ანაჰითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანაჰითის ქანდაკების ფრაგმენტი - ბრინჯაოს თავი. ინახება ბრიტანეთის მუზეუმში

ანაჰით-ი/ანაით-ი (სომხ. Անահիտ / Անաիտ) – ნაყოფიერებისა და სიყვარულის ქალღმერთი, არამაზდის ცოლი (ვარიანტი: ასული) სომხურ მითოლოგიაში. არის ვარაუდი, რომ თავდაპირველად „ანაჰითი/ანაითი“ და „ასთღიკი“ ნაყოფიერებისა და სიყვარულის ქალღმერთის ორი სახელი იყო და ანაჰითი/ანაითი და ასთღიკი მხოლოდ მოგვიანებით გახდნენ დამოუკიდებელი ღვთაებები. ანაჰითის სახელს, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ნაყოფიერების კულტი, რაშიც ირანული მითოლოგიის ქალღმერთის – არდვისურა ანაჰითის – გავლენა შეინიშნება; ამ გავლენით, ანაჰითის კულტის ბუნებაც შეიცვალა: მან თავდაპირველი ორგიასტული ხასიათი დაკარგა; შეიძინა პითეტები: „დიდი ქალბატონი“, „ყოველგვარი უბიწოების დედა“, „ხალხის დიდება და მხსნელი“, სომეხთა ქვეყნის „მფარველი“, „ადამიანთა მოდგმის კეთილისმყოფელი“ (აგათანგელოსი). სომხეთში ქრისტიანობის ოფიციალურ მიღებამდე ანაჰითის კულტი ფართოდ იყო გავრცელებული; მრავლად იყო მისი სახელობის ტაძრებიც, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი ერიზში მდებარეობდა და მთელი პროვინცია ანაჰითის სახელით (ანაჰი-თაკანი) იწოდებოდა; ელინისტურ ხანაში გაიგივებული იყო იუნონასთან, ათენასთან, არტემიდასთან: არმავირში ანაჰითის სტატუეტის გვერდით არტემიდას გამოსახულება იდგა (ხორენაცი); თარონში, ერთ-ერთ მთაზე განთავსებული იყო „ანაჰითის ტახტი“ (ატორნ ანაჰთა).


ანაჰითს პატივს მიაგებდნენ ვარდავარის დღესასწაულზე; მისი სახელობის საგაზაფხულო დღეობა აღინიშნებოდა 7 აპრილს, რომელიც ქრისტიანულ ეპოქაში ღვთისმშობელს დაუკავშირდა, ხოლო ამჟამად დედობისა და სილამაზის დღეა.


ლიტერატურა

  • Агатангелос. История Армении. Пер. с древнеарм., в ступ. ст. и коммент. К. С. ТерДавтян, С. С. Аревшатяна. Ереван, 2004;
  • Ананикян М. А. Мифы Армении. М., 2010;
  • Арутюнян С. Б. Анахит // Мифологический словарь. Гл. редактор Е. М. Мелетинский. М., 1991;
  • Вардумян Г. Д. Дохристианский пантеон // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები