ალის წმინდა გიორგის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალის წმინდა გიორგის მონასტერი - ნაეკლესიარი, (ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია), მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, ფოცხოვის ხეობაში ვალეს მახლობლად, სოფელ ალში (ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორია).

„ალის მონასტერი“ ჯაყელთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. აშენებულია ბაგრატ III-ისა (975-1014) და დავით კურაპალატის (გ. 1001) დროს, X საუკუნის დამლევს. „ალის მონასტერი“ დ. ბაქრაძემ (1874) და პ. უვაროვამ (XIX ს. 90-იანი წწ.) ინახულეს და აღწერეს. დ. ბაქრაძის დროს მონასტერი კარგად ყოფილა დაცული, პ. უვაროვას აღწერილობაში კი ეკლესია უკვე ძლიერ დაზიანებულია – აღარ ჰქონდა გარე და შიდა პერანგი, გუმბათის საყრდენი სვეტები მორყეული იყო. ეკლესიის სამშენებლო თლილი ქვები გამოუყენებიათ მეჩეთის კედლების, სასაფლაოს ძეგლების, საცხოვრებელი სახლების საკვამლე მილების, ეზოების გალავნების ასაშენებლად.

XIX ს. 90-იანი წლებისათვის „ალის მონასტერში“ მოხატულობის ორი სხვადასხვა პერიოდისა და სტილის ფენა იყო შემონახული. ეკლესიის გარშემო სამონასტრო კომპლექსის სხვა შენობების კვალიც იყო შემორჩენილი. ტაძარს ჰქონდა წარწერა, რომელიც 1899 წ. თბილისში ჩამოიტანეს და საეკლესიო მუზეუმს გადასცეს. დღეს „ალის მონასტრის“ ეკვდერის წარწერიანი ქვა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ეპიგრაფიკულ ფონდში. წარწერა პალეოგრაფიულად და მასში მოხსენიებული პირების მიხედვით თარიღდება XI საუკუნის I ნახევრით. ის ჯაყელთა საგვარეულოს ისტორიის შესახებ არსებული ყველაზე ადრეული წყაროა. ჩვენამდე მოაღწია „ალის მონასტრის“ სვინაქსარმა (51245, XIII ს.) და მეტაფრასმა (H 1347, XI-XII სს.), რომლებიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. ამ ხელნაწერების მინაწერები შეიცავენ საისტორიო ცნობებს სამონასტრო მეურნეობის მდგომარეობისა და სამცხეში სოციალ-ეკონომიკურ ურთიერთობების შესახებ.

შ. მურუსიძე

ლიტერატურა

კლდიაშვილი დ., ჯაყელ ბოცოსძეთა საგვარეულოს ისტორიისათვის XI-XII სს. ეკვდერის წარწერა (ალის ეკლესიის), საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მაცნე“, ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1979, #3.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები