ნეოკეინზიანელობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეოკეინზიანელობა - (Neo-Keynesianism), ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ეკონომიკურ თეორიაში, ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების თანამედროვე თეორია, რომელიც აღმოცენდა XX საუკუნის 50-იან წლებში კეინზიანელობის საფუძველზე და მისი მოდერნიზებული ფორმაა. ნეოკეინზიანელებმა (დომარი, კალდორი, ჰაროდი, ფელნერი, რობინსონი, ჰამბერგი, ჰანსენი და სხვ.) კეინზის თეორია გამოიყენეს, როგორც პლაცდარმი, მეთოდოლოგიური საფუძველი ახალი პროცესების ანალიზისათვის, ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ახალი მეთოდების დასაბუთებისათვის. კეინზის თეორიაზე დაყრდნობითა და, ამავე დროს, მისი კრიტიკით, მათ შექმნეს სრულიად ახალი კონცეფცია. ნეოკეინზიანელები ასაბუთებენ იმ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის ცენტრალიზებული კოორდინაციის აუცილებლობას, რომლებიც ეკონომიკის გრძელვადიანი „დაგეგმვის” საფუძველზე ზემოქმედებას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. საქმე ეხება ინდიკატურ დაგეგმვას, რომელიც არ ზღუდავს კერძო კაპიტალის სუვერენულ უფლებებს. ნეოკეინზიანელები დინამიკური წონასწორობის პირობად ეროვნული შემოსავლის მატების მყარ ტემპს მიიჩნევენ, ხოლო ეროვნული შემოსავლის ზრდას მხოლოდ კაპიტალის დაგროვების ფუნქციაში ხედავენ, დანარჩენ ფაქტორებს კი (დასაქმების გადიდებას, მოწყობილობათა გამოყენების ხარისხს, წარმოების ორგანიზაციის სრულყოფას და სხვ.) მთლიანად გამორიცხავენ. ნეოკეინზიანელობა უპირისპირდება ნეოკლასიკურ მიმართულებას: პირველი ყურადღებას ამახვილებს მოთხოვნაზე, მეორე - მიწოდებაზე. ნეოკეინზიანელები მოითხოვენ ეკონომიკური ზრდის ექსტენსიური ფაქტორების სტიმულირებას სახელმწიფო ხარჯების გადიდების საფუძველზე, ხოლო ნეოკლასიკოსები, პირიქით, სახელმწიფო სახსრების ეკონომიის აუცილებლობაზე მიუთითებენ და ხაზს უსვამენ ინტენსიური ფაქტორების მნიშვნელობას ეკონომიკური ზრდის ტემპების ამაღლებაში. ეკონომიკის სტაბილიზაციაში ნეოკეინზიანელები უპირატესობას ანიჭებენ საბიუჯეტო-საგადასახადო რეგულირების ინსტრუმენტების გამოყენებას, ხოლო ნეოკლასიკოსები - ფულადსაკრედიტო სისტემას.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები