ლევან ბრეგაძე:  თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



 

იოვანე საბანისძისაბოს წამებაშიერთი ასეთი პასაჟია: ქრისტეს სჯულზე მტკიცედ მდგარი აბოჭკუაზე მოსაყვანადუკანასკნელად უნდა მიჰგვარონ საპყრობილედან არაბ ამირას. ხელ-ფეხზე ბორკილდადებული ტყვე შუა ქალაქში გაატარეს ყველას დასანახად. ნაცნობები ცრემლად იღვრებიან მისი შემხედვარე, ხოლო თვითონ აბომივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკუდარსა, ეგრე ხედვიდა თვისსა მას გუამსა; და სულითა თვისითა მოგზაურ ქმნული თვით იტყოდა ფსალმუნსა ამას ას და მეათრვამეტესა...”.

 
 ამ პასაჟის გამო გრივერ ფარულავა წერს: „ჩვენ წინაშეა დახვეწილი პოეტური სახე სასიკვდილო ეშაფოტზე მიმავალი კაცის სულის მოძრაობისა (...). მოწამის სულში მთელი არსების შემძვრელი ზმანება დაბორიალობს: იგი ისე მიდიოდა, როგორც ვინმე მიაცილებს სამგლოვიარო პროცესიას, ასევეჰხედვიდა თვისსა მას გუამსა”. და ასე, საკუთარი გვამის სულიერ თანამგზავრადქმნული თვით იტყოდა ფსალმუნსა”. ეს არის პოეტური ნათელმხილველობის იშვიათი ნიმუში არა მხოლოდ ქართული მწერლობის მასშტაბით”.

 
 გრივერ ფარულავას ამ დაკვირვებას გამოეხმაურა აკაკი გაწერელია:


 „აბო წინასწარ ხედავს საკუთარ ცხედარს და მისი, ცოცხალის, სული ლოცულობს თავისსავე გვამზე, რომელსაც ეს-ესაა ფერფლად აქცევენ.

 ახალგაზრდა მკვლევარის ეს მიგნება მთელ გამოკვლევად ღირს. ამას ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით. ჩვენ არ ვიცით არც ერთი (ვიმეორებთარც ერთი!) პასაჟი თვით სტერნთან, თომას მანთან ან ჯოისთან, რომელიც მოტანილი ეპიზოდის მსგავსი ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოსცემდეს პერსონაჟის ცნობიერების ირრაცინალურ ვითარებას. ესმხატვრული აბსტრაქციის უკიდურესი ზღვარია, ესთეტიკურად გამაოგნებელი” („ლიტერატურული საქართველო”, 10.10.1969).

 
 ახლა მე-20 საუკუნეში დაწერილ ერთ წიგნში ჩავიხედოთ.


 ნაცისტების მიერ დევნილი, ემიგრაციაში მყოფი შტეფან ცვაიგი თავის უკიდურეს სულიერ შეჭირვებაზე მოგვითხრობს მემუარების წიგნშიგუშინდელი მხოფლიო”. თავისი დროის ერთ-ერთი უპოპულარესი, სვებედნიერი მწერალი ერთბაშად კარგავს ყველაფერს, რაც მისთვის ასე ძვირფასი იყო - სახლ-კარს, სამშობლოს, მეგობრებს... განადგურებულია მისი წიგნების მილიონობით ეგზემპლარი; შტეფან ცვაიგის ნაწარმოებების გამოცემა აკრძალულია არამარტო მის მშობლიურ ავსტრიასა და გერმანიაში, არამედ საფრანგეთშიც, იტალიაშიც, ბევრ სხვა ქვეყანაშიც, სადაც მას ცოტა ხნის წინ უამრავი მკითხველი და თაყვანისმცემელი ჰყავდა. თუ პრესაში რამე იწერება მასზე, მხოლოდ და მხოლოდ ლანძღვა-გინება... და როცა იგი ყოველივე ამას გვიამბობს, ასე გვიხატავს თავის სულიერ მდგომარეობას:

 „დღეს მე, ვითარცა მწერალი, იმ ადამიანს ვგავარ, რომელიც, როგორც ჩვენი გრილპარცერი ამბობდა, „ცოცხლად მიაცილებს თავის საკუთარ ცხედარს” („...lebend hinter seiner eigenen Leiche geht”).

 
 სახე თუ ხილვა, ასე რომ დამახსოვრებია შტეფან ცვაიგს და შემდეგ თავისი უმძიმესი სულიერი მდგომარეობის დასახასიათებლად გამოუყენებია თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დაწერილ მემუარებში, ზუსტად ის არაჩვეულებრივი ირაციონალური სახეა, რომელიც იოვანე საბანისძეს თავისი პერსონაჟის სულიერი მდგომარეობას გადმოსაცემად გამოუყენებია ფრანც გრილპარცერზე (1791-1872) ათი საუკუნით ადრე!

 
 ივანე ამირხანაშვილმა გამოჩენილი ამერიკელი მწერლის, სამეცნიერო ფანტისტიკისა და ფენტეზის ჟანრის საქვეყნოდ ცნობილი თხზულებების ავტორის რეი ბრედბერის (1920-2012) მოთხრობაშიკალეიდოსკოპიმიაგნო ზუსტად იმავე ფანტასტიკურ სახეს, რომელიც მე-8 საუკუნის ქართველ მწერალთან გვხვდება:


 „ორბიტაზე რაკეტა ფეთქდება და კოსმონავტები ღია სივრცეში გაიფანტებიან. ავტორი აღწერს ერთ-ერთი განწირულის - ჰოლისის განცდებს და წერს: „ის თითქოს განუდგა საკუთარ სხეულს და გვერდიდან შეჰყურებდა, როგორც უცხო საგანს”. ზღვრულ სიტუაციაში მყოფი ადამიანის თვითობიექტივაციის ზუსტად იგივე ფიგურა თორმეტი საუკუნით ადრე აქვს გამოყენებული იოანე საბანისძეს“ („სჯანი” 12, 2011, გვ. 9).


 რაოდენ თანამედროვედ ჟღერს იოვანე საბანისძის მიერ პერსონაჟის განსაკუთრებული სულიერი მდგომარების გამოსახატავად გამოყენებული ეს მხატვრული სახე ნათლად შევიგრძნობთ, როდესაც ტერენტი გრანელის ამ ლექსს წავიკითხავთ:

 
 „წუხელ სიზმარში მიმიძღოდა ჩემი ცხედარი,

 და მივდიოდი, მივკიოდი საშიშ ქარიშხალს.

 ზარი რეკავდა: სამარადოდ იყავ ნეტარი!

 წუხელ ანაზდად უკუნეთმა თავი აიშვა.

 . . . . . . . . . .

 წუხელ სიზმარში მიმიძღოდა ჩემი ცხედარი“.

 
 და მე-20 საუკუნის კიდევ ერთი დიდი ქართველი პოეტის ნიკო სამადაშვილის ლექსისჩემი პორტრეტიერთი სტროფით დავამთავროთ ეს მიმოხილვა:

 
 „ბოღმა კვამლივით მედება ყელზედ,

 ირგვლივ რიყეა, უდაბნოს ქვები.

 ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე

 თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები