აკვასკია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკვასკია (აკοასკ- ა) - აფხ. „ოდა სახლი“. ხის ფიცრული, ძელებზე შემდგარი საცხოვრებელი. ერთ ოთახიანიდან თანდათან განვითარდა მრავალოთახიანამდე, აივნითა და ჯერ ხის და შემდეგ ქვის კიბეებით. აკვასკია აფხაზებში თავდაპირველად მხოლოდ ფეოდალებში გავრცელდა. საცხოვრებელში ყველაზე დიდი ოთახი ბუხრიანი (აგურით აშენებული) სასტუმრო იყო. სხვა ოთახები საქორწინო წყვილებსა და გაუთხოვარ ქალებს, ან უცოლო მამაკაცებს ეკავათ. სახლს ოთხფერდა სახურავი ჰქონდა და იგი ყავრით იყო გადახურული, რომელსაც თავდაპირველად 60-70 სმ სიგრძის და 3-4 სმ სიგანის მუხის ლარტყით ამაგრებდნენ. ოჯახის წევრები საქმეს მხოლოდ გვერდზე მდგარ ამაწურთა-ში აკეთებდნენ. აკვასკია ქართულ-აფხაზური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობების შედეგი იყო. იგი დასავლურ ქართული ოდა-სახლის ტიპს განეკუთვნებოდა, რომელსაც იატაკი, ჭერი, გადახურვა, სარკმლები და საცხოვრებლებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი ჰქონდა. იგი ცნობილი იყო მეგრული, იმერული ოდა-სახლის სახელით. უნდა აღინიშნოს, რომ ოდა სახლს აფხაზებში საბჭოთა წყობილებამდე დიდი გავრცელება არ ჰქონია. იგი აფხაზებში უმეტესად ქართველ ფეოდალებში და „მოკლე“ აამსთა-ს კატეგორიის და „ბაღის“, ანუ „ტყის“ აზნაურებში იყო გავრცელებული. რაც შეეხება თვით ტერმინს აკვასკია-ს, ზოგიერთიმეცნიერი ფიქრობს, რომ იგი თურქული ქონმაქ ფუძიდანაა ნაწარმოები, რაც სტუმარსა და სასტუმრო სახლს აღნიშნავს. უფრო მართებულია ამ სიტყვის დაკავშირება სპარსული ან თურქული წარმოშობის ქართულ კოშკი სახელთან. უმეტესად XX საუკუნის დასაწყისში აფხაზებმაც დაიწყეს ოდა სახლის გამართვა, მაგრამ მათ ამ საცხოვრებელს ქართველები (რაჭველები, გურულები, იმერლები და მეგრელები) უკეთებდნენ. ამ დროისათვის აფხაზ გლეხებში იგი მცირედ თუ იყო გავრცელებული.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები