გარგარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გარგარის ხის ნაყოფი და ყვავილი

გარგარი(Prunus Armeniaca). გვარი – ხეხილოვანი ხეების და ბუჩქების; ვარდისებრთა ოჯახი. ხის სიმაღლე 15 მ აღწევს. ფოთოლი ელიფსური ან განიერკვერცხისებრია; ყვავილი თეთრი ან ვარდისფერი და ფოთოლზე ადრე იშლება. ნაყოფი კურკიანია, ხორცოვანი ან მშრალი; აქვს ხავერდოვანი, იშვიათად გლუვი კანი.

საქართველოში გავრცელებულ კურკოვან კულტურათა შორის გარგარს ნაკლები კუთრი წონა აქვს. გარგარის კულტურა გავრცელებულია მცირე მასშტაბით აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ ადგილებში: ქართლში (გორის და კასპის რაიონებსა და კასპის რაიონებს და თბილისის გარეუბნებში), კახეთში (თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონებში).

დანარჩენ რაიონებში გარგარის ხეები გვხვდება ცალკეულად და არავითარი სამრეწველო მნიშვნელობა არა აქვს. სამრეწველო ხასიათის მთლიან ნარგავებს იშვიათად ვხვდებით, ისიც მხოლოდ გორისა და თბილისის რაიონებში; სხვაგან გარგარის ხეები ჩარგულია სხვა ხეხილთა შორის. იმის მიზეზი, რომ გარგარის კულტურა ფართოდ არ გავრცელდა საქართველოს მთელ რიგ რაიონებში ისაა, რომ გარგარის კულტურის მოთხოვნილებები გარემოს პირობებისადმი მეტად დიდია; მეტადრე გაზაფხულის ყინვების მიმართაა მეტად მგრძნობიარე მისი ყვავილი. მართალია გარგარის ხე კარგად იტანს ყინვებს (–280) და სითბოს ჯამიც ჩვენს რაიონებში საკმარისია ნაყოფის განვითარება–მომწიფებისათვის, მაგრამ გარგარის ხეს ახასიათებს მოსვენების ძალიან მოკლე პერიოდი, რომელიც ადვილად წყდება ტემპერატურის მატებასთან ერთად.

ადრეული ზაფხულის თბილ დღეებს შეუძლია გამოიწვიოს გარგარის ხის ადრეული ვეგეტაცია და პირველ რიგში საყვავილე კვირტის ზრდა და გაშლა. ამ თბილ ამინდს ჩვენს თბილ რაიონებში (დასავლეთ საქართველო) ხშირად მოსდევს ტემპერატურის ვარდნა.

ზრდადაწყებული გარგარის საყვავილე კვირტი ვერ იტანს –140, ხოლო გაშლილი ყვავილი იღუპება –2–30 დროს; გარდა ამისა გარგარის მოუსავლიანობა ხშირად გამოწვეულია გაზაფხულის წვიმებით, რომლებიც ასე ხშირია დასავლეთ საქართველოში გარგარის ყვავილობის დროს; ეს ხელს უშლის ყვავილების დამტვერიანებას და ამასთანავე ხელს უწყობს სოკოვან დაავადებათა განვითარებას, რაც ხშირად სპობს მოსავალს.

ამიტომაა, რომ დასავლეთ საქართველოს რაიონებში, მიუხედავად იმისა, რომ გარგარის ხე კარგად ვითარდება, მისმა კულტურამ სამრეწველო ხასიათი ვერ მიიღო.

სხვა რაიონებშიაც გარგარის მოსავალი ხშირად იღუპება დილის რთვილის გამო და ამიტომაა, რომ კურკოვან კულტურებს შორის გარგარს გავრცელების მხრივ უკანასკნელი ადგილი უჭირავს საქართველოს რაიონებში.

გარგარს ამრავლებენ მყნობით, ჭერამს კი თესლით. საძირედ ჩვენს სანერგეებში იყენებენ ჭერამს და ტყემალს. ჭერმის საძირეზე გარგარი დიდ ხედ ვითარდება. მხოლოდ ვერ იტანს მძიმე ტენიან ნიადაგს.

ტყემლის საძირეზე დამყნობილ გარგარს ახასიათებს ნაკლები ზრდა; პირველ ხანებში შეხორცება მყნობის ადგილას სუსტია და ხშირია შემთხვევები, როცა გარგარის ახალგაზრდა ხე ტყდება მყნობის ადგილას.

ტყემლის საძირეზე გარგარი კარგად იტანს ჭარბტენიან ნიადაგს.

მთლიან ნარგავებში ხეებს შორის მანძილი უდრის 8X8 მეტრს.

მსხმოიარე ბაღებში სთესენ ბალახს: სამყურას, ესპარცეტს. გამოჰყავთ დაბალშტამიანი ხეები.

საქართველოს რაიონებში გავრცელებულ კულტურულ გარგარს დიდი ჯიშობრივი სხვაობა არ ახასიათებს. სამრეწველო ხასიათის ნარგავებში გვხვდება შემდეგი ჯიშები: აღჯანაბადი და ლოყაწითელა. გვხვდება აგრეთვე ადგილობრივი ჯიში ალიპრიალა და სომხური ჯიში „შალახი“.

რაიონში გავრცელებულ ჭერმებს შორის განირჩევა სხვადასხვა ფორმა როგორც სიმწიფის დროით (ივნისის ბოლო რიცხვებიდან ივლისის პირველ რიცხვებამდე), ისე ნაყოფის სიმსხოთიც – გვხვდები, რომელთა ნაყოფი არ ჩამოუვარდება მსხვილ გარგარს, და ფერითაც – მომწვანო–ყვითლიდან ნარინჯის ფერამდე.

გარგარის კულტურის გავრცელებას უკანასკნელ წლებში ძლიერ სოკოვან დაავადებათა გავრცელება. ყველაზე დიდი ზიანი მოაქვს „ნაცრისფერ სიდამპლეს“ (Moilia iaxa Fhren), რომელიც გაზაფხულზე სპობს ყვავილებს და შემდეგ ახმობს ტოტებს. ხშირია მთელი ხეების გახმობა ზაფხულის განმავლობაში, რაც გამოწვეულია შიგ მერქანში სოკოს განვითარებით.

ძლიერ გავრცელებულია აგრეთვე ლაქიანობა, გამოწვეული Clasierosporium ca pophilium Adenh სოკოთი ლაქიანობა იწვევს მოწითალო ლაქების გაჩენას როგორც ნაყოფზე, ისე ფოთოლზე.

ლაქები ძლიერ ამცირებენ ნაყოფის სასაქონლო ღირებულებას: ლაქიან ნაყოფს საკონსერვო ქარხნები კომპოტისთვის არ ღებულობენ.

ლაქიანობა ფოთოლზე იწვევს ფოთლის უდროოდ ცვენას, რაც მოქმედობს ხის საერთო სიჯანსაღესა და მდგომარეობაზე. შეწამვლა ბორდოსის ხსნარით ჩვეულებრივი წესით და დაწესებულ ვადებში კარგად მოქმედობს ლაქიანობის წინააღმდეგ.

რაც შეეხება Monilia–ს მასზე ბორდოსის სითხის შესხურება მნიშვნელოვნად არ მოქმედობს.

გარგარის ჯიშები თავის სიმწიფის დროით მისდევენ ბალს და ამით ავსებენ საკონსერვო ქარხნის დატვირთვის გრაფიკს ივლისის თვის განმავლობაში.

საქართველოს რაიონებისთვის საჭიროა შერჩეული იქნეს გარგარის ჯიშები საგვიანო ყვავილობით და „Monilia–ს“ წინააღმდეგ გამძლები.

მოსავლის სწორად წარმოებული დაცვა გაზაფხულის ყინვებისაგან აგრეთვე ხელს შეუწყობს ამ კულტურის ფართო გავრცელებას და განვითარებას.

გარგარის კულტურის გასავრცელებლად საჭიროა საქართველოს მიკრორაიონებში ჰავისა და მთლიანად გარემო პირობებისათვის შესაფერი ახალი ასორტიმენტის შერჩევა, შემოწმება ინტროდუქციისა და პირველადი ჯიშთა გამოცდის გზით.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები