სმითი ადამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ადამ სმითი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Smith.PNG

სმითი ადამ – (1723-1790) (Smith Adam) – მრავალმხრივ განსწავლული შოტლანდიელი მეცნიერი, კლასიკური ეკონომიკური თეორიის ფუძემდებელი. განათლება მიიღო გლაზგოსა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. ფუნდამენტურად ფლობდა ფილოსოფიას, ეკონომიკას, პოლიტიკურ მეცნიერებებს, მათემატიკას, ასტროლოგიას, იურისპრუდენციას, სოციოლოგიას, შემდგომ კი გახდა გლაზგოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი.

მისი გამოკვლევები მოიცავს პრობლემათა ფართო სპექტრს, რომელთა ნაწილი ეხება ეკონომიკას. სწორედ ეკონომიკურ მეცნიერებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილით დაიმკვიდრა ადამ სმითმა მაღალი რანგის მეცნიერის სახელი. სმითის ცნობილი ნაშრომი „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ (1776) პირველი სრულმასშტაბიანი ტრაქტატია ეკონომიკაში, რომელიც მოიცავს წარმოებისა და განაწილების თეორიებს. ეს ნაშრომი კაცობრიობის სულიერი კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლად არის მიჩნეული, რომელმაც მის ავტორს „ეკონომიკის მამამთავრის“ სახელი მოუტანა. „ხალხთა სიმდიდრის“ მთავარი კრედოა ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალური ჩარევის, მოთხოვნა-მიწოდების კანონის შესაბამისად ჩამოყალიბებული თავისუფალი ფასების საფუძველზე საბაზრო თვითრეგულირების იდეა.

ასეთ რეგულირებას ადამ სმითმა „უხილავი ხელი“ უწოდა. ადამ სმითმა საფუძველი ჩაუყარა შრომითი ღირებულების თეორიას, გამოიკვლია შრომის მწარმოებლურობის არსი და მისი როლი ღირებულების შექმნაში, ჩამოაყალიბა მოძღვრება შემოსავლების შესახებ, შექმნა დაბეგვრის თეორია და ა.შ. იგი უმთავრესად დაინტერესებული იყო ეკონომიკური ზრდის პრობლემებით, რის მამოძრავებელ ძალადაც შრომის დანაწილებას მიიჩნევდა. სმითმა დაასაბუთა შრომის როლი წარმოების ზრდაში, ტექნიკურ პროგრესსა და კაპიტალის დაგროვებაშიც კი. ეკონომიკური ზრდის მეორე ფაქტორად სმითი თვლიდა კაპიტალის დაგროვებას, რომლის საფუძვლად იგი მომჭირნეობას მიიჩნევდა. ეკონომიკური ზრდის მიღწევისათვის აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი სოციალური, ინსტიტუციური და იურიდიული სტრუქტურები და, როგორც სმითი ამტკიცებდა, „ბუნებრივი თავისუფლების ნათელი და მარტივი სისტემა“. ასეთ სიტუაციაში თითოეული ადამიანის მისწრაფება თავისი ინტერესების დაკმაყოფილებისაკენ განაპირობებს საზოგადოების პროგრესს მაშინაც კი, როდესაც ადამიანი არ ისახავს ასეთ ამოცანას. სმითი ეყსმითი რდნობოდა თავისუფალი კონკურენციის სისტემას, რომელიც მოიცავს რეგულირების საკუთარ საშუალებებს და, როგორც შემდგომში დაადგინეს ეკონომისტებმა, შეძლება უზრუნველყოს რესურსების ოპტიმალური ალოკაცია.

მართალია, სმითი იყო Laissez-faire-ის (დაე, წავიდეს თავისი გზით) მომხრე, მაგრამ იგი ანარქიის სასტიკი წინააღმდეგი იყო და გარკვეულ შემთხვევებში აღიარებდა ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობას, მაგალითად, ტარიფების შემოღების გზით მრეწველობის ახალი დარგების დაცვას, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ სამი ფუნქციის (უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამართლიანობის დაცვა და საზოგადოებრივი საქონლის წარმოება) განხორციელებას.

სმითი ეჭვის თვალით უყურებდა კერძო კაპიტალით მონოპოლიების შექმნას, რადგან მათი მეშვეობით თამაშიდან გამოდის კონკურენცია, ამიტომ, მისი აზრით, სახელმწიფოს ამოცანაა კონკურენცია დაიცვას კაპიტალისტებისაგან. ადამ სმითმა მაკროეკონომიკის საკითხების გარდა დაამუშავა მიკროეკონომიკური პრობლემებიც. ის ასაბუთებდა, რომ ფასები განისაზღვრება წარმოების დანახარჯებით. რენტა უფრო განისაზღვრება ფასით, ვიდრე იგი განსაზღვრავს მას. სმითმა შექმნა ხელფასის რამდენიმე თეორია, მათ შორის, მოხმარების ფიზიკური მინიმუმის თეორია (საარსებო მინიმუმი).

ადამ სმითმა გამოიკვლია ეკონომიკური თეორიის სხვადასხვა მიმართულება, აკრიტიკებდა მერკანტილისტებსა და ფიზიოკრატებს და დაასაბუთა საერთაშორისო ვაჭრობის აუცილებლობა. მან შექმნა აბსოლუტური უპირატესობის თეორია. ადამ სმითმა თავისი ცნობილი ნაშრომის 1/4 მიუძღვნა სახელმწიფო ფინანსების თეორიას, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაბეგვრის პრინციპებს მიანიჭა. მან გადადგა პირველი ნაბიჯი თავისუფალი კონკურენციის პირობებში რესურსების ოპტიმალური ალოკაციის თეორიის შექმნის გზაზე. ადამ სმითის მთავარი დამსახურებაა ის, რომ იგი ეკონომიკაში ლიბერალური იდეოლოგიის ბურჯი და კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის სკოლის ფუძემდებელია.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები