არჩილ სტეფანოზისძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არჩილ სტეფანოზისძე – VIII ს. – წმ. მოწამე (ხსენების დღე 21.06./04.07) ქართლის ერისმთავარი. ჯუანშერისა და ლეონტი მროველის მატიანეში მოხსენიებულია მეფედ. მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისი, ხოლო აფხაზეთის ერისთავი ლეონ I მისი ყმადნაფიცი იყო. არჩილ სტეფანოზისძე უფროს ძმასთან, მირთან, ერთად მურვან ყრუს წინააღმდეგ იბრძოდა (735-738) და ანაკოფიის ციხესთან არაბთა სარდლის დამარცხებაც შეძლო.

კახეთ-ჰერეთში არჩილ სტეფანოზისძე მრავალი ციხე და ეკლესია-მონასტერი ააშენა, ქრისტეს რჯულზე მოაქცია ისტორიულ ალბანეთში მცხოვრები ნუხპატელები. არაბთა ერთ-ერთი მორიგი შემოსევის დროს არჩილ სტეფანოზისძემ გადაწყვიტა, ქვეყანა აოხრებისაგან ეხსნა და მტრის სარდალს, ვინმე ასიმს ეახლა. თავიდან არაბებმა არჩილ სტეფანოზისძე კარგად მიიღეს, მაგრამ მფარველობისა და მრავალი სიკეთის სანაცვლოდ ისლამის მიღება მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ ასიმმა არჩილს დაპატიმრება ბრძანა. ამ დროს სარდალთან მივიდა ერთი გამაჰმადიანებული გარდაბნელი მთავარი, რომელსაც ძველი სასისხლო დავა ჰქონდა არჩილის სახლთან. შურისძიების მიზნით მან შეაგულიანა არაბთა სარდალი, აუწყა რომ არჩილმა იცოდა ქართლის მეფეთა საგანძურის ადგილსამყოფელთ აგრეთვე იმ განძის ადგილი, რომელიც ვითომ ჰერაკლე კეისარს დაუფლავს ქართლში ყოფნის დროს. ასიმმა არჩილს კვლავ მოსთხოვა გამაჰმადიანება და საგანძურის ადგილის გამხელა, რის სანაცვლოდაც ქართლის ტახტს დაჰპირდა. არჩილმა ქრისტიანობის „დატევებაზე“ უარი განაცხადა და „მსწრაფლ წარმავალ დიდებასა“ და პატივს მოწამებრივი სიკვდილი არჩია.

არჩილი 20 მარტს სიკვდილით დასაჯეს. კახეთიდან მოსულმა ერთგულმა ყმებმა მოიპარეს მეფის ცხედარი, წამოასვენეს და მის მიერვე აგებულ ნადოკრის ტაძარში (ერწო, მცხეთის ჩრდ. მხარე ) დაკრძალეს. არჩილის გარდაცვალების ზუსტი თარიღი დღემდე დადგენილი არ არის, რადგან „ქართლის ცხოვრების“ ის ნაწილი, რომელშიც „არჩილის ცხოვრება“ არის შესული, ქრონოლოგიურ წყვეტილებს შეიცავს, ამის გამო მისი გარდაცვალების სავარაუდო თარიღი მერყეობს 744 წლიდან 787 წლამდე.

არჩილის წამება XI ს. ლეონტი მროველმა აღწერა, სავარაუდოდ უკვე VIII ს. შექმნილი თხზულების საფუძველზე. XVIII ს. I ნახევარში ბესარიონ კათოლიკოსმა (ორბელიშვილი) არჩილის ვრცელი, მეტაფრასული რედაქციის „წამება“ შექმნა. ანტონ I-მა თავის „მარტირიკაში“ შეიტანა „არჩილის წამება“, რომელსაც დაურთო ვრცელი საღვთისმეტყველო შესავალი და გმირის სულიერი თვისებების წარმომჩენი შესხმა-ქება. მასვე ეკუთვნის არჩილისადმი მიძღვნილი 2 ჰიმნოგრაფიული კანონი.

„არჩილის მონასტრის“ სახელით ცნობილია სამონასტრო კომპლექსი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადოკრის ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ-ზე, სიონის გორაზე. კომპლექსში შედის მიჯრით მდგარი ორი დარბაზული ეკლესია და ხუთსართულიანი კოშკი, აგრეთვე მარანი, საცხოვრებელი შენობისა და გალავნის ნაშთები. ნაგებობათაგან უადრესია დასავლეთით მდგარი VIII ს. ეკლესია, რომლის შიგნით მდებარე სამარხი მიჩნეულია ქართლის ერისმთავრის, არჩილ სტეფანოზის ძის საფლავად.

მ. ბახტაძე


ლიტერატურა

  • აბრამიშვილი გ., სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში თბ., 1977;
  • ბოგვერაძე ა., ქართლის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური განვითარება IV-VIII საუკუნეებში, თბ., 1979;
  • მუსხელიშვილი დ., ციხე-ქალაქი უჯარმა, თბ., 1966;
  • ნადირაძე ქ., მირი და არჩილი, წგ.: საქართველოს მეფეები, თბ., 2000;
  • ქართული წარწერების კორპუსი. ტ.1 – ლაპიდარული წარწერები, ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წწ. 1-5, თბ., 1963-89.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები