ანაკოფიის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანაკოფიის ციხე

ანაკოფიის ციხე – (ინგლ. Anacopia Castle), VII-VIII საუკუნეების ქართულ-აფხაზური ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს აფხაზეთში, სოხუმიდან 20 კმ-ის დაშორებით, ივერიის მთის ერთ-ერთ მონაკვეთზე, ახლანდელი ახალი ათონის ტერიტორიაზე.

VIII საუკუნის ბოლოდან ანაკოფია ახლად შექმნილი აფხაზთა სამეფოს მთავარი ქალაქი იყო. 1032 წელს იგი ბიზანტიელებმა დაიპყრეს. 1074 წელს კვლავ საქართველოს დაუბრუნდა. XIV-XV საუკუნეებში გენუელებმა ანაკოფია დაიკავეს და ზღვის პირას, მდ. ფსირცხას შესართავთან ციხე ააგეს და ახალშენი (ფაქტორია) დააარსეს. XV საუკუნის მიწურულს საქართველოს სახელმწიფო სამეფო-სამთავროებად დაიშალა. ანაკოფია ჯერ აფხაზთა ერისთავების, ხოლო მოგვიანებით აფხაზთა მთავრების რეზიდენცია გახდა. XVII საუკუნეში სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა ანაკოფიას ზღუდე შემოავლო. XVIII საუკუნეში ანაკოფიას თურქები დაეუფლნენ და აფხაზთა მთავრების რეზიდენციამ ლიხნში გადაინაცვლა, ამის შემდეგ ანაკოფია ნანგრევებად იქცა და მას აფხაზებმა „ფსირცხა“ უწოდეს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ისტორიული ანაკოფიის ტერიტორიაზე ააგეს წმ. პანტელეიმონის ტაძარი, როგორც ათონის მთის რუსული მონასტრის ფილიალი. სწორედ ამ დროს ეწოდა ანაკოფიას ახალი ათონი. ანაკოფიის ციხესიმაგრის გათხრების დროს აღმოჩნდა ერთიანი საქართველოს მეოთხე მეფის, გიორგი II-ის (1072-1089 წწ.) მონეტა წარწერით: „ქრისტე! ადიდე გიორგი აფხაზთა და ქართველთა მეფე და კეისარი“.

ანაკოფიის ციხის კედლების ფრაგმენტი

ანაკოფიის ციხესიმაგრეს 7 ჰა ტერიტორია ეკავა და ქვის გალავნით შეკრული, შეუვალი თავდაცვით ნაგებობა იყო. დღემდე შემორჩენილია ციხის გრანდიოზული კედლები სამეთვალყურეო კოშკებით, საალყო აუზითა და კირის გამოსახდელი ღუმლით. ციხესიმაგრის მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს ანაკოფიის ტაძარი, რომელიც VII-VIII საუკუნეებით თარიღდება. მის ნანგრევებში ახლაც შეინიშნება შედარებით გვიანი პერიოდის შესანიშნავი ჩუქურთმის ნაკვალევი. საქართველოს გაერთიანების შემდეგ ანაკოფიის ციხესიმაგრე ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც რამდენჯერმე განახლდა ხელისუფლების მიერ და აქ სამეფო ჯარი იდგა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარს იცავდა. 1957-1958 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩნდა VII-XII საუკუნეების საკულტო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების ნაშთი, საკირე, მინისა და თიხის ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები და სხვ. მიკვლეული იქნა აგრეთვე, ელინისტური ხანის ნამოსახლარის ნარჩენები.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები