ანთროპოგონიური მითები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანთროპოგონიური მითები - (ძვ. ბერძ. ανθρωπος — „ადამიანი“ + γονή „წარმოშობა“), რომლებიც კოსმოგონიური მითების შემადგენელს, კოსმოგონიური ციკლის დამამთავრებელს წარმოადგენენ და მოგვითხრობენ ადამიანის, ხალხის პირველწინაპრის, პირველი ადამიანური წყვილის გაჩენის (შექმნის) შესახებ. გავრცელებულია ცხოველი-ტოტემისგან ადამიანის ან მცენარისგან ანთროპომორფული არსების წარმოშობის ან კიდევ მისი თიხისგან შექმნის მითები. ზოგჯერ შეიძლება, თვალი მივადევნოთ ადამიანის სხეულისა და სულის შექმნის განსხვავებას. რიგ მითოლოგიურ სისტემაში (მაგალითად, ბუდიზმში) სული დამოუკიდებლად ცხოვრობს, სახლდება რა ადამიანში, როგორც კაცი სახლში. განსაკუთრებული ანთროპოგონიური აქტი — ადამიანთა გაცოცხლება ან მათთვის სულის შთაბერვა გვხვდება დუალისტურ მითებში: როცა დემიურგის მოწინააღმდეგეს არ ძალუძს ნორმალური იერის ადამიანის შექმნა და მისი გაცოცხლება, დემიურგი ადამიანს ანთროპომორფულ სახეს აძლევს და სულსაც შთაბერავს. პირველი ადამიანი პირველი მოკვდავი ხდება, რაც ოქროს ხანის დასასრულად არის აღქმული.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ჩერქეზულ მითოლოგიაში ანთროპოგონია კოსმოგონიური ციკლის, კერძოდ, ლანდშაფტის ჩამოყალიბების პარალელურად მიმდინარეობს. ერთ-ერთ ყაბარდოულ მითოლოგიურ ტექსტში („ძველი ნართების სიმღერა“) ეპიკური გმირი, სოსრუყო, გვიყვება:

„როცა ქვეყნიერება, ო, დუნეჲ, ის-ის იყო იქმნებოდა,
მწვანე მიწა, ო, დუნეჲ, ის-ის იყო მკვრივდებოდა,
იმ დროს მე, ო, დუნეჲ, აკვანში ვიწექი.
როცა ბადეს ჭიმავდნენ, ო, დუნეჲ, მიწის საფუძველს,
როცა მწვანე მიწას, ო, დუნეჲ, ცხვრები ბეკნიდნენ,
იმ დროს მე, ო, დუნეჲ, ყმაწვილი ვიყავი — ბატკნების მწყემსი.
როცა ბეშთაუს მთა, ო, დუნეჲ, ბურცობი იყო,
როცა ტყე ბეშთაუზე, ო, დუნეჲ, ბუჩქნარი იყო,
იმ დროს მე, ო, დუნეჲ, შუახნის მამაკაცი ვიყავი.
როცა მძლავრ ინდილზე, ო, დუნეჲ, გადაბიჯება შეიძლებოდა,
იმ დროს მე, ო, დუნეჲ, უკვე ჭაღარა ვიყავი.

ტექსტის მიხედვით, ეპიკური გმირი პირველ ადამიანად, პირველწინაპრად წარმოდგება.



წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები