შაშვი (მითოლოგია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შაშვ-ი (აფხ. Шьашә) – მჭედლობის მფარველი ღვთაება, რომელიც სამჭედლო საქმის გამომგონებლად და ამ ხელობის ადამიანებისთვის გადამცემად ითვლება („აჟია“, „ხნაპიკი“).

ზოგიერთი გადმოცემით, იგი ცალთვალაა, მაგრამ ყოვლისმხედველი. შაშვის ეპითეტებია „დიდი ბატონი“ (აჰადუ) და „ოქროს მბრძანებელი“ (ხიაჰ). ხალხის წარმოდგენით, იგი შვიდძალოვანი ღვთაებაა, რასაც უკავშირდება შაშვის კიდევ ერთი ეპითეტი – „აბჟნიხა“ (შდრ. ყაბარდოული შვიდრქოვანი ანუ შვიდძალოვანი თლეფში – მჭედლობის ღვთაება), რომელსაც შვიდ სანთელს უნთებენ (რიცხვი შვიდი აფხაზებისთვის საკრალური რიცხვია და შაშვის ეპითეტით („აბჟნიხა“) ხაზგასმულია ამ ღვთაების განსაკუთრებით დიდი ძალა). შიში შაშვის რისხვის მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ ყველაზე მძიმე წყევლა მის სახელს უკავშირდებოდა („შაშვის რისხვა დაგატყდეს!“), მისი დაფიცება კი ფიცის უმაღლეს ფორმად ითვლებოდა.

აფხაზებს შაშვი, უზენაესი ღმერთის (ანცვას) შემდეგ, ყველაზე ძლიერ ღვთაებად ჰყავდათ წარმოდგენილი. მის სახელზე წელიწადში ერთხელ, ახალიწლის წინა საღამოს ლოცულობდნენ („ხეჩხვამა“); განსაკუთრებულ შემთხვევებში („აჟირა-იზაკუ“, „ახნირხურა“) იცოდნენ ერთჯერადი ლოცვა და მსხვერპლშეწირვა. ღვთაება შაშვის სამსხვერპლოდ ითვლებოდა დაკოდილი თხა და მამალი. მისი საბრძანისი, საღვთო სახლი იყო სამჭედლო („აჟირა-ნიხა“), რომელიც თაყვანისცემის განსაკუთრებულ ობიექტს წარმოადგენდა. ღვთაება შაშვისა და „აჟირა-ნიხას“ ასეთი თაყვანისცემა აფხაზებში ფართოდ გავრცელებულ რკინის კულტს უკავშირდება (რკინა როგორც მაგიური ძალის მატარებელი ლითონი არაერთი აფხაზური წეს-ჩვეულების ატრიბუტია). ღვთაების ეპითეტი „ოქროს მბრძანებელი“ (ოქროს ფერი ამ ლითონის მზიური სიმბოლიკის განმსაზღვრელია) და ის გარემოება, რომ ყოველმა მლოცველმა მას აუცილებლად მამალი (მზის ფრინველი) უნდა შესწიროს, მიუთითებს შაშვის კავშირზე სოლარულ კულტთან (ის ფაქტი, რომ აფხაზური ფოლკლორის დემონური პერსონაჟების სატრანსპორტო საშუალებას „შაშვის მამალი“ წარმოადგენს, მიანიშნებს ღვთაების ამბივალენტურ ბუნებაზე).

ზოგიერთი წარმოდგენების მიხედვით, შეიძლება ვიმსჯელოთ შაშვის კავშირზე ჭექა-ქუხილის მითებთანაც [შდრ. სამჭედლო როგორც მეხის ნამსხვრევი, ე.ი. მეტეორიტული წარმონაქმნი; ასევე ჭექა-ქუხილის ღვთაების, აფის, სამჭედლოში დამზადებული იარაღი – ფოლადის ორკაპა ისრები ანუ ბოძალები, რომლითაც, როგორც ჩანს, თვით შაშვიც სარგებლობს (შდრ. წყევლა: „შაშვო, თავი ორად გაუპე ჩემს მტერს!”)].

აუხსნელი რჩება ღვთაების სახელი – "შაშვი” (შასშუ, შესშუ). ამ ტერმინს ხედავს ზოგიერთი მეცნიერი (ს. ბღაჟბა, ნ. აბაკელია) ახალი წლისწინა დღეობის, სვანური „შუშხუამის“ სახელწოდებაში [(სავარაუდოა, რომ საკუთვრივ სვანური ტერმინისათვის ამოსავალი იყოს მისი პარალელური ფორმა „ჲშხვამმ“, „ეშხვამ“, რაც „ტახის ლოცვას“ უნდა ნიშნავდეს (შდრ. ძვ. ქართული ეშ, ეშუ – ტახი). უნდა ითქვას, რომ შუშხვამისა და ღვთაება შაშვის სახელზე გამართული რიტუალების შედარება წარმოაჩენს ამ წეს-ჩვეულებათა ნათესაობას და აფხაზური ღვთაების კავშირს ასტრალურ კულტთან. უფრო მართებული ჩანს სიტყვა „შაშვის“ („შასშუ“, „შესშუ“) დაკავშირება XVIII საუკუნეში გიულდენშტედტის მიერ დაფიქსირებულ ტერმინებთან – Sach (სამხრეთ-დასავლური აფხაზური) და Sachoch (ჩრდილო-აღმოსავლური აფხაზური, ასევე ყაბარდოული) – „უფალი“.


ლიტერატურა

  • С.Т. Званба. Этнографические этюды. Сух., 1955;
  • М. Джанашвили. Абхазия и абхазцы. (этнографический очерк) // ЗКОИРГО. Тф., 1894. Т. XVI;
  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • И.А. Аджинджал. Из этнографии Абхазии. Сух., 1969;
  • პ. გიორგიძე. აფხაზეთი და აფხაზნი // ივერია. 1888. №186;
  • ვ. ბარდაველიძე. სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი. I. ახალწლის ციკლი. ტფ., 1939;
  • ნ. რეხვიაშვილი. ქართული ხალხური მეტალურგია. რკინა-მჭედლობა (ეთნოგრაფიული ნარკვევი). თბ., 1964;
  • ნ. აბაკელია. სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში. თბ., 1997;
  • სულხან-საბა ორბელიანი. ლექსიკონი ქართული. I. თბ., 1991;
  • ი. აბულაძე. ძველი ქართული ენის ლექსიკონი. თბ., 1973;
  • გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში. ტ. II. გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა. თბ., 1964.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები