ანაგრამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანაგრამა – (ბერძ. annagrama < ana – გადა და grama – ასო), სიტყვასა ან სიტყვათშეხამებაში შემავალ ბგერათა (resp. ასოთა) გადასმა, რის შედეგადაც მიიღება იმავე ბგერითი შედგენილობის, მაგრამ სხვა შინაარსის სიტყვა ან ფრაზა; ლარი – ლირა, ცხვირი – რიცხვი…, ანაგრამული წესით ხშირად ადგენენ ფსევდონიმებს. მაგ.: ეძიოთ ა. < ა. თოიძე; დოთე < თედო [რაზიკაშვილი]; ესმო < მოსე [ჯანაშვილი]; ტონკმელი < მელიტონ კ[ელენჯერიძე] და სხვ.

ანაგრამა ტექსტის ფუნქციური ორგანიზაციის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც ამოსავალი სიტყვის (ჩვეულებრივ საკუთარი სახელის) შემადგენელი ბგერები თუ მარცვლები მიზანსწრაფულად მეორდება სხვა სიტყვასა თუ სიტყვებში.

ანაგრამის შექმნას მიაწერენ ბერძენ გრამატიკოს ლიკოფრონს (ძვ. წ. III ს), თუმცა ანაგრამის გამოყენების მაგალითები ბეგრად უფრო ძველია. ანაგრამა წარმოშობით მაგიასთან არის დაკავშირებული და წარმოადგენს ძვ. რელიგიურ ტექსტებში სახსენებლად აკრძალული საკრალური სახელის დაშიფვრის ხერხს ფონეტიკური კოდირების გზით – საკრალურ სახელში შემავალი ბგერებისა და მარცვლების გამეორებით – მათი სხვადასხვა კომბინაციით.

თავდაპირველად ანაგრამს მიმართავდნენ უფლის (ღვთაებების) სახელის, მოგვიანებით კი ნებისმიერი არაგასამჟღავნებელი სახელის (მეფის, გმირის, ავტორის) დასაშიფრად, მაგრამ უცვლელი რჩებოდა „შეფარვით თქმის“ ჰრინციპი. ვრცელ რიტუალურ ტექსტებში ზოგჯერ სახელის პირდაპირი ხსენება და ანაგრამა ერთმანეთს ენაცელებოდა სხვადასხვა ფრაგმენტებში, ზოგჯერ – ერთი ფრაგმენტის ფარგლებშიც კი.

ანაგრამის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა საკრალური სახელის დაშიფვრა თანამიმდევარ სიტყვათა მიჯნაზე (წინა სიტყვის აუსლაუტი + მომდევნო სიტყვის ანლაუტი), ახალი, მესამე სიტყვის წარმოქმნის გზით. ასეთი რამ გვხვდება ზმისა და ე.წ. სდვიგის შემთხვევაშიც (მაგ. პუშკინთან: «Слихали пь вы за рощей глас ночной»), მაგრამ მიუხედავად ფორმალური მსგავსებისა და ზოგჯერ დამთხვევისა, ანაგრამა პრინციპულად განსხვავდება მათგან. თავისი ფუნქციით ანაგრამა გათვლილია არაცნობიერზე ზემოქმედებისათვის.

ანაგრამას ხშირად მიმართავენ როგორც სტილისტიკურ ან კრიპტოგრაფიულ ხერხს. ანაგრამული პრინციპი ვლინდება სხვა ნიშნურ სისტემებშიც (მაგ., მუსიკაში). ანაგრამული წყობა, როგორც ვრცელი სიტყვის (სახელის) გარემომცველ სიტყვებში (მარცვლებსა და ფონემებში) გამოხატვის ხერხი, ფართოდ არის გამოყენებული ძვ. ინდოევროპულ პოეზიაში (ფ. დე სოსიური). ვედურ ჰიმნებში, ჰომეროსის პოემებში, რომაულ პოეზიაში, გერმანულ ალიტერაციულ ლექსში, ფრანგულ ვიიონის პოეზიაში და სხვ. მაგ., „ოდისეას“ მე–II თავში (სტრიქონი 400). („საშინელი მობერვით მძაფრ ქარიშხალთა აღმმართველმა“) დაშიფრულია სახელი აგამემნონი. ანაგრამის პრინციპი უცხო არ არის „ვეფხისტყაოსნისთვისაც“. პოემის ეპილოგში ანაგრამული წესით დაშიფრულია თამარ მეფის სახელი: „ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად“ (1584, 13).

ანაგრამამ მაგიასა და საკრალურობასთან კავშირის დაკარგვის შემდეგ ლიტერატურის „დაბალ“ ჟანრებში (გამოცანები, შარადები, ეპიგრამები) გადაინაცვლა.

ი. ქობალავა
მ. ქურდიანი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები