ლომთათიძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალექსანდრე ლომთათიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ლომთათიძე

ლომთათიძე ალექსანდრე სპირიდონის ძე - (1882 - 1924, ტაშკენტი) - პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ღარიბ ოჯახში. მისმა განსაკუთრებულმა ნიჭმა სოფლის სკოლაშივე მიიპყრო მასწავლებლების ყურადღება და, მათი დახმარებით, ერთი თბილისელი ექიმის ოჯახში მოხვდა, სადაც იგი ექიმის მეკარის როლს ასრულებდა, ხოლო თავისუფალ დროს მეცადინეობას ანდომებდა. გიმნაზიაში საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. უმაღლესი განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც სტუდენტურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა და ერთ-ერთ საუკეთესო ორატორად ითვლებოდა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და მოძრაობას უკვე გიმნაზიის წლებიდან დაუკავშირდა. თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან. პირველი მსოფლიო ომის დროს ა. ლომთათიძე თბილისის ხმოსანთა იმ მცირე ჯგუფში იყო, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობით და დირექტივებით, დემოკრატიულ ოპოზიციას წარმოადგენდა.

1917 წლის დემოკრატიული რევოლუციის დღეებში ის სოციალ-დემოკრატიული პარტიის უკვე აღიარებული ლიდერთაგანი იყო. როგორც დელეგატი, მონაწილეობდა პეტერბურგში სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობის მუშაობაში. დამოუკიდებლობის წლებში შედიოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ქვეყნის ხელმძღვანელ ბირთვში: იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, აირჩიეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ), ფაქტობრივად, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, რადგან თვით თავმჯდომარე, კარლო ჩხეიძე, დიდი ხნით ევროპაში იმყოფებოდა. აღნიშნულ პოსტზე ა. ლოთათიძემ თავი გამოიჩინა, როგორც შეუვალმა და მიუდგომელმა თავმჯდომარემ. დამფუძნებელი კრების დებატებს ის იშვიათი ტაქტით ხელმძღვანელობდა და პოლიტიკურ წრეებში დიდი ავტორიტეტიც მოიხვეჭა.

რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ (1921) მან, ს. ჯიბლაძესთან ერთად, საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა, მიუხედავად იმ საფრთხისა, რაც მას ბოლშევიკების მხრიდან მოელოდა. ამით მან თავის პარტიულ მეგობრებს, იმ უწმინდესი მოვალეობის მაგალითი მისცა, რასაც საკუთარი სამშობლოს დაცვა ჰქვია. ბოლშევიკები მას დაეძებდნენ. 1921 წლის მაისში ა. ლომთათიძე დააპატიმრეს. 1922 ის, სხვა მძევლებთან ერთად, სუზდალის ციხეში გაგზავნეს. გადასახლებაში მას გული და ფილტვები დაუავადდა, მიუხედავად ამისა, იგი ცივ, სუსხიან ჩუვაშეთში გაგზავნეს, სადაც ერთ მიყრუებულ სოფელში მიუჩინეს ბინა. თავის რჩენის მიზნით, ერთი ჩუვაშის ოჯახში შეშის მპობლად მუშაობდა. ამ ტანჯვა-წამებამ საბოლოოდ გატეხა მისი ჯანმრთელობა. ბოლოს ტაშკენტის ციხეში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა. ცნობილი სოციალ-დემოკრატი რ. არსენიძე მის შესახებ წერდა: „...თავმდაბალი და უბრალო, ის ყველასათვის მისაწვდომი იყო, მარა ამ თავმდაბლობაში ერთხელაც არ დაუხრია ძირს მაღალი დროშა იმ ვალდებულებების, რომელიც მას აწვა. ერთნაირის უბრალოებით ასრულებდა ის ერთსა და იმავე დროს ამ მაღალ ფუნქციას და თავის პარტიულ მოვალეობასაც, რომლის მუშაობაში განუწყვეტლივ იყო ჩაბმული. იგი არსად წინ არ მიიქაჩებოდა, მარა ბუნებრივად თავისი ნიჭით, ცოდნით, გამოცდილებით ამ წინა ადგილებზე ხვდებოდა პარტიის საერთო სურვილით, როგორც უდავოდ ღირსი დიდი ნდობის და მაღალი მოვალეობის... ხორცი მოკლეს, მარა მისი სული ერთხელაც არ შერყეულა. პირიქით, ის იქ სხვა გასახლებულთ ამხნევებდა და რევოლუციური ბრძოლის გზაზე მტკიცედ დგომას უქადაგებდა. საქართველოს განთავისუფლება იყო მისი ოცნება და უკანასკნელი სიტყვა. დატანჯული და განაწამები, როგორც თვით ქართველი ერი, იგი მის დალხინებულ ხანაში, უმაღლეს თანამდებობებზე იყო მოწადინებული ერის სამსახურით, როგორც ღირსეული მოღვაწე, ხოლო როცა მის სამშობლოს შავი დღეები დაატყდა, მან ქვეყნის ტანჯვა-ვაება გაიზიარა და მსხვერპლად შეეწირა თავის საყვარელ იდეას, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ამიერიდან მისი სახე სამარადისოდ აღბეჭდილია ამ ბრძოლის ისტორიის ფურცლებზე. ჩვენ, მისმა ამხანაგებმა მასში წრფელი და საყვარელი მეგობარი დავკარგეთ, ერმა დიდი მოღვაწე და თავდადებული შვილი. საქართველოს ისტორიამ კი მოიპოვა ერთი უდიდესი აკლდამათაგანი, მარად მოსაგონი და მისაბაძი“.

ა. ლომთათიძე გარდაიცვალა ტაშკენტის ციხეში. დაკრძალეს იქვე, ტაშკენტში.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

ჟურნალი „ბრძოლა“, პარ., 1925, №3.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ალექსანდრე ლომთათიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები