ამერიკული სიდამპლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამერიკული სიდამპლე

ამერიკული სიდამპლე – ფუტკრის დაავადება. ეს დაავადება ძირითადად გადაბეჭდილ ბარტყში ვითარდება, მაგრამ თუ ავადმყოფობა ფუტკრის ოჯახს ძლიერ მოედო, მაშინ გადაუბეჭდავ ბარტყსაც აზიანებს. დაავადება თავს იჩენს უმთავრესად ზაფხულის პირველი ნახევრიდან, მისი გამომწვევი ბაცილა ლარვე ძალზე მოძრავი და გამძლე მიკრობია, წვრილი ჩხირების ფორმა აქვს და განვითარების ხელსაყრელ პირობებში ქმნის სპორებს.

სპორას მზის სხივები კლავს 28-41 საათის განმავლობაში, 2%-იანი ფორმალინი 30- წუთში, 100 გრადუსზე გაცხელებულ წყალში ის იღუპება 11 წუთში, ხოლო 100 გრადუსზე გაცხელებულ თაფლში 40 წუთში.

ამერიკული სიდამპლით დაავადებული ფიჭა აჭრელებულია, რადგან მასზე სხვადასხვა ხნოვანების ბარტყი იმყოფება, უმთავრესად გადაბეჭდილ ბარტყიან უჯრედებში, დაავადებული ბარტყის დაღუპვის შემდეგ უჯრედის სახურავი დაზნექილი ან ჩახვრეტილია. თუ უჯრედის სახურავს გადავხსნით, დამპალი ბარტყის მასას ასანთის ღერით ამოვწევთ, ის ძაფის მსგავსად გაიწელება, მაგრამ თუ ბარტყი უჯრედის გადაბეჭდვამდე დაიღუპა, მაშინ ის მაგრადაა მიკრული უჯრედის კედლებზე და ფუტკრებს ძალა არ შესწევთ მისი უჯრედიდან გამოტანისათვის.

დაავადებული ფუტკრის ოჯახის მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მისი გადასხმა ახალ სკაში; თავდაპირველად უნდა მოვძებნოთ დედა ფუტკარი, მოვათავსოთ გალიაში და ისევ დავუბრუნოთ თავის ოჯახს, დღის ბოლოს კი, როცა მფრინავი ფუტკარი სკაში დაბრუნდება, ავადმყოფი სკა თავისი ადგილიდან უნდა გადავდგათ და მის ადგილზე დავდგათ დეზინფიცირებული სკა, რამდენიმე ხელოვნურფიჭიანი ჩარჩოთი, სკის წინა მხარეს გავშლით ქაღალდს და ზედ დავბერტყავთ ავადმყოფი ოჯახის ფუტკრებს, ფუტკრები ახალ სკაში ბოლის საშუალებით შეგვყავს; ფუტკრის ოჯახს ვართმევთ გალიაში ჩასმულ ძველ დედა ფუტკარს და მის სანაცვლოდ ახალგაზრდა განაყოფიერებულ დედას ვაძლევთ.

სკის წინ გაფენილ ქაღალდს ვწვავთ, მის წინა და ირგვლივ მიწას ვბარავთ და ზედ 10%-იან კირის ხსნარს მოვასხამთ. დაავადებული ოჯახის სკას და ჩარჩოებს დროებით ვინახავთ ისეთ შენობაში, სადაც ფუტკრებს შეღწევა არ შეუძლიათ.

დაავადებული ოჯახის გადახსმის შემდეგ დარჩენილი ფიჭები უნდა გავანადგუროთ.

სკები და ჩარჩოები კი უნდა გამოვწვათ სარჩილავი ლამპის ალზე, ხოლო გამოწურული თაფლი შევინახოთ ჰერმეტიულად დახურულ ჭურჭელში, ასეთი თაფლის რეალიზაცია გვიან შემოდგომით ან ზამთარში შეიძლება.

დაავადებული ოჯახის მკურნალობა სასურველია დავიწყოთ გაზაფხულზე. სამკურნალოდ ვაძლევთ: 1 კონცენტრაციით დამზადებულ 1 ლიტრ შაქრის სიროფში გახსნილ რომელიმეს შემდეგი პრეპარატებიდან: პენიცილინი ან პოლიმიქსინი 900 ათ. ერთეული; ერითრომიცინი, მონომიცინი, ტეტრაციკლინი ან ნეომიცინი 400 ათ. ერთეული; სტრეპტომიცინი, ბიომიცინი 500 ათ. ერთეული; ნორსულფაზოლი - ნატრიუმი და ფურაზოლიდინი ერთი გრამი; სულფამიდი ორი გრამი. ასევე გამოიყენება უახლესი პრეპარატები ვესტა, ბაქტოციდი და სხვ.

თბილი სამკურნალო სიროფი ფუტკარს ეძლევა საღამოს 100- 150 მლ. გაანგარიშებით ერთ ჩარჩო ფუტკარზე, ყოველი 5-7 დღის ინტერვალით, გამოჯანსაღებამდე.

წყარო

მეფუტკრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები