კაპიტალის ბაზარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაპიტალის ბაზარი − (capital market), ფინანსური რესურსებით (ფული, აქციები, ობლიგაციები) ვაჭრობის, კაპიტალზე მოთხოვნისა და მიწოდების ფორმირების სფერო, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი სახსრების აკუმულაციასა და გადანაწილებას, ძირითადი კაპიტალის მოძრაობას, ხელს უწყობს მოგების მაქსიმიზაციასა და ეკონომიკაში პროპორციების შენარჩუნებას. კაპიტალის ბაზარზე თავს იყრის სახელმწიფო და კერძო ფირმების ფულადი დანაზოგები, რომლებიც საკრედიტო საშუალებების სახით წარიმართება კვლავწარმოების განვითარებისათვის. ერთდროულად კაპიტალი თავმოყრილია კრედიტორის ხელში ფასიანი ქაღალდების სახით. კაპიტალის ბაზარი მოიცავს ფასიანი ქაღალდების ბაზარს, საშუალო და გრძელვადიანი კრედიტის ბაზარს, ვალუტის ბაზრის განსაზღვრულ ნაწილს და ინვესტიციის (მათ შორის, უცხოურის) ბაზარს. კაპიტალის ბაზარზე ოპერაციების ძირითადი სახეებია: ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა, საბანკო სესხის, კომერციული და იპოთეკური კრედიტის მიღება-გაცემა. კაპიტალის ბაზარზე გარიგების ძირითადი ინსტრუმენტებია:

დეპოზიტური სერტიფიკატები, საბანკო აქცეპტები და ა.შ., ხოლო გარიგების კონტრაჰენტები - საფონდო ბირჟები, სადაზღვევო, საბროკერო და სადილერო კომპანიები, აუდიტორული ფირმები, კომერციული და საინვესტიციო ბანკები, საპენსიო და საინვესტიციო ფონდები და სხვ., რომლებიც საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების განშტოებულ ქსელს ქმნიან.

კაპიტალის ბაზარი სცილდება ცალკეული ქვეყნების საზღვრებს და მსოფლიო მეურნეობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. იგი დიდ როლს ასრულებს ახალი რეგიონული ეკონომიკური კომპლექსების შექმნაში, საგარეო ვაჭრობასა და საერთაშორისო ანგარიშსწორებაში. კაპიტალის მსოფლიო ბაზარზე კრედიტორისა და სესხის ამღების როლში ძირითადად გამოდიან მსხვილი ტრანსეროვნული ფირმები და ბანკები, სამთავრობო და მუნიციპალური ორგანოები, საერთაშორისო სავალუტო და საფინანსო ორგანიზაციები (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების ეროვნული ბანკი).

კაპიტალის ბაზარზე ძირითადი მაჩვენებელია პროცენტის განაკვეთი. ამ უკანასკნელის სტრუქტურა მოიცავს დისკონტს, კრედიტზე პროცენტულ განაკვეთს, ხაზინის თამასუქს და სხვ.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები