ამშშარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-მშშარა (აფხ. Амшшьара) – აკრძალული, ტაბუირებული დღე. ასეთ დღეებში იკრძალებოდა რიგი სამუშაო (მაგ., ქსოვა, კერვა, დაგვა, ლესვა და სხვ.), ოჯახიდან რაიმე ნივთის (ნაგვისაც კი) გატანა, განათხოვრება ან გასაჩუქრება, გაყიდვა; სახლიდან გასვლა და ა.შ. ამშშარას, ზოგან, მთელი გვარი იცავდა, ზოგან ცალკეული ოჯახები. მაგალითად, სოფ. ჯგერდაში მცხოვრები აშუბები აკრძალვებს ორშაბათს და სამშაბათს იცავდნენ, მეზობლად მცხოვრები შარმათების გვარი – ორშაბათს, ბაგაფშები – შაბათს, ჯიკირბები – ორშაბათს და ხუთშაბათს, ლეიბები – ოთხშაბათს, შაკრილები – შაბათს, კვიწინიები – კვირას, კაკბები – ოთხშაბათს. ქალი გათხოვების შემდეგ ვალდებლი იყო დაეცვა როგორც ქმრის გვარის, ისე მამისეული ოჯახის ამშშარა; ასე რომ მას შეიძლებოდა კვირაში ოთხი დღეც გამოსვლოდა. ამიტომაც იტყოდნენ აფხაზები ამშშარა ზარმაცების არისო. საამშშარო დღეებს ოჯახი თავად აწესებდა.

ამშშარა, როგორც ამას ნ. ჯანაშია აღნიშნავს, „წმინდა დღედ“ ითვლებოდა. ეს იმიტომ, რომ აკრძალვები აუცილებელი დასაცავი იყო და არა იმის გამო, რომ ოჯახი ასეთი დღის დაწესებას რაიმე კეთილ ძალას მიაწერდა. პირიქით, ყოველი გვარი თუ ოჯახი ამშშარას წამოწყებას ერთ დროს ოჯახში თუ გვარში მომხდარ უბედურებასთან (სიკვდილი, დაშავება, ზარალი და სხვ.) აკავშირებდა, ე.ი. თვლიდა, რომ ამ დღეს მის ოჯახს ბოროტი ძალა მოიცავდა და მისგან განრიდების მიზნით ასრულებდა დადგენილ წესს. მართალია, აკრძალვის დღეებში ხდებოდა მაგიური ხასიათის მოქმედებაც (მაგ., სახლიდან საგნის არგატანა, რასაც საფუძვლად უდევს რწმენა, რომ ნივთს თუ საგანს ოჯახის კეთილდღეობაც თან მიჰყვება), მაგრამ ამშშარას მხოლოდ მაგიასთან დაკავშირება უმართებულო იქნებოდა. ამშ-შარა, უპირველეს ყოვლისა, რელიგიურ ტაბუს წარმოადგენს.


ლიტერატურა

  • Н. Державин. Абхазия в этнографическом отношению // СМОМПК. 1907. Вып. 37;
  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сухуми, 1960;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сухуми, 1957;
  • Е. Шиллинг. Абхазы // Религиозные верования народов СССР, т. II, М.-Л., 1931.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები