ეკონომიქსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიქსი - (economics), მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საბაზრო სისტემაში, საზოგადოების უსასრულო მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილების მიზნით, შეზღუდული რესურსებით რა საზოგადოებრივი ფორმით, რა გზებით, როგორ და ვისთვის იწარმოოს. იგი საბაზრო ეკონომიკის თეორიისა და პრაქტიკის სინთეზია, პრაქტიკით გაჯერებული, მასზე ორიენტირებული თეორიაა. ეკონომიქსი ეკონომიკური თეორიის კვლევის ახალი სფეროა (ისევე როგორც საერთაშორისო ეკონომიკა, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა). წარმოიშვა და განვითარდა საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და განვითარების კვალდაკვალ, განსაკუთრებული ეკონომიკური დისციპლინის სახით კი ფართოდ გავრცელდა XX საუკუნის მეორე ნახევრიდან. ეკონომიქსი შეზღუდული რესურსების მართვის მექანიზმის შემსწავლელი მეცნიერებაა (გ. მენქიუ).

ეკონომიქსი, მიუხედავად იმისა, რომ იმ კანონზომიერებებს ეყრდნობა, რომლებსაც ეკონომიკური თეორია ადგენს, მისგან გარკვეულწილად განსხვავებულ ხედვასაც ემყარება, პარადიგმის შეცვლას გულისხმობს. ეკონომიქსი ეკონომიკური პროცესებისა და მოვლენების ანალიზისას მხოლოდ შეზღუდული რესურსებით იფარგლება. მისი ლაიტმოტივია ამ რესურსების საბაზრო სისტემაში ეფექტიანად გამოყენების გზების ძიება და ალტერნატიული ვარიანტებიდან ოპტიმალური არჩევანის გაკეთება. ეკონომიკური თეორიის საგანი კი გაცილებით ფართოა. იგი ყველა ფუნქციონალური და დარგობრივი ეკონომიკური მეცნიერების საფუძველთა საფუძველი და მეთოდოლოგიური ბაზაა.

ეკონომიკური თეორია არ არის მოქცეული ერთი ეკონომიკური სისტემის ჩარჩოებში. იგი საზოგადოების ეკონომიკური განვითარების კანონზომიერებებსა და თავისებურებებს სწავლობს, იკვლევს სხვადასხვა ეკონომიკურ სისტემაში არსებით მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ეკონომიკურ მოვლენებსა და პროცესებს შორის, ადგენს ზოგად კანონზომიერებებს, რის საფუძველზეც იძლევა საზოგადოების განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს, ეკონომიკის ფუნქციონირების ობიექტურ მეცნიერულ დასაბუთებას. ეკონომიკური თეორია ყოველივე ამას ერთ სისტემაში აქცევს. ეკონომიქსის მიზანი არ არის მთლიანად საზოგადოების ეკონომიკური განვითარების კვლევა. იგი არ არის ერთიანი სისტემა, მხოლოდ ამ სისტემის ნაწილია, საბაზრო ეკონომიკაში ფუნქციონალური კავშირების შემსწავლელი მეცნიერებაა, ეკონომიკური თეორია კი ეკონომიკური ორგანიზმის გენეტიკურ კავშირებს სწავლობს. ეკონომიქსი კმაყოფილდება ეკონომიკური ცხოვრების ზოგადი ანალიზით. იგი არ იკვლევს ეკონომიკური მოვლენების სიღრმისეულ არსს და საზოგადოების სოციალური სტრატიფიკაციის მიზეზებს, ეკონომიკური თეორია კი იკვლევს ყოველივე ამას. ეკონომიქსში პრაგმატული მიზნები წინა პლანზეა წამოწეული, ეკონომიკურ თეორიაში კი თეორიულ-მეთოდოლოგიური. ეკონომიქსი მეტწილად რაოდენობრივი ანალიზია, ეკონომიკური თეორია კი თვისებრივი. ეკონომიქსი ფართოდ იყენებს ეკონომეტრიკულ ანალიზს. მაგრამ ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ახსნაში მათემატიკური მოდელების გამოყენება „წმინდა“ თეორიისაგან დამოუკიდებლად ნაკლებად ასახავს რეალობას. ეკონომიკური თეორია ორიენტირებულია შემეცნებაზე, ეკონომიკური მოვლენების სიღრმისეული არსის გამოვლენაზე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენაზე, მაშინ როდესაც ეკონომიქსი მთავარ მიზნად ეკონომიკის მართვისათვის პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას ისახავს.

«ეკონომიკური თეორია არ არის უშუალოდ სამეურნეო პოლიტიკაში გამოსაყენებელი მზა რეკომენდაციების კრებული, ის არის ინტელექტუალური ინსტრუმენტი, აზროვნების ტექნიკა. ვინც მას ფლობს, ყველას ეხმარება სწორი დასკვნების გამოტანაში» (ჯონ მეინარდ კეინზი). ეკონომიქსი ეკონომიკური სინამდვილის ცალკეული ფრაგმენტებისა და მათი შესაბამისი თეორიების ერთობლიობაა. იგი ფრაგმენტებიდან ქმნის ეკონომიკის მთლიან სურათს, ეკონომიკურმა თეორიამ კი, პირიქით, მთლიანობის ადეკვატური სურათის მეშვეობით უნდა ასახოს ეკონომიკურიეკონომიქსი წარმოების განვითარების საკითხებს დანახარჯებისა და შედეგების ასპექტით, სარგებლიანობის კუთხით განიხილავს, ეკონომიკური თეორია კი საზოგადოებრივი წარმოების ისტორიული განვითარების ანალიზს მოიცავს. ეკონომიქსი გაურბის ეკონომიკური სისტემების შედარებით ანალიზს და შეისწავლის ერთი ეკონომიკური სისტემის სამეურნეო მექანიზმს. ეკონომიკური თეორიის კვლევის ერთერთი მიმართულება, მეთოდი კი ეკონომიკური სისტემების შედარებითი ანალიზია (კომპარტივიზმი). ამ მიმართულების შედეგია ინსტიტუციური თეორიები (კონვერგენციის, ინდუსტრიული, პოსტინდუსტრიული საზოგადოების) თეორიები. ეკონომიკურ თეორიას არ აინტერესებს ადამიანთა სამეურნეო საქმიანობა მისი კონკრეტული ზედაპირული ფორმით, მისი მიზანია ადამიანთა ეკონომიკური ურთიერთობების კანონებში სინამდვილის ესა თუ ის ფრაგმენტი. გარკვევა, ამ კანონთა მოქმედების მექანიზმის შეცნობა. ეკონომიქსი საკუთრებას განიხილავს როგორც ადამიანის დამოკიდებულებას ნივთისადმი. ეკონომიკური თეორია საკუთრებას განიხილავს როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობას, ჩამოყალიბებულს რესურსებისა და მისგან შექმნილი დოვლათის მითვისების გამო. ეკონომიკური თეორია ხიდია წარსულსა და მომავალს შორის.

იგი არკვევს ეკონომიკური მოვლენის ისტორიულ წინაპირობებს, საიდან და რა მიზეზებით წარმოიშვა იგი და რა შედეგებისაკენ მივყავართ მის განვითარებას. იგი გვეხმარება ტენდენციების დადგენაში და გვიჩვენებს, საით და როგორ მიემართება ეკონომიკური განვითარება. ამიტომაცაა, რომ ეკონომიკური თეორიისა და ეკონომიქსის კვლევის საგნები ერთმანეთს კვეთს და ემთხვევა კიდეც, ოღონდ შესწავლის კუთხე აქვთ სხვადასხვაგვარი.

„ეკონომიქსის“ პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო 1948 წელს აშშ-ში გამოსცა პოლ სამუელსონმა. ეს იყო პერიოდი, როდესაც უკვე მომწიფდა ნიადაგი ეკონომიკაში მომხდარი რევოლუციური ცვლილებების ასახვისათვის, ახალი ეკონომიკური მოვლენების ახსნისათვის. „ეკონომიქსის“, ფართოდ გავრცელებასა და განვითარებას ხელი შეუწყო XX საუკუნის 60-70-იანი წლებიდან მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების დივერსიფიკაციამ, ინტენსივობამ და მასშტაბურობამ.

XX საუკუნის ბოლო ათწლეულში ელვისებურად განვითარებულმა მოვლენებმა და პროცესებმა - მსოფლიო სოციალისტური სისტემის დაშლამ, კომუნისტური რეჟიმის კრახმა, მრავალი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ და განვითარების ახალ გზაზე დადგომამ ძველი და სრულიად ახალი პრობლემების ახლებური თეორიული გააზრება-გაანალიზების აუცილებლობა მოითხოვა. ამ თვისებრივად ახალი პრობლემების გადაჭრა კაცობრიობის წინა ეკონომიკური განვითარების კლასიკური სქემის ფარგლებს სცილდება.

საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობამ სავსებით კანონზომიერად „ეკონომიქსის“ სასწავლო კურსის შემოღება მოითხოვა უმაღლეს სასწავლებლებში, რასაც მოჰყვა როგორც უცხოური სახელმძღვანელოების ქართულად თარგმნა, ისე ქართული შესაბამისი ლიტერატურის გამოცემა. სახელდობრ, კ. ღურწკაიამ თარგმნა და გამოსცა პ. სამუელსონისა და ვ. ნორდჰაუსის „ეკონომიქსი“ (XV როგორც განსაკუთრებული ეკონომიკური დისციპლინის, გამოცემა); მაკკონელისა და ბრიუს „ეკონომიქსი“ (XI გამოცემა); ს. ფიშერის, რ. დორნბუშის, რ. შმალენზის „ეკონომიქსი“ (II გამოცემა). გამოქვეყნდა მრავალი სახელმძღვანელო და სპეციალური ლიტერატურა, რომელთა შორის აღსანიშნავია: „ეკონომიქსი“. შემდგენელი პ. ლეიაშვილი. თბ., „მეცნიერება“, 2003; მ. გველესიანი. „ეკონომიქსი“. ლექციების მოკლე კურსი. თბ., „კომენტარი“, 2000; რ. ასათიანი. „ეკონომიქსი“. განმარტებითი ლექსიკონი. I, II, III გამოცემები, თბ., გამომცემლობა „სიახლე“, 1996, 2003, 2006; ა. სილაგაძე, ჯ. კახნიაშვილი, ე. მექვაბიშვილი. „მიკროეკონომიქსი“. თბ., „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2006; რ. ასათიანი. „ეკონომიკური თეორია და ეკონომიქსი: ერთიანობა და განსხვავება“. თბ., გამომცემლობა «სიახლე», 2005 და ა.შ.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები