აჟანის ვენგერკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აჟანის ვენგერკა

აჟანის ვენგერკა - (D’Agen); სინონიმები: აჟანკა, დ’ანტი. ქლიავის ამ ჯიშის სახელწოდება წარმოშობილია ქალაქ აჟანის (საფრანგეთი) სახელისაგან, სადაც ეს ჯიში ფართოდაა გავრცელებული.საფრანგეთიდან აჟანის ვენგერკა გავრცელდა ევროპაში და ჩრდილო ამერიკაში.

საქართველოს პირობებში აჟანის ვენგერკა გვხვდება მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროზე და ისიც ცალკეულ ხეებად. თუმცა აჟანის ვენგერკა კარგ მაჩვენებლებს იძლევა მოსავლიანობის მხრივ (40–45 ცენტნერს ერთი ჰექტარიდან), მაგრამ მისი მოსავლიდან დამზადებული ჩირი ბევრად ჩამოუვარდება იტალიური ვენგერკიდან დამზადებულ „შავ ქლიავი“–ს ჩირს; ამ მიზეზის გამო იტალიურმა ვენგერკამ განდევნა ერთ დროს გავრცელებული აჟანის ვენგერკა აფხაზეთიდან.

ხე ხასიათდება მაღალი აგებულობის მომრგვალო ვარჯით, დატოტვა საშუალო სიხშირისა აქვს. ფოთოლი უკუკვერცხისებრი ფორმისაა, მუქი მწვანე ფერის, ნაკლებად შებუსვილი. ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს. ჯიში თვითსტერილია.

ნაყოფი მწიფდება აგვისტოს შუა რიცხვებში. ნაყოფი საშუალო სიდიდსაა (4,1X3,4 სმ.). ერთი ნაყოფის საშუალო წონა 25,6 გრამს უდრის. ნაყოფის ფორმა ოვალურია, ღარი სუსტად ემჩნევა.

ნაყოფის კანი მოშავო–ლურჯია, ზევიდან გადაჰკრავს ცვილისებრი ფიფქი. ნაყოფის ხორცი მოყვითალო–მწვანე ფერისაა, მკვრივი, მომჟავო–ტკბილი, საკმაოდ წვნიანი. კურკა კარგად სცილდება ნაყოფის ხორცს; იგი ნაყოფის წონის 3,2%–ს შეადგენს. ნაყოფჭამია ნაკლებად აზიანებს აჟანის მოსავალს (ნაყოფს).



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები