ეკონომიკური თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკური თეორია - (economic theory) - განიხილება ვიწრო და ფართო გაგებით. ვიწრო გაგებით - ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების კვლევაში ამა თუ იმ მიმართულების ამსახველი ეკონომიკური თეორია, ფართო გაგებით - ეკონომიკის განვითარების ზოგადი თეორია, მეცნიერება, რომელიც შეისწავლის როგორც ყველა ეკონომიკურ მიმართულებას, ისე ეკონომიკურ კანონებსა და კანონზომიერებებს, იკვლევს არსებით მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ეკონომიკურ მოვლენებსა და პროცესებს შორის. ეკონომიკური თეორია საზოგადოებრივი მეცნიერებაა, ამასთან, როგორც ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ სამუელსონი აღნიშნავს, იგი საზოგადოებრივ მეცნიერებათა მეფეა. მართლაც, საზოგადოებრივ მეცნიერებათა შორის მას წამყვანი ადგილი უჭირავს, ვინაიდან საზოგადოების ანატომიას, მის ეკონომიკურ განვითარებას სწავლობს. ეკონომიკურ თეორიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურის განვითარების კანონზომიერებების აღმოჩენასა და შესწავლაში. ეკონომიკა ნებისმიერი საზოგადოების არსებობის საფუძველია, საზოგადოებას კი უამრავი ბიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილება აქვს, რომლებიც სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების მოხმარებას უკავშირდება. ამ საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად აუცილებელია როგორც ბუნებრივი (მიწა, მინერალური სიმდიდრე და ა.შ.), ისე წარმოებრივი რესურსების (მანქანა-დანადგარები, ინსტრუმენტები, სამუშაო ძალა, სამმართველო უნარი და სხვ.) გამოყენება. საზოგადოების მოთხოვნილებების ერთობლიობა აღემატება ყველა არსებული რესურსის წარმოებრივ შესაძლებლობებს. მოთხოვნილებები წინ უსწრებს წარმოებას, ამიტომ არის, რომ აბსოლუტური მატერიალური სიუხვე განუხორციელებელი ამოცანაა. რესურსები შეზღუდულია. ყველა მწვავე პრობლემა - ინფლაცია, უმუშევრობა, ბიუჯეტის დეფიციტი, სიღარიბე, გარემოს გაჭუჭყიანება და სხვ. - ორგანულად უკავშირდება შეზღუდული რესურსების გამოყენების ეფექტიანობას. ეს უდავო ფაქტი საფუძვლად უდევს ეკონომიკური თეორიის, როგორც მეცნიერების, განსაზღვრას. შეზღუდული რესურსების გამოყენების პროცესში ჩამოყალიბებული ურთიერთობებისა და კანონზომიერებების შესწავლის რთული ამოცანის შესრულება ისტორიულად ეკონომიკურ თეორიას დაეკისრა.

ამრიგად, ეკონომიკური თეორია შეისწავლის საზოგადოების განუსაზღვრელი მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით შეზღუდული რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზებსა და ოპტიმალური არჩევანის პრობლემას, სხვადასხვა ეკონომიკურ სისტემაში მატერიალურიდა არამატერიალური დოვლათის წარმოების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარებისას ადამიანთა (საბაზრო სისტემაში - ბიზნესის, შინამეურნეობისა და ხელისუფლების) ეკონომიკურ ქცევას. გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა იყოფა მიკრო-, მეზო-, მაკრო- და მეგაეკონომიკებად, თეორიული კვლევაც ამ ნიშნის მიხედვით მიმდინარეობს და ეკონომიკური თეორიაც სტრუქტურულად შემდეგი განყოფილებებისგან შედგება: მიკროეკონომიკური თეორია, მეზოეკონომიკური თეორია, მაკროეკონომიკური თეორია და მეგაეკონომიკური თეორია. მიკროეკონომიკა შეისწავლის ცალკეული სამეურნეო ერთეულების - შინამეურნეობის, ფირმებისა და სამთავრობო დაწესებულებების ეკონომიკურ საქმიანობას; მეზოეკონომიკა იკვლევს ეკონომიკის განსაზღვრულ ქვესისტემებს სექტორული ეკონომიკის სახით; მაკროეკონომიკა ეკონომიკას განიხილავს როგორც ერთ მთლიანს და ანალიზებს ისეთ ფართომასშტაბურ ეკონომიკურ პრობლემებს, როგორიცაა უმუშევრობა, ინფლაცია, ეკონომიკური ზრდა და ა.შ.; მეგაეკონომიკა იკვლევს საერთაშორისო მასშტაბის ისეთ გლობალურ პრობლემებს, როგორიცაა საერთაშორისო ვაჭრობა, საერთაშორისო სავალუტო ურთიერთობები და ა.შ.

სტრუქტურული თვალსაზრისით, ეკონომიკური მეცნიერების ერთ მხარეს არის თეორიული ეკონომიკური მეცნიერება ეკონომიკური თეორიის სახით, ხოლო მეორე მხარეს - ეკონომიკური მეცნიერების ყველა სხვა სფერო, ფუნქციონალური (ფინანსები, ფულის მიმოქცევა, სტატისტიკა და ა.შ.) თუ დარგობრივი მეცნიერებები. ამ მეცნიერებების ფუნდამენტი და მეთოდოლოგიური საფუძველია ეკონომიკური თეორიის, როგორც მეცნიერების, წარმოშობა დაკავშირებულია საზოგადოების სიმდიდრის შესწავლასთან, რაც დასაბუთებულია უილიამ პეტის, ადამ სმითის, დევიდ რიკარდოს და სხვა გამოჩენილ ეკონომისტთა ნაშრომებით, თუმცა, ეკონომიკური მეცნიერების წანამძღვრების ჩანასახი უძველესი პერიოდის აღმოსავლეთის მოაზროვნეთა მოძღვრებებშია მოცემული.

VIII საუკუნის უკანასკნელ მესამედში, როცა ინგლისში აღმოცენდა კლასიკურ-ლიბერალური მიმდინარეობა (კლასიკური პოლიტიკური ეკონომია), მეცნიერების ერთიან სისტემას გამოეყო ეკონომიკა, ეკონომიკური თეორიის სახით, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება. ეკონომიკურ თეორიას, როგორც ეკონომიკური მეცნიერების საწყისსა და დედაბოძს, იმ პერიოდში პოლიტიკური ეკონომია ეწოდებოდა. ტერმინი „პოლიტიკური ეკონომია“ პირველად შემოიტანა სამეცნიერო ლიტერატურაში ფრანგმა მერკანტილისტმა მონკრეტიენმა, რომელმაც ჯერ კიდევ 1615 წელს გამოსცა წიგნი „პოლიტიკური ეკონომიის ტრაქტატი“. ამით მან ახალი ელფერი შესძინა ქსენოფონტის მიერ შემოღებულ ტერმინს - „ეკონომიკას“. სიტყვა „პოლიტიკური“ მონკრეტიენმა პლატონისგან „ისესხა“ („პოლიტიკოს“ ბერძნულია და სახელმწიფოებრივს ნიშნავს). აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ეკონომიის, როგორც მეცნიერების, კვლევის სფერო მთლიანად ქვეყნის მეურნეობის მართვა გახდა.

კლასიკურმა პოლიტიკურმა ეკონომიამ სიღრმისეულად გააანალიზა და სისტემური მიდგომით მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სიმდიდრის წყარო უნდა ვეძიოთ არა ვაჭრობაში, ან მხოლოდ მიწათმოქმედებაში, არამედ მთლიანად წარმოებაში. ადამ სმითის ცნობილი ნაშრომი - „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ (1776) აღიარებულია კაცობრიობის სულიერი კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლად, რომელმაც მის ავტორს „ეკონომიკის მამამთავრის“ სახელი მოუტანა. კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის მთავარი კრედო ეკონომიკის ლიბერალიზაციაა, რაც ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალურ ჩარევას, მოთხოვნისა და მიწოდების საფუძველზე ჩამოყალიბებული თავისუფალი ფასებით ბაზრის თვითრეგულირებას („უხილავი ხელის“ თეორია) გულისხმობს. ა. სმითი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა „Laissez faires“- ის პრინციპს, ანუ ბუნებრივი თავისუფლების პოლიტიკას. კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის განვითარება უკავშირდება დევიდ რიკარდოს სახელს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ეკონომიკის არაერთი სფეროს კვლევაში.

კლასიკური პოლიტიკური ეკონომია საუკუნენახევარზე მეტ ხანს (XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან XX საუკუნის 30-იან წლებამდე) საფუძვლად ედო მსოფლიოს წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკას. კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის ბაზაზე აღმოცენდა სხვადასხვა მიმდინარეობა, ერთ-ერთი ასეთი მიმდინარეობა მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიაა, რომელმაც ფართოდ მოიკიდა ფეხი და საპროგრამო დოკუმენტად იქცა სოციალისტური საზოგადოების აშენების მსურველი ქვეყნებისათვის. მარქსისტულ-ლენინური პოლიტიკური ეკონომია საფუძვლად ედო საბჭოთა კავშირისა და სხვა კომუნისტური ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკას. საქართველოში, ისევე როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, ეს 70-წლიანი ექსპერიმენტი კრახით დასრულდა და ადგილი დასავლურ თეორიებს დაეთმო.

მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიის თავისებური გამოძახილი იყო და სავსებით ეწინააღმდეგებოდა მას ნეოკლასიკური ეკონომიკური მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოს. მის სათავეებთან იდგნენ ე. მარშალი, ო. ბემბავერკი, კ. მენგერი, ფ. ვიზერი, უ. ჯევონსი, ვ. პარეტო, ლ. ვალრასი, ჯ. კლარკი და ა.შ., შემდეგ იგი განავითარეს მ. ფრიდმენმა და „ჩიკაგოს სკოლის“ სხვა წარმომადგენლებმა, ხოლო თანამედროვე წარმომადგენლები არიან ჯ. ჰიკსი, ჯ. მილი, რ. სოლოუ, მ. ბრაუნი და სხვები.

ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია ძირითადად კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის კურსს აგრძელებს. მას სერიოზული დარტყმა კეინზიანური მიმდინარეობის წარმოშობამ მიაყენა. 1929- 1933 წლების ეკონომიკურმა კრიზისმა წარმოაჩინა კლასიკურ-ლიბერალური მიმდინარეობის ნაკლოვანებები და ის წინააღმდეგობები, რომლებიც წარმოქმნა „უხილავი ხელის“ თეორიაზე აღმოცენებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ. მსოფლიოს წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებში დღის წესრიგში დადგა ქვეყნის ეკონომიკის მართვაში ცვლილებების შეტანა. ასეთ ვითარებაში ჩამოყალიბდა ერთერთი ძირითადი მიმდინარეობა ეკონომიკურ თეორიაში, რომელიც კეინზიანელობის სახელითაა ცნობილი. მას საფუძველი ჩაუყარა გამოჩენილმა ინგლისელმა ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინზმა, რომლის ნააზრევი ძირითადად აისახა მის ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ (1936). ამ თეორიის მიმდევრები იყვნენ ს. ჰარისი, ა. ჰანსენი, რ. ჰაროდი და სხვები.

შეიქმნა ეკონომიკის ლიბერალიზაციის საპირისპირო - სახელმწიფო რეგულირების თეორია, რითაც ეკონომიკურ აზროვნებაში რევოლუციური გადატრიალება მოხდა. კეინზმა პირველმა გამოთქვა აზრი კრიზისული მოვლენების თავიდან აცილებისთვის ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობის შესახებ. მისი ვარაუდით, სახელმწიფოს სოციალური ხარჯების გაზრდით, ან გადასახადების შემცირებით, ანდა ორივე ღონისძიების გატარებით შესაძლებელია მოთხოვნის ამაღლება, რითაც გამოცოცხლდება ბაზარი, გაფართოვდება წარმოება და ეკონომიკას დაუბრუნდება სრული დასაქმება. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების თეორიის პრაქტიკაში დამკვიდრებით კეინზიანელობამ უდიდესი როლი შეასრულა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკასა და „ველური“ კაპიტალიზმისაგან თვისებრივად განსხვავებული ახალი, ეკონომიკური თეორია საბაზრო სისტემის ფორმირებაში. აქედან მოყოლებული, კერძო კაპიტალისტური საკუთრების ბატონობაზე დაფუძნებული კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა საკუთრების პლურალიზმზე (საკუთრების მრავალფორმიანობა მისი თითოეული ფორმის თანაბარი უფლებით) დაფუძნებულ საბაზრო სისტემაში გადაიზარდა. სწორედ ამაში გამოიხატება „კეინზიანური რევოლუციის“ არსი. კეინზიანური მოდელი აირჩიეს მსოფლიოს წამყვანმა კაპიტალისტურმა ქვეყნებმა XX საუკუნის 30-იანი წლების ღრმა ეკონომიკური კრიზისის შემდეგ და იგი 70-იანი წლების მეორე ნახევრამდე წარმატებით გამოიყენებოდა ამ ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში. ასეთ სიტუაციაში ეკონომიკური თეორიის წინაშე ახალი ამოცანები დადგა. სრულიად ახალი შინაარსის მატარებელი რეალური ეკონომიკის ფუნქციონირების გამოკვლევისათვის ახალი ინსტრუმენტარიუმის გამოყენების აუცილებლობა შეიქმნა. მომწიფდა ნიადაგი ეკონომიკაში მომხდარი რევოლუციური ცვლილებების ასახვისათვის. ამ პერიოდში ეკონომიკურ თეორიას გამოეყო მისი ერთ-ერთი უდიდესი განშტოება ეკონომიქსის სახით. იგი ახალი ეკონომიკური სისტემის - საბაზრო ეკონომიკის შემსწავლელი თეორია, ახალი სასწავლო დისციპლინაა, რომელიც გაჯერებულია საბაზრო ორგანიზაციაზე ორიენტირებული სამეურნეო პრაქტიკით.

1948 წელს პოლ სამუელსონმა გამოსცა „ეკონომიქსი“, ყველაზე წარმატებული სახელმძღვანელო მსოფლიოში, რომელიც უკვე მეთექვსმეტეჯერ გამოიცა და მის ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა. ეკონომიკური თეორიის ერთერთი ძირითადი მიმდინარეობაა აგრეთვე ნეოკეინზიანელობა, რომელიც აღმოცენდა XX საუკუნის 50-იან წლებში კეინზიანელობის საფუძველზე. ნეოკეინზიანელებმა (ე. დომარი, ჯ. რობინსონი და სხვები) კეინზის თეორია გამოიყენეს მეთოდოლოგიურ საფუძვლად ახალი პროცესების ანალიზისათვის. ისინი ასაბუთებენ ეკონომიკის გრძელვადიანი დაგეგმვის აუცილებლობას. მათ შემოიღეს ინდიკატური დაგეგმვა, რომელსაც საორიენტაციო ფუნქცია დაეკისრა. საბაზრო ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების კეინზიანურ თეორიასა და პოლიტიკაში პრინციპული კორექტივების შეტანამ, რომელიც ეყრდნობა როგორც კეინზიანური, ისე ნეოკლასიკური მიდგომების მნიშვნელოვანი ელემენტების გათვალისწინებას სახელმწიფოსა და ბაზრის ურთიერთობაში, ახალი სიტყვა თქვა ეკონომიკურ თეორიაში XX საუკუნის 90- იანი წლებიდან. ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება „ნეოკლასიკური სინთეზის“ სახით. იგი გულისხმობს ეკონომიკური დაცემის პირობებში კეინზიანური, ხოლო ეკონომიკური აღმავლობისას - ნეოკლასიკური მეთოდების გამოყენებას. „ნეოკლასიკური სინთეზის“ მამამთავრად აღიარებულია პოლ სამუელსონი.

XX საუკუნის 70-იანი წლების II ნახევრიდან დასავლეთის ქვეყნებში თავი იჩინა სახელმწიფოს მეტისმეტი ჩარევის უარყოფითმა შედეგებმა, რასაც მოჰყვა ეკონომიკური ზრდის შენელება და 1974-1975 წლების კრიზისი, ყველაზე ძლიერი 1929-1933 წლების კრიზისის შემდეგ. დაიწყო კეინზიანური თეორიის მოწინააღმდეგეთა თავისებური „რენესანსი”, ხელშემწყობი პირობები შეიქმნა ნეოკლასიკური თეორიის აღორძინებისათვის, რომელიც ითვალისწინებდა მაკროეკონომიკური რეგულირების მექანიზმის შესუსტების საფუძველზე ბაზრისთვის მეტი თავისუფლების მინიჭებისა და ერთობლივი მიწოდების გაზრდას.

ამ მიმართულებამ პრაქტიკული გამოყენება პოვა დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში, თუმცა, ვერ მოხერხდა კეინზიანური თეორიის სრული დისკრედიტაცია. ნეოკლასიკური ეკონომიკური პოლიტიკის გატარებამ გამოიწვია სახელმწიფოს სოციალური ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და სერიოზული პრობლემები შექმნა სოციალური დაცვის სფეროში. გამოიკვეთა ახალი მიმართუმიმართულების შექმნის აუცილებლობა. ეკონომიკაში წარმოქმნილი ახალი მოვლენების გავლენით, ნეოკლასიკოსებმა ნაწილობრივ შეცვალეს თავიანთი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. მათ აღიარეს ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობა, თუმცა, იგი რეგულირების ფულად-საკრედიტო ფორმით შემოფარგლეს.

ნეოკლასიკური თეორიის ძირითადი პოსტულატები აისახა აშშ-ის პრეზიდენტის რეიგანის პოლიტიკაში, რომელსაც „რეიგანომიკა“ ეწოდა, ხოლო დიდ ბრიტანეთში - ტეტჩერის მთავრობის პოლიტიკაში, რომელსაც ტეტჩერიზმი ეწოდა.

XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, განვითარებული ქვეყნების და, პირველ რიგში, აშშ-ის ეკონომიკურ პოლიტიკაში „ნეოკლასიკური სინთეზის“ ადგილი თანამედროვე მონეტარიზმმა დაიკავა. ეკონომიკის რეგულირების კეინზიანური მოდელის წინააღმდეგ განსაკუთრებით მწვავედ გაილაშქრა ნეოკლასიკური მიმდინარეობის ამ ყველაზე გავლენიანმა ნაირსახეობამ. მილთონ ფრიდმენისა და „ჩიკაგოს სკოლის“ სხვა წარმომადგენლების თეორიაზე მორგებული ეკონომიკური პოლიტიკა ითვალისწინებდა მაკროეკონომიკური რეგულირების შესუსტებასა და საბაზრო ძალების გაძლიერებას, სახელმწიფო სოციალური ხარჯების შემცირებას სოციალური პროგრამების შეკვეცის, ხელფასის მინიმალური განაკვეთების „გაყინვისა“ და ა.შ. გზით. მათი აზრით, სახელმწიფო ხარჯები, ერთი მხრივ, ზრდის ბიუჯეტის დეფიციტსა და ინფლაციას, მეორე მხრივ კი, იწვევს შრომის სტიმულირებისა და, აქედან გამომდინარე, წარმოების ზრდის დაცემას. მონეტარისტებისათვის ბაზარი თვითრეგულირების სისტემაა, რომელზედაც ზემოქმედება შესაძლებელია ძირითადად ფულადი მასის მოცულობის რეგულირებით.

ეკონომიკის სტაბილიზაციისათვის საკმარისია სახელმწიფომ გაატაროს აქტიური ფულადი პოლიტიკა და შეზღუდოს ეკონომიკაში ჩარევის ყველა ფორმა, მათ შორის, ნაკლებად გამოიყენოს საბიუჯეტო-საგადასახადო ბერკეტები. „კეინზიანური რევოლუციის“ საპირისპირო ნეოკლასიკური მიმდინარეობის ამ მიმართულებას დასავლეთში „ფრიდმენის ანტიკეინზიანურ რევოლუციასაც“ კი უწოდებენ. მონეტარიზმის ნაკლოვანებებმა მსოფლიო ეკონომიკურ პოლიტიკაში მოკლე პერიოდში იჩინა თავი. 2008 წელს გლობალური ფინანსური კრიზისის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მაკროეკონომიკური რეგულირების მკვეთრ შეზღუდვასა და საბიუჯეტო-საგადასახადო რეგულირების უკანა პლანზე გადაწევაში მდგომარეობს. ამასთან, ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში საკრედიტო რეგულირების შესუსტებამ, თვითდინებაზე მიშვებამ და წინა პლანზე ფულის ფენომენის წამოწევამ გზა გაუხსნა ვირტუალურ ეკონომიკას, რამაც მსოფლიოს ფინანსური კრიზისისკენ უბიძგა. ამაში ფრიდმენის მონეტარული პოლიტიკის ფართომასშტაბიანმა და უპირობო გამოყენებამ უდიდესი როლი შეასრულა. კრიზისი, პირველ ყოვლისა, ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებასა და ერთობლივი მოთხოვნის დაცემაში გამოიხატა. ასეთ სიტუაციაში წინა პლანზე ისევ კეინზიანური თეორიის პოსტულატებმა წამოიწია.

გარდა ზემოაღნიშნული მიმდინარეობებისა, ყურადღებას იმსახურებს ეკონომიკური თეორიის ინსტიტუციურ-სოციოლოგიური მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოს და ჩამოყალიბდა XX საუკუნის 20-30-იან წლებში. მისი წარმომადგენლები არიან ტ. ვებლენი, ვ. როშერი, გ. შმოლერი, ვ. ზომბარტი, ჯ. გელბრეითი და სხვები, რომელთა აზრით მეცნიერულ-ტექნოლოგიურ პროგრესს ევოლუციის გზით მივყავართ უკონფლიქტო საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ. ამ მიმდინარეობის საფუძველზე წარმოიშვა ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული საზოგადოების თეორიები, კონვერგენციის თეორია და ა.შ. ნეოინსტიტუციონალიზმი, რომლის მთავარი წარმომადგენლები არიან რ. კოუზი, ჯ. ბიუკენენი და სხვები, აქცენტს სოციალურ პრობლემებზე აკეთებს. ამ თეორიის საფუძველზე გარკვეული ცვლილებები მოხდა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში. დღის წესრიგში დადგა სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის სოციალურ-საბაზრო ეკონომიკად გარდაქმნა.

ამრიგად, ეკონომიკურმა თეორიამ, რომელიც ჩაისახა მერკანტილიზმის დროს, მომწიფდა ფიზიოკრატიზმის პერიოდში, ხოლო აღმოცენდა ინგლისური კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის ჩამოყალიბების საფუძველზე, განვითარების მეტად რთული და საინტერესო გზა განვლო. მისი გამოყენების დადგა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება. ეკონომიკური თეორია კი, როგორც მეცნიერება საზოგადოების ეკონომიკური განვითარების შესახებ, ისევე ახაახალი ამოცანების წინაშე დადგა. მისი გამოყენების მასშტაბების ზრდამ ხელი შეუწყო და დააჩქარა კიდეც ინდუსტრიული საზოგადოების ტრანსფორმაცია უფრო მაღალ ისტორიულ ფაზაში - დასაბამი მისცა პოსტინდუსტრიულ ერას. ყურადღება გამახვილდა ახალი საზოგადოების ფორმირებაზე, ახალ სოციუმზე, ჰუმანიზაციის პროცესების გაღრმავებაზე. დღის წესრიგში დადგა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება. ეკონომიკური თეორია კი, როგორც მეცნიერება საზოგადოების ეკონომიკური განვითარების შესახებ, ისევე ახაახალი ამოცანების წინაშე დადგა.

XX საუკუნის ბოლო ათწლეულში ელვისებურად განვითარებულმა მოვლენებმა და პროცესებმა - მსოფლიო სოციალისტური სისტემის დაშლამ, კომუნისტური რეჟიმის კრახმა, მრავალი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ და განვითარების ახალ გზაზე დადგომამ სრულიად ახალი პრობლემების თეორიული გააზრება-გაანალიზების აუცილებლობა დააყენა ეკონომიკური თეორიის წინაშე. ეკონომიკური თეორია არ არის კოსმოპოლიტური მეცნიერება. ეკონომიკურ თეორიაში ეროვნული მოტივის, როგორც მადომინირებელი ფაქტორის, შემოტანის აუცილებლობას დღევანდელი ცხოვრებაც გვიკარნახებს. ამასთან, დღეს, როდესაც ესოდენ სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ანალიზი, მისი პერსპექტივების განჭვრეტა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. ეკონომიკური თეორია აღნიშნული და სხვა ახალი პრობლემების გაანალიზებითა და გადაჭრის გზების ძიებით კვლავაც გამდიდრდება ახალი იდეებით, მიმართულებებით და იქნება საზოგადოებრივი პროგრესის დამაჩქარებელი და თანამონაწილე.

საქართველოში ეკონომიკური თეორიის, როგორც მეცნიერების, დამკვიდრებასა და განვითარებას საინტერესო ისტორია აქვს. 1918 წლის 26 იანვარს (ძვ. სტ.) პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებისთანავე მის ერთადერთ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტთან, ივ. ჯავახიშვილისა და ფ. გოგიჩაიშვილის მიერ შემუშავებული პროექტით, შეიქმნა ეკონომიკური განყოფილება, ჩამოყალიბდა პოლიტიკური ეკონომიის კათედრა, რომლის პირველი გამგე 1923 წლის ნოემბრამდე თსუ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი პროფ. ფილიპე გოგიჩაიშვილი იყო. პოლიტიკური ეკონომიის კურსს, ფ. გოგიჩაიშვილთან ერთად, კითხულობდნენ პროფ. ნ. ქოიავა, მოსკოვიდან მოწვეული პროფ. ა. მანუილოვი, ვ. თევზაია და სხვ. ეკონომიკური თეორიის განვითარებისათვის მუშაობა ფართოდ გაიშალა 1922 წლიდან, როდესაც უნივერსიტეტში პოლიტიკური კონომიის კათედრის ბაზაზე დაარსდა სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომიკური და იურიდიული განყოფილებებით, 1931 წელს კი ცალკე ჩამოყალიბდა ეკონომიკის ფაკულტეტი. უნივერსიტეტში, სასწავლო-პედაგოგიურთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, რასაც დიდად შეუწყო ხელი 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებამ და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში პოლიტიკური ეკონომიის კათედრების გახსნამ. ამ დროს საქართველოში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ პ. გუგუშვილი, გ. გამყრელიძე, ბ. რამიშვილი, ი. ბაჯაძე, ი. მიქელაძე, ვ. ჩანტლაძე, ნ. იაშვილი, ა. გოკიელი, ვ. მელქაძე, ვ. ბახტაძე, გ. გველესიანი, ა. გუნია, ა. ფანცხავა, ა. ნუცუბიძე და სხვები. ამ პერიოდში ფართოდ გაიშალა მუშაობა უცხოური ეკონომიკური, მათ შორის თეორიული ლიტერატურის თარგმნისა და გამოცემისათვის, ეკონომიკური ტერმინოლოგიის შედგენისათვის და ა.შ.

ფ. გოგიჩაიშვილმა თარგმნა დევიდ რიკარდოს „პოლიტიკური ეკონომიისა და დაბეგვრის საფუძვლები“, ადამ სმითის „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“, კარლ მარქსის „კაპიტალის“ ყველა ტომი. პ. გუგუშვილმა გამოაქვეყნა სპეციალური გამოკვლევა „ეკონომიკური ტერმინოლოგიის და მეცნიერული თარგმანისათვის“ და პ. კუჭაიძესთან ერთად 1947 წელს გამოსცა „ეკონომიკის ტერმინოლოგია“ (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული). ვ. ჩანტლაძემ 1959 წელს გამოსცა „სულხან-საბა ორბელიანის ეკონომიკური შეხედულებები“, ხოლო 1979 წელს - „ფინანსების თეორიის საკითხები“. დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიის (შემდგომ - ეკონომიკური თეორიის) კათედრას საქართველოში ეკონომისტთა კადრების მომზადებაში. აწ გარდაცვლილი ქართველი მკვლევარებიდან, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ცნობილნი არიან ს. ბერაძე, გ. ჭანუყვაძე, გ. ადეიშვილი, გ. მეგრელიშვილი, ნ. ტყეშელაშვილი, ი. კოდუა, ი. ქვაჩახია, გ. ბაქრაძე, გ. მშვილდაძე, ლ. ხარაზი, თ. ჩიკვაიძე, დ. ქორიძე, გ. ბასილაია, ი. კრავცოვი, ჯ. ჩხიკვაძე და სხვები. ეკონომიკურმა თეორიამ ახალი შინაარსი შეიძინა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან.

წინა პლანზე წამოიწია საბაზრო ეკონომიკის თეორიამ. ამასთან, რევოლუციურმა ძვრებმა საქართველოში ეკონომიკურ თეორიას დიდი საზრუნავი გაუჩინა. ქართველ მეცნიერთა ძალისხმევით არსებითი ცვლილებები მოხდა სასწავლო პროგრამებსა და მეცნიერული კვლევის მეთოდებში. შეიქმნა ახალი სახელმძღვანელოები. ჯ. კახნიაშვილმა მაკროეკონომიკურ თეორიაში გამოსცა სახელმძღვანელო ორ წიგნად: „მაკროეკონომიკა“ (1996) და „მაკროეკონომიკა: თეორია და პოლიტიკა“ (1997); ლ. ჩიქავას ავტორობით გამოვიდა დამხმარე სახელმძღვანელო - „ეკონომიკური თეორიის მოკლე კურსი“(1997); თსუ ეკონომიკური თეორიის კათედრამ, გ. ადეიშვილისა და რ. ასათიანის რედაქციით, 1998 წელს გამოსცა „ეკონომიკური თეორია“ - სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და ა.შ. მონოგრაფიული გამოკვლევები გამოსცეს: გ. პაპავამ („საბაზრო ეკონომიკაზე საქართველოს გადასვლის საფუძვლები“, 1991); ვლ. პაპავამ („საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის კონცეფცია“, 1991); რ. ასათიანმა („მომსახურება და საბაზრო სისტემა“, 1993); თ. ბერიძემ („სუვერენიტეტის ეკონომიკური საფუძვლები: ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთმოქმედების ახალი ასპექტები“, რუსულ ენაზე, 1995); გ. მალაშხიამ („მეტაეკონომიკა“, 1996); ვლ. პაპავამ („საბაზრო თანასწორობის დოქტრინა“, 1999); ნ. ჭითანავამ („გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“, სამ ნაწილად, 1997, 1999, 2001); 2001 წელს დაიბეჭდა თ. ბასილიას, ა. სილაგაძის, თ. ჩიკვაიძის მონოგრაფია - „პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია: საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე“; 2002 წელს გამოვიდა ვლ. პაპავას მონოგრაფიული გამოკვლევა „პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქარეკონომიკური თეორიათველოს ეკონომიკა“, 2005 წელს - „პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდის მაკროეკონომიკა“; 2006 წელს გამოიცა ლ. ჩიქავას მონოგრაფია - „ინოვაციური ეკონომიკა“, 2007 წელს - ე. ბარათაშვილის „რეგიონალიზმი: თეორია და პრაქტიკა“, 2008 წელს - ხოლო 2010 წელს - „გლობალიზაცია, ეკონომიკური თეორია და საქართველო“. 2009 წელს გამოვიდა დ. იაკობიძის „საქართველო და მსოფლიო ფინანსური კრიზისი“, 2010 წელს - ი. მესხიას „რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა“, 2010 წელს ა. სილაგაძის „ეკონომიკური დოქტრინები“, 2011 წელს - ვლ. პაპავას „არატრადიციული ეკონომიკსი“, 2011 წელს - ა. თვალჭრელიძის, ა. სილაგაძის, გ. ქეშელაშვილისა და გ. გეგიას „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ და ა.შ. ფართო მუშაობა გაიშალა ორიგინალური ეკონომიკური ლექსიკონების გამოცემის თვალსაზრისით. ამ მხრივ აღსანიშნავია: ჯ. კახნიაშვილი. „საბაზრო ეკონომიკის განმარტებითი ლექსიკონი“, 1992; რ. ასათიანი. „ეკონომიქსი”. განმარტებითი ლექსიკონი, 1996 (I გამოცემა), 2003 (II გამოცემა), 2006 (III გამოცემა); რ. ასათიანი. „თანამედროვე ეკონომიკის განმარტებითი ლექსიკონი“, 2009; „ეკონომიკისა და ბიზნესის ლექსიკონი“, 2010. „ეკონომიკური ლექსიკონი“. ა. სილაგაძის ხელმძღვანელობით, 2001; „ეკონომიკური და დემოგრაფიული ტერმინოლოგია“ (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული). ლ. ჩიქავას საერთო რედაქციით, 2001; „ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“. ა. სილაგაძის საერთო რედაქციით, 2005 და სხვ. უცხოურიდან ითარგმნა ცნობილ ავტორთა სახელმძღვანელოები „ეკონომიქსში“, რამაც შინაარსობრივად გაამდიდრა ეკონომიკური თეორიის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში და აამაღლა თეორიული მიმართულებით ეკონომიკური პროცესების კვლევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემა ამ დარგში. ესენია: ა. სილაგაძე, ე. მექვაბიშვილი, ჯ. კახნიაშვილი. „ეკონომიკა“ (X კლასი, 2005; XI კლასი, 2005); რ. ასათიანი. „ეკონომიკა კეთილი ჯადოქარი“ (V კლასი, 2000); რ. ასათიანი. „ეკონომიკა“ (VI კლასი, 2004); რ. ასათიანი. „ეკონომიკა“ (VII კლასი, 2005) და ა.შ.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები