აჟა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჟა - (ლაკ. Ажа – ქალის სახელი) – დაღესტნური (ლაკური) საკულტო ქვა, სვეტისმაგვარი ბლოკი, რომლის ზედა ნაწილი წარმოადგენს ადამიანის მსგავს ფიგურას სქესობრივი ნიშნის გარეშე; მდებარეობს სოფ. ხოსრეხში. ხანგრძლივი გვალვის დროს ხოსრეხელები აჟასთან მიდიოდნენ, მას ვერტიკალურად დააყენებდნენ, ერბოს წაუსვამდნენ და წვიმის გამოგზავნას ევედრებოდნენ; წვიმის მოსვლის შემდეგ კვლავ წააქცევდნენ. აჟას თაყვანით ეპყრობოდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმეს შეთხოვდნენ, სხვა დროს მის მიმართ უცერემონიონი იყვნენ.

მთიანი დაღესტნის ზოგიერთ ადგილებში დღემდე შემორჩა ე. წ. „ქვის ქალები“, რომლებთანაც გარკვეული გადმოცემები და საწესო მოქმედებები იყო დაკავშირებული, მაგალითად, ლაკთა სოფ. კაიაში არსებული 1 მ-ის სიმაღლისა და 0.6 მ-ის სიგანის ანთროპომორფული ქვის სტელა, რომელსაც ლოცვის დღეებში ერბოს უსვამდნენ, წვიმისა და შვილიერების მომნიჭებლად ითვლებოდა; აშკარაა, რომ მისი ქალური ბუნება ხაზგასმულია სტელის მუცლის არეში არსებული ჩაღრმავებით, რაც მდედრულ წიაღთან არის დაკავშირებული. დაახლოებით ასეთივე ფორმისაა სოფ. თაბაჰლუში ყუმუხისკენ მიმართულ გზაზე მდგარი სტელა, რომელსაც ლაკები აღუ ბაჲ ჴუნს (аIгъу бай къун – „ცხიმწასასმელი ქვა“) უწოდებენ. სოფლის მოსახლეობა წვიმის გამოთხოვისა თუ სხვა საჭიროების მიზნით, მას ერბოს უსვამდა.

თაბაჰლუს „ცხიმწასასმელ ქვას“ მრავალგვარი ლეგენდა უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ესაა მიწისქვეშა სამეფოდან გამოქცეული და გაქვავებული ახალდაქორწინებულები, რომლებმაც ვაჟის მამასთან – მიწისქვეშეთის მეფესთან – ცხოვრება არ ისურვეს. სხვა ლეგენდის მიხედვით, იგი გაქვავებული დედა-შვილის ქანდაკებაა: თურმე, ერთი ქალი ხორბალს მკიდა; იქვე ედგა აკვანი ბავშვიანად; ქალს მკის დამთავრება უნდოდა, მაგრამ დღე ილეოდა და მზეც ჩადიოდა; მაშინ მზეს შეხვეწებია, სამუშაოს დასრულებამდე ცის კაბადონზე დარჩენილიყო; მზეს თხოვნა შეუსმენია და კვლავ მაღლა ამოწეულა; ამისთვის ყურადღება მიუქცევია მუსლიმ ღვთისმსახურს, რომელიც მარხვას ინახავდა, და მზისთვის უკითხავს, რატომ არ ჩადიოდა; როცა მზეს მიზეზი აუხსნია, მას ქალის გაქვავება უსურვებია; ქალი ამ დროს ბავშვს ძუძუს აჭმევდა და შვილთან ერთად ქვად ქცეულა.


ლიტერატურა

  • Булатова А. Г. Лакцы. Махачкала, 1971;
  • Булатов А. Исторические корни некоторых этнографических сюжетов в Дагестане // СЭ, 1989, № 4;
  • Гаджиев М. Г., Маммаев М. М. Каменное антропоморфное изваяние из Экибулака // Древние памятники Северо-Восточного Кавказа. Махачкала, 1977;
  • Гаджиев Г. А. Верования и обряды: доисламский период. Махачкала, 1993.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები