სამოქალაქო საზოგადოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამოქალაქო საზოგადოება - (civil society) - სამოქალაქო მოწყობის ისეთი ტიპი, რომელიც გამოირჩევა დემოკრატიის მაღალი დონით, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ა.შ. ურთიერთობების პლურალიზმით. საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით მისი უკანასკნელი პერიოდიდან, როდესაც ცივილიზებულ ქვეყნებში ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების აუცილებლობა წარმოიქმნა.

ახალი დრო ყოველთვის წარმოქმნის თავის პრიორიტეტს. თანამედროვეობის ასეთი პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაა. ეს პროცესი მნიშვნელოვანწილად განაპირობა მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველზე მსოფლიო წარმოებაში მიმდინარე მძლავრმა პროგრესულმა ცვლილებებმა, რაც, უპირველეს ყოვლისა, მომსახურების სფეროს პრიორიტეტულ განვითარებაში გამოიხატა. არანაკლები როლი შეასრულა ახალი ეკონომიკური თეორიების ჩამოყალიბებამ და მსოფლიოში ტონის მიმცემი ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში მათი გამოყენების მასშტაბების ზრდამ. მსოფლიო ეკონომიკურმა განვითარებამ ახალი თვისებრიობა შეიძინა.

კერძო კაპიტალისტური საკუთრების პრიორიტეტზე დაფუძნებულმა გაბატონებულმა ურთიერთობებმა ევოლუციური გზით საკუთრების პლურალიზმზე დაფუძნებულ ურთიერთობებს დაუთმო ადგილი. საკუთრების სწორედ ასეთმა ტრანსფორმაციამ გაბატონებულ კერძო საკუთრებით ურთიერთობებზე დამყარებულ კაპიტალიზმს ტრაექტორია შეუცვალა და მისი ახალ თვისებრიობაში გადაზრდა დააჩქარა. ჩამოყალიბდა საბაზრო ეკონომიკა, სადაც პირველი ვიოლინოს როლი ბაზარს დაეკისრა. კაცობრიობის განვითარების ამ თვისებრივ ნახტომში ყველაზემნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან ეკონომიკას სოციალური ორიენტაცია შესძინა. ბაზარმა სრულიად სხვა შინაარსი შეიძინა. იგი აღიარებულ იქნა ცივილიზაციის უდიდეს მონაპოვრად. საკუთრებით ურთიერთობებში განხორციელებულმა რადიკალურმა და ამავე დროს, უაღრესად პროგრესულმა ცვლილებებმა, ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირებასთან ერთად, განაპირობა კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე პირველად ბაზრის, როგორც მეურნეობის ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება. ასეთმა ბაზარმა, შრომის მოტივაციის ეფექტიანი სისტემა შექმნა და მეწარმეობის განვითარებას ფართო შესაძლებლობები მისცა. მან, ჰორიზონტალური კავშირების გაფართოება-განმტკიცების საფუძველზე, საგრძნობლად გაამარტივა მმართველობის იერარქიული სტრუქტურა, განაპირობა კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების დაახლოება და, საბოლოო ანგარიშით, წარმოქმნა ისეთი ობიექტური კანონზომიერება, რომელმაც გამოხატულება თვისებრივად სრულიად ახალ ეკონომიკურ ზრდაში პოვა. ამ გარემოებამ დასაბამი მისცა საზოგადოებრივ გარდაქმნებს ახალ ამპლუაში და დადებითი გავლენა მოახდინა თანამედროვე საზოგადოების პოტენციალის ზრდაზე. ყურადღება გამახვილდა ახალი საზოგადოების ფორმირებაზე, ახალ სოციუმზე, რამაც ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ინტერესების წინა პლანზე წამოწევას, კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებასა და ჰუმანიზაციის პროცესების გაღრმავებას. დაიწყო სოციალურად დაუცველი ფენების დახმარებისა და ქველმოქმედების ორგანიზაციების ფართოდ შექმნის პროცესი. განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო სოციალური დაცვის მიზნობრივ პროგრამებს მიექცა. ეს პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს განხორციელდა, ითვალისწინებდა უმუშევრობის დაზღვევას, საპენსიო უზრუნველყოფას, ავადმყოფობის გამო დახმარებას, წარმოებაში უბედური შემთხვევის გამო დახმარებას, სამედიცინო დაზღვევას ან უფასო სამედიცინო მომსახურებასა და ა.შ.

სოციალურ სფეროში აქტიური როლის შესრულებით სახელმწიფომ კეთილდღეობის სახელმწიფოს ნიშნები შეიძინა. განვითარებულმა სამყარომ, შეიძლება ითქვას, მიიღო ახალი დროის გამოწვევა. საფუძველი ჩაეყარა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას. კაცობრიობის განვითარების განვლილ პერიოდთან შედარებით, ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი და ახალი სიტყვა უფრო მაღალი სოციალური და ამავე დროს, მსოფლიო წესრიგის დამყარების თვალსაზრისით. ეკონომიკისთვის სოციალური ორიენტაციის მიცემა ქვეყნის მშვიდობიანი და ჰარმონიული განვითარების საწინდარი და სამოქალაქო საზოგადოების საფუძველია.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები