ლევან ბრეგაძე:  შეშფოთებიდან სასოწარკვეთილებამდე

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



ხელოვნების სხვადასხვა დარგი ერთმანეთზე ახდენს ზოგჯერ ნაყოფიერ და ზოგჯერაც უარსაყოფ გავლენას (მაგალითად, მხატვრობა პოეზიაზე და პოეზია მხატვრობაზე, რომანი კინემატოგრაფზე და კინემატოგრაფი რომანზე. მე-18 საუკუნის ევროპაში იმდენად ძლიერი იყო მხატვრობისა და პოეზიის არასასურველი ურთიერთგავლენა, რომ მათი გამიჯვნის აუცილებლობას ლესინგმა ვრცელი ესთეტიკური ტრაქტატი "ლაოკოონი" მიუძღვნა. მას შემდეგ ხელოვნების ახალი დარგები გაჩნდა და უკვე ახალი "ლაოკოონის" დაწერა არის საჭირო. დადებითი გავლენის ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ მწერლების მიერ კინემატოგრაფიული მონტაჟის ხერხის წარმატებით გამოყენება რომანში).

თანამედროვე კინოხელოვნების ახალი მოვლენაა კლიპი (ვიდეოკლიპი), რომელიც სარეკლამო ვიდეორგოლებიდან განვითარდა და ჩვენ თვალწინ ყალიბდება ეპოქისეული განწყობილების ჩინებულად ამსახველ (გამომხატველ) ჟანრად. მისი თაAვისებურებებია: სიმოკლე, აუდიო და ვიზუალური მასალის მეტისმეტად დანაწევრებული დამონტაჟება, კადრების სწრაფი მონაცვლეობა, სპეცეფექტების სიუხვე. საუკეთესო კლიპებისთვის დამახასიათებელია ფონად წამყვანი მოტივის (ლაიტმოტივის) გამოყენება განმეორებული აუდიომასალის (მელოდიის, ფრაზის) ან/და განმეორებული კადრების სახით.

ბესიკ ხარანაულის "სად არიან შვილები, შვილები სად არიან" ვიდეოკლიპის პრინციპით არის შექმნილი. ეს მცირე ლექსი (იგი სულ 24 სტრიქონია) წარმოსახავს გრანდიოზულ უბედურებას, რომელიც საქართველოში დატრიალებულაქარს მიაქვს ყველაფერი (მეტაფორულად: საქართველო ქარად გადაქცეულა: "საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ქარია", "საქართველო, მითხარი, ნუთუ მხოლოდ ქარია", "არ არიან შვილები, საქართველო ქარია". ბგერითი სპეცეფექტი: საქართველო ქარია).

ლექსი იწყება შეშფოთებით შვილების ბედის გამო ("სად არიან შვილები, შვილები სად არიან, / გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია"); ეს შეშფოთება ბოლოს სასოწარკვეთილებაში გადაიზრდება ("არ არიან შვილები, საქართველო ქარია, / ქარია საქართველო, შვილები არ არიან, / დღე არი, არ არიან, ღამეა, არ არიან, / ქარია, არ არიან, არ არიან, ქარია". ფრაზათა მრავალჯერადი გამეორება, მთელ ლექსში და, მეტადრე, ახლახან ციტირებულ ბოლო ოთხ ტაეპში, ხაზს უსვამს ლექსის ლირიკული გმირის შფოთვასა და სასოწარკვეთას, რაც კიდევ უფრო გაძლიერებულია ბგერითი სპეცეფექტით: მრავალგზის გამეორებული სიტყვების "არიან", "ქარია" მსგავსი ჟღერადობით).

შეშფოთებასა და სასოწარკვეთას შორის გაიელვებს შვილების ძებნის ამსახველი კადრები. ლირიკული გმირი ეძებს მათ მკვდრებში ("ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია"), ციხეში ("მიველ, ციხე გავტეხე [ვიზუალური სპეცეფექტი. – . .], არ არიან, ქარია"), ეძებს ვეფხვებად წარმოსახულთ (კვლავ ვიზუალური სპეცეფექტი, ტრადიციული ტერმინოლოგიითმეტაფორა): "სად არიან ვეფხვები, ლერწმიანში არიან, / ლერწმიანში ქარია, / ვეფხვები არ არიან". გაიელვებს გოგონას სახე, რომელსაც დაკარგული ბიჭისთვის ვერ მოუსწრია თქმა, რომ უყვარდა ("გოგო, ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია, / გზაზე გამოეკიდე, არ არიან, ქარია"). ეს კადრი იმის მიმანიშნებელიც არის, რომ დაკარგულ შვილთა ერთი ნაწილი, როგორც ჩანს, ფრონტზე მიეშურება.

მიმართავს ვიღაცას, უსახელოს, ანონიმს: "სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა" (ვის აბარია ჩვენი შვილები, მას შემდეგ, რაც შინიდან გავლენ?), ანონიმი, ეტყობა, პასუხს ვერ იძლევა და ლირიკული გმირი აგრესიული ხდება: "საყელოზე მოგწვდები, შვილები სად არიან".

და ამათ შორის კიდევ ერთი მიმართვა ანონიმისადმი: "იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარეა, / იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია" (ექვსი ორ სტრიქონში:  საელობაზე, , არეა, ესაც, ომ, მოსამარია, ანუკიდევ ერთი ბგერითი სპეცეფექტი, ტრადიციული ტერმინოლოგიითალიტერაცია, რაც ხრიალის, ქარში სირბილით ხმაჩახლეჩილი კაცის მეტყველების შთAაბეჭდილებას ქმნის). ეს მიმართვა, თითქოსდა მოულოდნელი, თითქოსდა უადგილო, ერთი მხრივ, კვლავაც ლირიკული გმირის სასოწარკვეთილებაზე მეტყველებს, მეორე მხრივ კი, მინიშნებაა  ჯარისკაცის სავალალო ბედზე ომის შემდეგ.

ყველა ტაეპი ერთმანეთს ერითმება ერთი საერთო რითმით (ამას მონორიმი ეწოდება), რითმად ცხრაჯერ არის გატანილი ლექსის უმთავრესი სიტყვა "ქარი" და ამდენჯერვეზმნა "არიან". რითმათა სისტემაც (ყველა სტრიქონის მონორიმული გარითმვა) და სარითმო სიტყვებად ერთი და იმავე ლექსიკურ ერთეულთა მრავალჯერადი მობრუნება ქარბორბალას ასოციაციას ბადებს. ხოლო თვით ქარი, ლექსის მთავარი "პერსონაჟი", ადვილად ასოცირდება ომის, სიდუხჭირის, სულიერი შეჭირვების შედეგად დატრიალებულ უბედურებასთან, რომელსაც "შვილები" მიმოუფანტავსფრონტებზე, უცხოეთში, საპატიმროებსა თუ სასაფლაოებზე...

ბესიკ ხარანაული სალექსო ფორმის გრძნობის არაჩვეულებრივი უნარით გამოირჩევა, რაც ახლებური სათქმელის შესატყვისი ახლებური ფორმის მოძებნას გულისხმობს უპირველეს ყოვლისა ("არავინ შთაასხის ღვინოი ახალი თხიერსა ძუელსა"), ეს კი, თაAვის მხრივ, დროის (ეპოქის) რიტმისა და აზროვნების ყაიდის გრძნობასთან არის დაკავშირებული. მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს დაიწერა ეს ლექსი, ჩვენი აზრით, საუკეთესოდ გამომხატველი შფოთვის და სასოწარკვეთილების იმ გრიგალისა, მილენიუმის ბოლო ათწლეულში რომ დატრიალდა მზიურ, მანამდე თითქოსდა იდილიურ საქართველოში.

 2010 .