ბარექენდანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარექენდან-ი (სომხ. Բարեկենդան – „ნაყოფის გამოცოცხლება“) – ყველიერის სომხური დღეობა; იწყებოდა სურბ სარგისის დღესასწაულის მეორე დღეს, ორშაბათს. დღეობის სახელწოდებაში და მისი აღნიშვნის ხასიათში გამოხატულია განახლების იდეა, ხოლო ბუნების გარდამტეხ მომენტთან მისი კავშირი იმ რწმენაზე მოწმობდა, რომ ეს აღორძინება შეიძლებოდა დამდგარიყო მხოლოდ ყოველგვარი ძველისა და ჩვეულებრივის სრული უარყოფის შედეგად. ამიტომ სომხები, როგორც სხვა მიწათმოქმედი ხალხები, დღესასწაულის აღნიშვნისას ხუმრობით უარყოფდნენ სახადასხვა სქესობრივ, ასაკობრივ და წოდებრივ ჯგუფებს შორის ურთიერთობაში მიღებულ ყოველგვარ სოციალურ ნორმებსა და შეზღუდულობას: დღესასწაული გამოირჩეოდა მისი მონაწილე ქალებისა და მამაკაცების ზემაღალი აქტიურობითა და თავისუფლებით, სოციალური ურთიერთობებისა და რელიგიურობის უმდაბლესი პირობებით. ცეკვა-სიმღერებით, თეატრალური წარმოდგენებითა და მრავალგვარი თამაშობებით თანხლებულ ყველიერის დღეებში შეიძლებოდა გაძღომამდე ჭამა და ბევრი სპირტიანი სასმელის დალევა, ამასთან, რაიმე რიტუალური დანიშნულების კერძები არ იყო, მაგრამ ჭარბობდა ხორცისა და რძის მრავალგვარი კერძები. ერთობლივად ჭამდნენ, სვამდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ და ხუმრობდნენ ქალები და მამაკაცები, მოხუცები და ახალგაზრდები, მდიდრები და ღარიბები.

ხალხური თეატრი გროტესკულად წარმოადგენდა სასამართლო პროცესს, ისტორიულ და სოციალურ თემებს, დასცინოდა საზოგადოებრივ ნაკლს და სხვ. ყველიერის წარმოდგენების კულმინაცია იყო კარნავალური ინსცენირებები თემებზე: „ხანი“, „ფაშა“, „შაჰი“, „რესი“ და სხვ. („ხან-ფაშა“). მათი სიუჟეტები თვალსაჩინოს ხდიდა სამართლიანი და იდეალური სოციალური და საოჯახო ურთიერთობების შესახებ ხალხურ წარმოდგენებს. ყველა თეატრალური სანახაობა აგებული იყო კომედიურ ჟანრში, ყველა პერსონაჟს მაყურებელში სიცილი უნდა გამოეწვია. „თამაშის დროს ყოველგვარი ხუმრობა, დაცინვა, გესლიანობა დაიშვებოდა. განაწყენებას ვერავინ ბედავდა" (ს. ლისიციანი). ბარექენდანის დღეებში მსგავსი წარმოდგენები ყოველდღიურად იმართებოდა. მონასტრებშიც კი თამაშდებოდა სცენები სამონასტრო ცხოვრებიდან; დასცინოდნენ ღვთისმსახურთა ნაკლოვანებებს. თამაშებში და წარმოდგენებში იცვლებოდა სოციალური როლები.

ზოგიერთ რაიონში ბარექენდანის უკანასკნელი დღე მთავრდებოდა მოხუცი კაცებისა და ქალების ცეკვით; ახალგაზრდები აკეთებდნენ დიდ დედოფალას, ე. წ. „ხსნილი-ქალას“, რომელსაც, მთაზე ასულნი, ჯოხის რტყმით უფსკრულში აგდებდნენ. ამით, საწყალი „ხსნილი-ქალა“ განერიდებოდა „ბაბუა მარხვას“, რომელიც მეორე დღეს უნდა „მოსულიყო“, დიდმარხვა დაეწყო და ოჯახსა და საზოგადოებაში მკაცრი წესრიგი აღედგინა.



ლიტერატურა

  • Лисициан С. Д. Очерки этнографии дореволюционной Армении // КЭК. I. М., 1955;
  • Харатян Гр. С., Мкртчян С, С. Праздничная культура: традиции и современность // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები