ბაზარი (ეკონომიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაზარი − (market) - საბაზრო ეკონომიკაში კვლავწარმოების მთელი პროცესის მომცველი ფენომენი, ეკონომიკური სივრცე, სადაც თვითრეგულირების მექანიზმის საფუძველზე ყალიბდება ურთიერთობა საქონლისა და მომსახურების მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის. იგი ჰორიზონტალური კავშირების განვითარების საფუძველზე გამორიცხავს ადმინისტრაციულ ჩარევას ფასწარმოქმნასა და რესურსების განაწილებაში, რითაც საგრძნობლად ამარტივებს მმართველობის იერარქიულ ვერტიკალურ სტრუქტურას.

ბაზარი გარკვეულ კანონზომიერებებს ექვემდებარება. მისთვის დამახასიათებელია:
ა) საკუთრების პლურალიზმი და მეურნეობის მრავალფეროვნება;
ბ) მწარმოებელთა დამოუკიდებლობა და მათი ეკონომიკური პასუხისმგებლობა;
გ) მეწარმეობაში რეგლამენტაციის არქონა, რაციონალიზმი კონტრაჰენტის არჩევაში და სხვ.

ბაზარი, რომელიც შრომითი მოტივაციის ეფექტიან სისტემას ქმნის, პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების გაერთიანების მოქნილი მექანიზმია. საბაზრო კონკურენციის მონაწილის მამოძრავებელი სუბიექტური მიზანი - მაქსიმალური მოგების მიღება, ბაზრის „უხილავი ხელით”, საბოლოო ანგარიშით, ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ ინტერესებზე და აყალიბებს ობიექტურ კანონზომიერებებს, რომლებიც გამოხატულებას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში პოვებს.

განასხვავებენ კერძო და ტერიტორიულ ბაზრებს. კერძო ბაზრები იყოფა საქონლის, მომსახურების, სამუშაო ძალისა და კაპიტალის ბაზრებად. ტერიტორიული საზღვრების მიხედვით განასხვავებენ ადგილობრივ, ეროვნულ და მსოფლიო ბაზრებს. ამათგან თითოეულს ახასიათებს სპეციფიკური თავისებურებები, რომელთა გათვალისწინებასაც მაკროეკონომიკური რეგულირებისა და ცალკეული ფირმის საბაზრო სტრატეგიის შემუშავებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შრომის საზოგადოებრივი დანაწილების თანამედროვე დონე, ფართომასშტაბიანი წარმოების უპირატესობები, მაღალტექნოლოგიური და არაერთგვაროვანი საქონლისა და მომსახურების სახეობების განსაკუთრებული სიმრავლე, ეკონომიკური კავშირების მრავალფეროვნება და ა.შ. განაპირობებს ბაზარზე კონკურენციის მოდიფიკაციას.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები