კეინზი ჯონ მეინარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯონ მეინარდ კეინზი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კეინზი ჯონ მეინარდ - (1883- 1946) (Keynes John Maynard) - XX საუკუნის გამოჩენილი ინგლისელი ეკონომისტი, თანამედროვე მაკროეკონომიკური თეორიის ფუძემდებელი.

პრაქტიკული საქმიანობა დაიწყო 1906 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როგორც სახელმწიფო მოხელემ. 1913-1914 წლებში იყო სამეფო კომისიის წევრი ინდოეთის ფულის მიმოქცევისა და ფინანსების სფეროში, მუშაობდა ხაზინაში, იყო მისი მთავარი წარმომადგენელი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. კეინზი აკრიტიკებდა ომის შემდგომი რეპარაციის (ზარალის ანაზღაურება) მაღალ დონეს გერმანიის მიმართ. ნაშრომში „ვერსალის ხელშეკრულების ეკონომიკური შედეგები” (1919) იგი ამტკიცებდა, რომ რეპარაციის დადგენილმა დონემ შეიძლება დაანგრიოს გერმანიის ეკონომიკა.

კეინზმა დატოვა ხაზინა და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა კემბრიჯის უნივერსიტეტში, პარალელურად აგრძელებდა საბირჟო საქმიანობას ხიტში, თამაშობდა ლონდონის ბირჟაზე, რითაც დიდი სიმდიდრე დააგროვა. 1911 წლიდან კეინზი იყო ჟურნალ „Economic Journal”-ის გამომცემელი. მის ადრეულ ნაშრომებს ძირითადად პრაქტიკული ხასიათი აქვთ. ისინი ეხება დიდი ბრიტანეთის ოქროს სტანდარტზე დაბრუნებას („მისტერ ჩერჩილის პოლიტიკის ეკონომიკური ედეგები”, 1925), ფულად რეფორმას დიდ ბრიტანეთში („ტრაქტატი ფულადი რეფორმის შესახებ”, 1923) და ა.შ.

კეინზი მაკმილანის კომისიის წევრი იყო და დიდ გავლენას ახდენდა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ბრეტონ-ვუდსის კონფერენციის მუშაობაში (1944) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაარსებაში. 1942 წელს, „ინგლისის ბანკის” ერთ-ერთმა დირექტორმა, ლორდ კეინზ ტილტონსკის ტიტული მიიღო. კეინზის ფუნდამენტური ნაშრომი „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია” (1936) ახალ ეტაპად არის აღიარებული ეკონომიკური აზრის ისტორიაში. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების თეორიის შექმნით კეინზმა რევოლუციური გადატრიალება მოახდინა ეკონომიკურ აზროვნებაში. კეინზიანელების სახით ეკონომიკურ თეორიაში გაჩნდა ახალი მიმდინარეობა, რამაც უდიდესი როლი შეასრულა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში და საბაზრო რეგულირებადი ეკონომიკის ფორმირებაში. სავსებით სამართლიანად ადამ სმითი ითვლება XVIII საუკუნის უდიდეს ეკონომისტად, კარლ მარქსი - XIX საუკუნისა, ხოლო ჯონ მეინარდ კეინზს ეკუთვნის XX საუკუნის პალმა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები