ატმისებური (ქლიავის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ატმისებური

ატმისებური - (Prune Péche); სინონიმები: წითელი ნეკტარინა, კაროლევის, ალიბუხარი (ქართლი). ქლიავის ამ ჯიშის წარმოშობა არ არის გამორკვეული. ევროპაში ცნობილია ძველ დროითგანვე.

საქართველოში ეს ჯიში გვხვდება ცალკე ხეებად, ხშირად გვხვდება თბილისის საგარეუბნო ბაღებში, ფართოდ გავრცელებულია აგრეთვე გორისა და კასპის რაიონებში.

ჯიში საინტერესოა თავისი მსხვილი, ლამაზი ადრეულა სიმწიფის ნაყოფით. ნაყოფი გემოთი არ არის მაღალი ხარისხის, მაგრამ საუკეთესო პროდუქციას წარმოადგენს კომპოტისთვის. „ატმისებური“, ცნობილია როგორც ადრეულა სიმწიფის ქლიავი.

ნაყოფი მწიფდება დასავლეთ საქართველოს პირობებში ივლისის შუა რიცხვებში, გორის რაიონში – ივლისის ბოლო რიცხვებში, მაშინ როდესაც გარგარი ილევა.

ხე ხასიათდება ძლიერი ზრდით, ინვითარებს გაშლილ მრგვალ ვარჯს. ხე საკმაოდ გამძლეა ყინვისადმი. ფოთოლი მსხვილი, ოვალური ფორმისაა, შემრგვალებული წვეროთი, მუქი მწვანე ფერისაა, შებუსვილი, კიდე ორმაგადაა დაკბილული. ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს. ჯიში თვითსტერილია.

ჩვენს პირობებში ახასიათებს საშუალო მოსავლიანობა.

ნაყოფი მსხვილია (4,5X4,7X4,6 სმ.), საშუალოდ 1 ნაყოფი 41 გრამს იწონის, მომრგვალო ფორმისაა, ბრტყელი და განიერი ფუძით და ბოლოთი. ნაყოფზე ღარი არ არის ღრმა.

ნაყოფის კანი სქელია, მკვრივი, მოყვითალო მწვანე ფერის, ვარჯის დაჩრდილულ ადგილებზე შეფერვა მოწითალო ან მუქი წითელი აქვს, დაფარულია წვრილი თეთრი წერტილებით. კანი დაფარულია ლამაზი ცვილისებრი მკრთალი ფერის ფიფქით.

ნაყოფის ხორცი ყვითელი ფერისაა, მკვრივი, ძარღვიანი, საკმაოდ წვნიანი, მოტკბო–მჟავე გემოსი; შემოუსვლელი ნაყოფი მწკლარტე გემოსია. გემოს მხრივ მაღალი ღირსებისა არ არის; კარგია, როგორც საკომპოტე ჯიში.

კურკა მთლად სცილდება ნაყოფის ხორცს, მორგვალო ოვალური ფორმისაა, მობრტყო გვერდებით. კურკა საშუალო ზომისაა, წონით ნაყოფის წონის 4%–ს შეადგენს.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები