ბეთლემი (გამოქვაბული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეთლემის გამოქვაბული

ბეთლემი – ქართული ქრისტიანული კულტურის ერით-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლი, ბერების სამყოფელი, გამოქვაბულის ტიპის მცირე სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს მყინვარწვერის მასივზე, ზღვის დონიდან 4 100 მ მწვერვალიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განშტოებულ, გერგეტისა და აბანოს მყინვარების აუზების გამყოფ, ბეთლემის ქედზე.

ბეთლემი ციცაბო მოწითალო ანდეზიტის კლდეშია გამოკვეთილი მისი ძირიდან 300 მ სიმაღლეზე. ვახუშტი ბატონიშვილი თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ წერს: „მყინვარის კლდესა შინ არიან ქუაბნი გამოკვეთილნი ფრიად მაღალსა, და უწოდებენ ბეთლემსა, გარნა საჭიროდ ასავალ არს, რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა, გარდამოკიდებული ქვაბიდამ და მით აღვლენ ...კუალად ძირსა მისსა არს მონასტერი კლდესა შინა გამოკუეთილი უდაბნოდ და აწ ცარიელი“.

სამონასტრო კომპლექსის ცენტრს წარმოადგენს მაღალი კლდე, რომლის ოთხივე მხარეს სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები შეინიშნება, რომელიც ნაგებია ნაშალი ქანებისა და სანახევროდ დამუშავებული ქვის მშრალი წყობით, გადახურვისათვის გამოყენებულია დიდი ზომის ქვის ფილები, სავარაუდოდ, ეს მონასტერი დაახლოებით ათი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა კომპლექსი უნდა ყოფილიყო. დღეს მხოლოდ ორსართულიანი ეკლესიის ნანგრევებია დარჩენილი, რომლის პირველი სართული დაახლოებით 4 მ სიმაღლის კლდეშია ნაკვეთი, სხვა ნაგებობები, უბრალოდ, კლდის ირგვლივაა ნაშენი. ყველაზე დიდი ზომის შენობა 4 X 4 მ კვადრ. გეგმის აფსიდიანი ეკლესიაა. კლდის აღმოსავლეთ მხარეს გრანიტის საგანგებოდ გასწორებულ რამდენიმე დაფაზე შეიმჩნევა წარწერები. აფსიდიან ნაგებობაში არის დიდი ზომის გატეხილი ჯვარი, რომელიც კლდის მონოლითის თავზე იყო აღმართული.

გამოქვაბულში დაცულია ძველი და ახალი აღთქმის ფუძემდებლური სიმბოლური ნივთები, ასევე ციური მანანა და ის ძღვენი (ოქრო, გუნდრუკი და მური), რომელიც ახალშობილ მაცხოვარს მიართვეს მოგვებმა. ხევსურული ანდრეზით, „ბეთლემის სახლი“ ჯვართა, ანუ ღვთისშვილთა სამყოფელია, სადაც ისინი მტრედების სახით არიან. აქვეა ოქროს აკვანი ყრმით, რომელსაც მტრედები კვებავენ ხორბლის მარცვლებით.

1948 წელს მთამსვლელთა ექსპედიციის მიერ აღმოჩენილ იქნა 5.5 მ სიგრძის ჯაჭვი, რომლის საშუალებითაც ადიოდნენ გამოქვაბულში (ინახება სტეფანწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში), აგრეთვე რკინის ფირფიტებით შეჭედილი კარი, X-XI სს. ვერცხლის ხატი, საეკლესიო ჭურჭელი, სპილენძის შანდალი, მონეტები. ბეთლემის კედელზე ამოკვეთილი წარწერის ფრაგმენტები პალეოგრაფიულად X-XI საუკუნეებით თარიღდება. ბეთლემის შესახებ არსებული თქმულებები სფუძვლად დაედო ილია ჭავჭავაძის პოემას „განდეგილი“.

გ. ალიბეგაშვილი
თ. სიჭინავა

წყაროები

ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4. თბ., 1973.

Logo1.JPG ბეთლემი მრავალმნიშვნელოვანი

იხილე აგრეთვე

ბეთლემის საყდარი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები