი ადამიანები ისევ ხალხში ტრიალებენ, იბრძვიან, სხვებთან ერთად იმარჯვებენ ან მარცხდებიან, იზიარებენ სიხარულსა და მწუხარებას და ძალდაუტანებლად სწვრთნიან ხალხის გრძნობა-გონებას უკეთესი წეს-რიგის დასამკვიდრებლად.

საკუთარი ღირსებისა და შესაძლებლობის შეგრძნება ვაჟას ხელს არ უშლის, რომ უბრალო და თავმდაბალი იყოს. ამიტომ არ უყვარს გამორჩეული, თემისაგან განდგომილი, მოვალეობის შემგინებელი ზეკაცი, რომელიც მხოლოდ სუსტს, უსუსურს და მეწვრილმანე ადამიანს ენატრება. ამიტომ ვაჟას ცხოვრების ბოლომდე ლაშარის გორზე ვხედავთ; ვხედავთ საფიხვნოზე, სოფლის ჭირ-ვარამით შეწუხებულს, თიანეთში – მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობის მაძიებლად, შირაქში – მთიელთა ბარში ჩასახლების ორგანიზატორად და მათი იურიდიული უფლებების დამცველად.

     
         
  ჩალხოს კარ-მიდამოში კი თენდება, თავისთავად თენდება. ამომავალი მზის ნათელი აფხიზლებს მთვლემარე მაყრებს. გვირგვინახდილი ნეფე-დედოფალი სამძიმარზე სხდებიან, ქალთამზე ზარს ამბობს. შაოსანი ქალები სათითაოდ მიდიან ცხედართან, ეყრდნობიან მიცვალებულის ხმალს ან ხანჯალს და მოთქმით ტირიან. იხსენებენ ჩალხოს ცხოვრებას, აქებენ მის კაიკაცობას, იგონებენ თავიანთ მიცვალებულებსაც, ჩვილთა, უასაკოთა, უწილოთა, ხალხისაგან დავიწყებულთა, მზრუნველობას ავედრებენ შავეთისკენ მიმავალს.

კაცები დაკოჟრილ ხელებს ხანჯლის ვადაზე იწყობენ, მეტისმეტი მწუხარებისგან ქვითინებენ, ცრემლს გაშლილი ხელისგულით იწმენდნენ, იგლეჯენ ვიწრო საკინძეს და გულის ამოგლეჯასავით ოხვრას გზას აძლევენ.

ლუკაც აქვეა, სადღაც საბძლის ყურესთან ან დერეფნის ბოლოს, ჯოხს დაყრდნობია, თვალცრემლიანი იზიარებს ჭირისუფალთა დარდს, ხან “ტიჰოჰოს” ძახილით უერთდება საერთო გლოვას, ხანაც სხვა კაცებივით გულმკერდს იმჯიღავს.

მერე პროცესიას მიყვება, დაღმართში ხელს აშველებს დაფერდებულ საკაცეს, მხარზე იყრდნობს, უსიტყვოდ ემორჩილება ჭირისუფლის ნება-სურვილს, სამარეს ასუფთავებს ან აკლდამის კედლისთვის მძიმე ქვებს ეზიდება. უკანასკნელად ეთხოვება უძმოს-ძმას და ცნობისმოყვარეთა მზერას გარიდებული, საყდრის ნანგრევს აფარებს თავს.

მღვდელმა აღასრულა წესი მიცვალებულის გაპატიოსნებისა, მესაფლავენი კუბოსთან ჩალხოს შვილს უთმობენ ადგილს, ის უნდა გამოეთხოვის გარდაცვლილს, გაუმზადოს საიმქვეყნიო საგზალი: წყალი, ცეცხლი, თუთუნი, პირადი ნივთები, რომელიც, მათი რწმენით, აუცილებლად დასჭირდება მიცვალებულს საიქიოში. იგივე რწმენისა თუ ჩვეულების მიხედვით, ჭირისუფალმა რაიმე ნივთი უნდა მოპაროს გარდაცვლილს, რათა იმის მოსაკითხად მრავალჯერ აღსდგეს სამზეოში იმისი სული, სიზმრისეულ ხილვებში ეჩვენოს ჭირისუფალს, მოჰხედოს დაობლებულ ოჯახს, გაუზიაროს თავისი ფიქრი, გააფრთხილოს მოსალოდნელი ხიფათისა თუ უბედურების შესახებ.

ჩალხოს ვაჟი სათითაოდ იღებს მიცვალებულის თავ-სასთუმალთან ჩაწყობილ ნივთებს, ხელიდან ხელში გადააქვს, ათვალიერებს, არჩევს რომელი დაიტოვოს. “საქვეყნო ქურდობაში” სხვებიც მონაწილეობენ: ზოგი დანის მოპარვას ურჩევს, ზოგიც საღვინე დოქს აჩეჩებს ხელში. ლუკას თვალს სტაცებს გრძელშოლტიანი მათრახის ჭრელი ტარი. უნდა, დაიძახოს: მათრახი. უძმოს-ძმის მათრახი არ შეაჭმევინოთ მიწასო. შეიძლება ყვირის კიდეც, მაგრამ იმისი ხმა აღარ ისმის ხალხის ყაყანში. ჩალხოს შვილი კი სხვისი რჩევით თუ საკუთარი გულის კარნახით, ოქროსწყლით დაშიბულ სათამბაქოეს ინახავს ახალუხის გულის ჯიბეში.

დაკრძალვა გვიანობამდე გაგრძელდა, სხვებთან ერთად ლუკამაც სამგზის ჩასძახა სანახევროდ ამოვსებულ სამარეს, “მიწა ხარ და მიწად იქეცო”. თუმცა კარგად იცოდა, რომ იმ ნივთიერებათა შორის /ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა/, რაისგანაც შედგმულ არს სხეული კაცისა, ჩალხოში ყველაზე ნაკლები წილი ამ უკანასკნელისა იყო.