ალექსანდრე I (კახეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე I - (1454/56– 1511), კახეთის მეფე 1476- 1511 წწ. მეფე გიორგი VIII-ისა და დედოფალ ნესტან-დარეჯანის ძე.

ალექსანდრე I-ის მამის, დროს დაწყებული გაერთიანებული საქართველოს სამეფოს რღვევის პროცესი დასრულდა 1490 წ., როდესაც ქართლის სამეფო დარბაზმა აღიარა ერთიანი სამეფოს პოლიტიკური დაშლა. ალექსანდრე I-მა ზავი დადო ქართლის მეფე კონსტანტინე II-სთან, რის შემდეგაც საბოლოოდ დადგინდა კახეთის სამეფოს საზღვრები. 1477 წ. კახეთის ნაწილი მოარბია საქართველოში შემოჭრილმა თურქმანთა ბელადის უზუნ-ჰასანის ჯარმა. ალექსანდრე I-მა უზუნ-ჰასანს მორჩილება აღუთქვა, ძღვენი მიართვა და დაუზავდა. შემდგომშიც ალექსანდრე I ყოველთვის ცდილობდა დათმობების, მოჩვენებითი ერთგულების, ხარკის გადახდის გზით დაეცვა კახეთი მტერთა გამანადგურებელი შემოსევებისგან და ამას ახერხებდა კიდეც. ასეთივე პოლიტიკას მისდევდნენ ალექსანდრე I-ის შთამომავლებიც, რამაც კახეთს (საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებისგან განსხვავებით) საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მშვიდობიანი განვითარების საშუალება მისცა. საგარეო აგრესიისგან სამეფოს დაცვამ ხელი შეუწყო კახეთის ეკონომიკურ დაწინაურებასა და ალექსანდრე I-ის აღმშენებლობით საქმიანობას.

ისტორიული საბუთების მიხედვით, ალექსანდრე I დიდ ყურადღებას უთმობდა ეკლესია-მონასტრების, განსაკუთრებით, კახეთის რელიგიური ცენტრის, ალავერდის ტაძრის გამშვენება-შემკობას. ალექსანდრე I-მა, მისმა დედამ, დედოფალთდედოფალმა, ნესტან-დარეჯანმა და მეუღლემ დედოფალმა ანამ, ალავერდის ტაძარი „აღაშენეს და გაწმინდეს ყოვლისაგან დუარძლისა“, აღადგინეს „დაქცეული და დაძველებული სამჴრენი და გუმბათნი“. ალექსანდრე I-მა ასევე „დაახატვინა და შეამკო ჯუარითა და ხატითა, წიგნითა და ეკლესიის შესამკობელითა... აღავსო სიწმიდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმიდათათა, წმიდათა ხატთა და სიწმიდისა სამსახურებელთა ყოვლად დიდებულთა ყოვლითა სიკეთითა, შესწირნა მრავალნი გლეხნი სამსახურებულად წმიდისა გიორგისა (ე.ი. ალავერდის) და მოწესეთა მისთათუის“. ყმა-მამული ალექსანდრე I-მა შესწირა არა მარტო ალავერდს, არამედ შუამთის მონასტერსაც და ორივე მონასტერში აღაპი განიჩინა.

ალექსანდრე I-ის მეფობის დროს კახეთის ეკლესია-მონასტრები და აქ არსებული სვეტიცხოვლის მამულები მოიარა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, აბრაჰამ II აბალაკმა (1492–1497). ალექსანდრე I-მა ქართველ მეფე-მთავართა შორის პირველმა დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, სადაც 1483 და 1491 წწ. ელჩობები გაგზავნა.

ალექსანდრე I-ს მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა ქართლის სამეფოსთან, რასაც ეწინააღმდეგებოდა მისი ძე გიორგი (ავგიორგი), რომელიც ხშირად არბევდა ქართლს და ალექსანდრე I-საც ქართლზე ლაშქრობისკენ აქეზებდა. ალექსანდრე I მეორე შვილ დიმიტრისთან ერთად კატეგორიულად სთხოვდა გიორგის ქართლზე თავდასხმების შეწყვეტას. ამ ნიადაგზე მამა-შვილს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი იმით დამთავრდა, რომ გიორგიმ მოკლა მამა – ალექსანდრე I და დააბრმავა ძმა, დიმიტრი. კახეთის ტახტზე ასულ მამის მკვლელ გიორგი მეფეს იმთავითვე ავგიორგი უწოდეს.

მ. ბახტაძე

Logo1.JPG ალექსანდრე I მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები