საბაზრო ეკონომიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბაზრო ეკონომიკა - (market economy) - კაპიტალიზმის ტრანსფორმაციის, მისი ევოლუციური განვითარების გზით წარმოქმნილი თვისებრივად ახალი ეკონომიკური სისტემა, რომელიც მყარად დამკვიდრდა განვითარებულ ქვეყნებში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან. მის წარმოშობას საფუძველი ჩაუყარა «კეინზიანურმა რევოლუციამ», როგორც 30-იანი წლების ღრმა ეკონომიკური კრიზისით („დიდი დეპრესიის“) წამოჭრილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების თავისებურმა გამოძახილმა და XX საუკუნის შუა ხანებში დაწყებულმა მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ, რომელსაც თან ახლდა მომსახურების მწარმოებელი დარგების სწრაფი განვითარება.

სხვა ეკონომიკური სისტემებისაგან განსხვავებით, საბაზრო ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი თავისებურებაა საკუთრების პლურალიზმი ანუ საკუთრების მრავალფორმიანობა, თითოეული ფორმის თანაბარი უფლებით.

საბაზრო ეკონომიკა საბაზრო მექანიზმით რეგულირებული ეკონომიკური ურთიერთობების ერთობლიობაა, სადაც სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მისი მართვა ხორციელდება კონკურენციის პირობებში ბაზრების სისტემის მეშვეობით. ასეთი ტიპის ეკონომიკა თვითონ ადგენს, საზოგადოებამ რა უნდა აწარმოოს (ამ საკითხს მომხმარებლები წყვეტენ თავიანთი გადახდისუნარიანი მოთხოვნილების მიხედვით), როგორ უნდა აწარმოოს (ამას განსაზღვრავენ მწარმოებლები მაღალი შემოსავლის მიღების მცდელობით) და ვისთვის უნდა აწარმოოს (ეს საკითხი იმათ სასარგებლოდ წყდება, ვისაც მეტი შემოსავალი აქვს). საბოლოო ანგარიშით, საზოგადოება აღწევს არსებული რესურსების ეფექტიან გამოყენებას, შესაძლებელი ხდება წარმოების ოპტიმალური სტრუქტურული პროპორციებისა და მოცულობის დადგენა, ყალიბდება ისეთი წარმოების წესი, რომელიც უზრუნველყოფს დანახარჯების მინიმიზაციასა და მოგების მაქსიმიზაციას. ამიტომ სახელმწიფოს მონაწილეობა ეკონომიკურ ცხოვრებაში ძალზე შეზღუდულია. ამასთან, საბაზრო ეკონომიკა „წმინდა“ სახით, სადაც ავტომატურად ხდება ძირითადი ეკონომიკური პრობლემების ეფექტიანი გადაწყვეტა, შეიძლება ითქვას, არ არსებობს.

საზოგადოების ეკონომიკური ქცევის ზემოთ განხილული მოდელი საბაზრო ეკონომიკის თავისებური აბსტრაქტული მოდელია, რომლის წარმოდგენაც მხოლოდ თეორიულად შეიძლება. ამ მოდელს უახლოვდება მხოლოდ თავისუფალი კონკურენციის ეკონომიკა, სადაც სახელმწიფოს როლი დაყვანილია თითქმის მხოლოდ კერძო საკუთრების დაცვასა და ისეთი სამართლებრივი სტრუქტურების შექმნამდე, რომლებიც თავისუფალი ბაზრების ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ. რეალურ საბაზრო ეკონომიკაში, ბუნებრივია, გვხვდება გადახრები იდეალური მოდელიდან, კერძოდ, ეს გადახრები აისახება:

  1. სხვადასხვა მონოპოლიების წარმოქმნასა და ფუნქციონირებაში, რომლებიც ფასწარმოქმნის დეფორმაციას იწვევენ და აფერხებენ კონკურენციის მონაწილეთა თავისუფალ შეღწევას ბაზარზე;
  2. კაპიტალისა და შრომითი რესურსების თავისუფალი გადაადგილების შეფერხებაში;
  3. ინფლაციაში, რომელიც იწვევს საბაზრო მექანიზმის მოქმედების დამახინჯებას;
  4. ეკონომიკური განვითარების ციკლურობაში;
  5. შეფარდებით ჭარბწარმოებაში;
  6. უმუშევრობაში, რომელიც აღემატება ბუნებრივ დონეს;
  7. ბაზრის კონიუნქტურის განსაზღვრისას დაშვებულ შეცდომებში, რომელთა ერთ-ერთი მიზეზი სრული და უტყუარი ინფორმაციის არქონაა და ა.შ.

გარდა ამისა, საზოგადოებაში არსებობს ბევრი მწვავე პრობლემა, რომელთა გადაჭრა ბაზარს არ შეუძლია. ესენია: სოციალური პრობლემების (განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა, უმუშევართა შენახვა, ხელმოკლეთა დახმარება და სხვ.) კომპლექსი, ბუნების დაცვა, ფუნდამენტური მეცნიერების განვითარება და ა.შ. ამიტომ სამეურნეო ცხოვრების კოორდინაციისა და მართვისათვის გამოიყენება არა მხოლოდ ბაზრის მექანიზმი, არამედსახელმწიფო რეგულირებაც ისეთი ბერკეტების მეშვეობით, როგორიცაა გადასახადები და სამთავრობო ხარჯები, ფულადსაკრედიტო პოლიტიკა, შემოსავლების რეგულირება, სოციალური, ანტიმონოპოლიური და საგარეოეკონომიკური პოლიტიკა. ეკონომიკური ცხოვრების სტაბილურობის უზრუნველყოფაში სახელმწიფოს ფართოდ მონაწილეობის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ შვედეთი, სადაც მთავრობა ენერგიულად ახორციელებს შემოსავლების გადანაწილებას (დაბეგვრის დონე მეპ-ის 50%-ს შეადგენს) და ატარებს აქტიურ სოციალურ პოლიტიკას; იაპონია, რომლისთვისაც დამახასიათებელია საერთო-სახელმწიფოებრივი ინდიკატური დაგეგმვის განვითარებული სისტემა; «ახალინდუსტრიული ქვეყნების» ეკონომიკა (კერძოდ, სამხრეთ კორეის ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინა მთავრობის მიერ მომზადებულმა სამეურნეო განვითარების ხუთწლიანმა ინდიკატურმა გეგმებმა) და სხვ., მაგრამ სახელმწიფოს მონაწილეობა ეკონომიკურ ცხოვრებაში შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ საზღვრამდე, რომლის იქითაც ეკონომიკაში არსებობას წყვეტს საბაზრო მექანიზმი. სახელმწიფო, გადასახადების საშუალებით, პროცენტის განაკვეთით, სახელმწიფო ხარჯებით, შეღავათებითა და ა.შ. მხოლოდ ინსტიტუტებისა და ინდივიდუუმების ეკონომიკური ქცევის წესებს ადგენს, მაგრამ მათ საქმიანობაში თვითონ არ ერევა, არ ანგრევს საბაზრო მექანიზმს, პირიქით, მას აძლევს შესაძლებლობას, განსაზღვროს ფასები, რესურსების გამოყენების მიმართულებები. ამრიგად, ეკონომიკას «საბაზრო» შეიძლება ვუწოდოთ, თუ საბაზრო მექანიზმის ყველა რგოლი მუშაობს.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები