ალაჭანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალაჭანი – სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ვერხველის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან – 1140 მეტრი, თიანეთიდან – 6 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 72 კაცი. ამჟამად შედის სოფელ ზარიძეებში. სახლობენ ივრისხეველი ფშავლები.

ადგილობრივი მოსახლეობა თავიანთი სოფლის სახელს რატომღაც ალაჰს და ტომის, ხალხის აღმნიშვნელ ტერმინსჭანს უკავშირებს; „ძველ დროს ალაჰს აქ ერთი ჭანი დაუსახლებია. მალე ჭანის ოჯახი ისე გამრავლებულა, მთელი სოფელი და თუ რამ ადგილ-მამული ყოფილა, იმას დაუჭერია. ჰყოლია კიდე ყმები. სად მიხვალ სამუშაოდო, თუ ჰკითხავდენ, ალაჰის ჭანს უნდა დავუდგეო, ალას ჭანთან ვიქნებიო. დაურქმევიათ იმ ადგილებისათვისაც ალაჭანი“ (სიკო აბალიშვილი).

გვიანფეოდალური ხანის ქართული საისტორიო ძეგლები ალაჭანს განსხვავებული სახით (ალაჭინი, ალაჯანი) იცნობენ. ეს განსხვავებული დაწერილობა სახელწოდების ბუნდოვანი შინაარსით უნდა იყოს შეპირობებული. „ამით დაუმტკიცეთ და შემოვსწირეთ ალაჯნით ჩვენს მოძმეს ლაშარის-ჯვარს ფიცხელაური პატარა და მაწაწია თვისის მამულით და მიწაწყლითა, ვენახითა“.'

უფრო ადრინდელ საბუთში (1170 წ.) ალაჭინი იკითხება: „დაოთი-კვირიკე კახთა მეფისაგან შემოწირული, ალაჭინი-ხახუილაგისგან შემოწირული“. ისიც უთუოდ საინტერესოა, რომ კახეთის ხალხთა XVIII საუკუნის I მეოთხედის აღწერის მასალებში სოფელ ქაშოს მცხოვრებთა შორის გვხვდება გვარი ალაჩაური, რომელიც შეიძლება ალაჭანთან დავაკავშიროთ:

„ალაჩაური შუშანა, უტოს მოჴელე". უნდა ვიფიქროთ, რომ ალაჩა|ალაჭა პიროვნული სახელია. მაშასადამე, შეიძლება დავუშვათ ალაჭანის ანთროპონიმული წარმომავლობა – ალაჭა-ან-ი: „სოფელი, რომელშიც ალაჭას შთამომავლებს უცხოვრიათ“, „ალაჭაანთ სოფელი“.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები