ახირიცქიარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-ხჷრჷცქჲარა (აფხ. Ахырыцқьара) – მოდავე მხარეთა მიერ სამჭედლოში ფიცის დადების ჩვეულება (თუ აუცილებელი გახდა ფიცის დადება ისეთ პირობებში, სადაც სამჭედლო არ არის, მიწაში ჩაარჭობენ ორ ჯოხს, რომელზედაც ჩამოჰკიდებენ დატენილ იარაღებს და მათ წინაშე დადებენ ფიცს). წინასწარ დანიშნულ დღეს დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი და ბრალმდებელი თანამოფიცეებთან (ბრალდებულისა და ბრალმდებლის მომხრეები) ერთად სამჭედლოში მივიდოდნენ, ქამრებს მოიხსნიდნენ და მჭედლის თანდასწრებით გრდემლის წინ კვერით ხელში უდანაშაულობისა და ბრალდების ფიცს დადებდნენ; ფიცის წარმოთქმისთანავე გრდემლს კვერს დაკრავდნენ.

თუ დაზარალებულს დამნაშავედ მიჩნეული პირის ფიცში ეჭვი შეეპარებოდა, ე.ი. მაინც დამნაშავედ ჩათვლიდა, დაწყევლიდა და ხატს გადასცემდა („აბღარა“). ყალბი ფიცის დადების შემთხვევაშიც კი, ეჭვმიტანილი თავის მართლების მიზნით, წყევლას პასუხობდა სიტყვით „ამინ!“ შემდეგ აიღებდა კვერს და იტყოდა: „თუ მე დამნაშავე ვარ და ყალბი ფიცი დავდე, დე, დამატყდეს ღვთის რისხვა, და რადგან უდანაშაულო ვარ, დამბრალებელს რისხავდეს შაშვი-აბჟნიხა!“ („შაშვი“). ამის შემდეგ ეჭვმიტანილი გამართლებულად ითვლებოდა. მხარეები ერთმანეთთან ურთიერთობას წყვეტდნენ და მათ შორის მყარდებოდა მდგომარეობა, რომელსაც აფხაზები "ანიხარიბჟოუპს" (მხარეთა შორის ღვთაება შაშვის ჩადგომა) უწოდებდნენ. თუ ყალბი ფიცის დამდებს ღმერთი დასჯიდა (ავადმყოფობით ან ოჯახში სიკვდილიანობით) და დანაშაულში გამოტყდებოდა, სრულდებოდა „დაჭერილდამიზეზებულის განთავისუფლების“ წესი („ახნირხურა“). ახჷრჷცქჲარას წესის შესრულება არ შეიძლებოდა დიდმარხვაში, ასევე ფიცის დამდების ცოლის ფეხმძიმობის პერიოდში (თვლიდნენ, რომ ეს ნაადრევ მშობიარობას გამოიწვევდა).


ლიტერატურა

  • С.Т. Званба. Этнографические этюды. Сух., 1955;
  • М. Джанашвили. Абхазия и абхазцы. (этнографический очерк) // ЗКОИРГО. Тф., 1894З. Т. XVI;
  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • И.А. Аджинджал. Из этнографии Абхазии. Сух., 1969;
  • ნ. რეხვიაშვილი. ქართული ხალხური მეტალურგია. რკინა-მჭედლობა (ეთნოგრაფიული ნარკვევი). თბ., 1964.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები