ბასილი მონაზონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბასილი მონაზონი – („პროტოასიკრიტი“) (IX საუკუნის II ნახევარი), სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწე, მწერალი. XIX-XX სს. ქართველ მეცნიერთა მიერ მიჩნეული იყო ბერძენ ავტორად, რის გამოც მისი სახელი საერთოდ ამოიშალა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ამ გაუგებრობის სათავე იყო მისი ბერძნული ზედწოდება – „პროტოასიკრიტი“. XX საუკუნის 70-იან წლებში მისი, როგორც ქართველი მწერლის, რეაბილიტაცია სცადა მკვლევარმა ი. ლოლაშვილმა და გამოაცხადა იგი „წმ. ილარიონ ქართველის ცხოვრების“ თავდაპირველი, ე. წ. ვრცელი ათონური რედაქციის შემქმნელად. მაგრამ ეს მოსაზრება არ იქნა გაზიარებული ქართულ მეცნიერებაში.

ბასილი მონაზონის ცხოვრების შესახებ მწირი ცნობები დაცულია „წმ. ილარიონის ცხოვრების“ სხვადასხვა რედაქციაში.

ბასილი მონაზონს მაღალი თანამდებობისათვის მიუღწევია ბიზანტიის სამეფო კარზე. ამაზე მეტყველებს მისი ზედწოდება „პროტოასიკრიტი“ (პრწტოასიკრიტη = პირველი მდივანი, მდივანთუხუცესი). შემდგომში მას მიუტოვებია სახელმწიფო სამსახური და ბერად შემდგარა. კონსტანტინოპოლის ორი დიდი პატრიარქის – ეგნატისა და ფოტის – დაპირისპირებაში ის ეგნატიანელთა მხარეზე ყოფილა. „წმ. ილარიონის ცხოვრების“ ვრცელ რედაქციაში ნათქვამია: ბასილი მაკედონელმა ილარიონის მოწაფეები მიავლინა ეგნატისთან, „რომელი-იგი სიწმიდისა და ღირსებისა მისისათჳს იყო იგი მას ჟამსა პატრიარქად სამეუფოსა ამას ქალაქსა ზედა“.

ბასილი მონაზონი თვითმხილველისა და თანადამხვდურის თვალით აღწერს ილარიონ ქართველის წმ. ნაწილთა თესალონიკიდან კონსტანტინოპოლში გადმოსვენების ამბებს, რომანას ქართველთა მონასტრის მშენებლობის ისტორიას; მეტიც: „ცხოვრების“ მოკლე რედაქციის უწყებით, რასაც მხარს უჭერს მეტაფრასული ტექსტიც, ბასილი მონაზონის წმინდანის სადიდებელი „ენკომია“, ანუ „შესხმაც“ კი წარმოუთქვამს მისი ნეშტის გადმოსვენებასთან დაკავშირებით. სამეფო კარისათვის კარგად ცნობილ მოღვაწეს თავისი ღირსეული თანამემამულის სახელზე ხოტბა აღუვლენია. წმ. ილარიონის ვრცელი „ცხოვრების“ შესავალი ხოტბითი ელემენტისაგან შედგება, ავტორი მალევე აცხადებს, რომ ის „შესხმის გზას“ არ გაჰყვება და გადადის მთავარი პერსონაჟის ბიოგრაფიის თხრობაზე. მაგრამ, შესაძლოა, სწორედ ხსენებული „ენკომიის“ გამოთქმის შემდეგ გაუჩნდა სურვილი მწერალს, შეექმნა წმინდანის ვრცელი ცხოვრება. თხზულება შეიქმნა რომანას მონასტერში, როგორც პირუთვნელი და უტყუარი ძეგლი წმ. ილარიონის მოღვაწეობის აღიარებისა უცხოეთში და ქართველთა ლავრის შექმნის ისტორიისა ბიზანტიის იმპერიის ცენტრში.

„წმ. ილარიონ ქართველის ცხოვრებიდან“ ჩანს, რომ ბასილი მონაზონი არის ღრმად განსწავლული, უცხოეთში მყოფი უნიჭიერესი ქართველი შემოქმედი. ბიზანტ. ექსპანსიურ სახელმწიფოებრივ-სარწმუნოებრივ პოლიტიკას იგი უპირისპირებს ქართული მესიანიზმის მწყობრ კონცეფციას. ბასილი მონაზონის მესიანისტური თეორია ორ ურთიერთპოლარულ დებულებას ეყრდნობა. ესაა, ერთი მხრივ, ქართველი ერის გამორჩეულობის, ხოლო, მეორე მხრივ, ბერძენთა ცოდვიანობის შეგნება. წმ. ილარიონისა და სხვა ქართველი ბერების საღვთო მისია ბიზანტიის იმპერიაში თხზულებაში ალეგორიული სახით არის გადმოცემული. პარადიგმული სახისმეტყველების მთელი მხატვრული აქსესუარის გამოყენებით არაჩვეულებრივად შერჩეული ბიბლიური პარალელებით, ძველი და ახალი აღთქმიდან დამოწმებული ციტატებით, ჰაგიოგრაფიისთვის დამახასიათებელი მყარი კომპოზიციური ხერხების გამოყენებით, ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენათა და მოქმედებათა ლოგიკით – მკითხველი ბუნებრივად ხდება ავტორის მხატვრული ჩანაფიქრის თანამოზიარე. ეს მაღალმხატვრული ნაწარმოები არის ჰაგიოგრაფიის კლასიკური ძეგლი, რომელსაც როგორც ნიმუშს, იყენებდნენ მომდევნო თაობის ქართველი მწერლები, განსაკუთრებით კი – ათონელი მოღვაწეები.

ს. მახარაშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შედგ., ს.ყუბანეიშვილის მიერ, წ. 1, თბ., 1946.
  • დოლაქიძე მ., ილარიონ ქართველის ცხოვრების ძველი რედაქციები, თბ., 1974;
  • კეკელიძე კ., ნაწყვეტი ქართული აგიოგრაფიის ისტორიიდან („ცხოვრება ილარიონ ქართველისა“), წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 4, თბ.,1957;
  • კილანავა ბ., ქართული დამწერლობისა და მწერლობის სათავეებთან, თბ., 1990;
  • ლოლაშვილი ი., „ილარიონ ქართველის ცხოვრების“ ვრცელი და მოკლე რედაქციათა ურთიერთობისათვის, მრავალკარედი, თბ., 1984;
  • მახარაშვილი ს., თეოფილე ხუცესმონაზონი (შემოქმედებითი პორტრეტი), თბ., 2002;
  • მისივე, „წმ. ილარიონ ქართველის ცხოვრების“ რედაქციათა ურთიერთმიმართებისათვის, კ. კეკელიძე 125 (საიუბილეო კრებული), თბ., 2004;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წგ. 2, თბ., 1967;
  • იქვე, მეტაფრასული რედაქციები, XI–XIII სს., წგ. 3, თბ., 1971;
  • იქვე, სვინაქსარული რედაქციები (XI-XIII სს.), წგ. 4, თბ., 1968.


Logo1.JPG ბასილი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები