მარქსი კარლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კარლ მარქსი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლ მარქსი

მარქსი კარლ - (Marx Karl), (დ. 1818 - გ. 1883) - გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, სოციოლოგი, ისტორიკოსი და პოლიტოლოგი.

სწავლობდა ბონის, ბერლინისა და იენის უნივერსიტეტებში. იენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ბრძოლაში. მისი პირველი სტატიები გამოქვეყნდა „რეინის გაზეთში”, სადაც იგი პოლიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

მარქსმა თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. 1849 წლიდან ცხოვრობდა ინგლისში და თავისი მეგობრისა და კოლეგის ენგელსის ფინანსური დახმარებით მრავალრიცხოვან ოჯახს ინახავდა.

მარქსმა უარყო ჰეგელის კონსერვატული პოლიტიკური ფილოსოფია და განავითარა მისი დიალექტიკური მეთოდი. კაპიტალიზმის განვითარების კანონები ახსნა ნაშრომში „კაპიტალი” (I ტ. - 1867, II ტ. - 1885 და III ტ. - 1894). მეორე და მესამე ტომები გამოვიდა ენგელსის რედაქციით. ეკონომიკის სფეროში მარქსის სხვა მნიშვნელოვანი ნაშრომებია „ზედმეტი ღირებულების თეორიები” (სამ ნაწილად, 1905-1910) და „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის” (1859).

ეკონომიკის დარგში მეცნიერული მიღწევებით მარქსი აღიარებულია მსოფლიოს უდიდეს მოაზროვნედ, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ზოგიერთმა დასკვნამ ვერ პოვა პრაქტიკული აღიარება.

მარქსისტული ეკონომიკური მოძღვრების ღერძია ღირებულებისა და ზედმეტი ღირებულების თეორიები. მარქსმა გაცვლის პროცესის განვითარების საფეხურები, როგორც ისტორიულისა და ლოგიკურის ასახვა, დეტალურად გააანალიზა „კაპიტალის” პირველ ტომში.

ენგელსთან ერთად, მარქსმა დაწერა „კომუნისტური პარტიის მანიფესტი” (1848), სადაც განხილულია კომუნისტური საზოგადოების პრინციპები. ეს ნაშრომი გახდა საპროგრამო დოკუმენტი იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც შეეცადნენ აეშენებინათ სოციალისტური საზოგადოება. მარქსის სახელთან არის დაკავშირებული მიწასა და სხვა წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრების გაუქმება და საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარი უფლებით საზოგადოებრივი საკუთრების ცენტრალიზებული მართვის საფუძველზე სახელმწიფო ტიპის ეკონომიკის შექმნა. საკუთრებით ურთიერთობებს მარქსი ანიჭებდა პირველხარისხოვან მნიშვნელობას და მიიჩნევდა წარმოებითი ურთიერთობების დედაარსად. კ. მარქსის მიხედვით, ანტაგონიზმი წარმოიქმნება საკუთრებითი ურთიერთობების წიაღში, ამიტომ კერძო კაპიტალისტურ საკუთრებაზე და, აქედან გამომდინარე, ექსპლოატაციაზე დაფუძნებული კაპიტალიზმის კრახი გარდაუვალია. კ. მარქსმა ღრმად შეისწავლა ადრეული კაპიტალიზმის ბუნება, მაგრამ ვერ შეძლო განეჭვრიტა მისი მომავალი ბედი და აღმოჩნდა კომუნისტური საზოგადოების შესახებ ცრუ წარმოდგენების ტყვეობაში.

მაშინ, როდესაც ფულის წარმოშობის რაციონალური კონცეფცია ფულს ძველი კანონმდებლების გენიალური ჩანაფიქრისა და, აქედან გამომდინარე, ძველი კანონმდებლობის ნაყოფად თვლის (ფულის წარმოშობისადმი სუბიექტურ-ფსიქოლოგიური მიდგომა - იდეა, რომელიც ფულის წარმოშობას უკავშირებს ადამიანებს შორის შეთანხმების შედეგს), პირველად არისტოტელესთან გვხვდება და განუყოფლად ბატონობდა XVIII საუკუნის ბოლომდე. ევოლუციური კონცეფცია ფულის წარმოშობას ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების ობიექტურ პროცესად მიიჩნევს. მართალია, ევოლუციური კონცეფცია სათავეს ა. სმითისა და დ. რიკარდოსგან იღებს, მაგრამ ამ მიმართულების ფუძემდებლად აღიარებენ კ. მარქსს, რომელსაც მხარს უჭერენ პ. სამუელსონი, ვ. ნორდჰაუსი, რ. ბარი და სხვა ცნობილი მეცნიერები.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები