ბერლიოზი ჰექტორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰექტორ ბერლიოზი

ბერლიოზი ჰექტორ - Berliozю (11. XII. 1803, კოტ-სენტ-ანდრე, საფრანგეთი, – 8. III. 1869, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი, მუსიკალური კრიტიკოსი, მწერალი.

1826-30 სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში ჟ. ლესიუერთან (კომპოზიცია) და ა. რეიხასთან (პოლიფონია). 1830-32 ბერლიოზი იტალიაში გაემგზავრა მუსიკალური განათლების სრულყოფის მიზნით. 1832 პარიზში დაბრუნდა. შეუდგა საკომპოზიტორო, სადირიჟორო და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. 1842 გამართა პირველი გასტროლები საზღვარგარეთ. 1847-48 თავის ნაწარმოებებს დირიჟორობდა ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, რუსეთში. 1867-68 ხელმეორედ ესტუმრა რუსეთს, დაუახლოვდა „მძლავრი ჯგუფის“ კომპოზიტორებს.

ბერლიოზი ნეორომანტიკოსია. მის შემოქმედებაში აირეკლა ეპოქის წინააღმდეგობანი. ბერლიოზის სტილი ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ „ფანტასტიკურ სიმფონიაში“ (1830), რომელიც მსოფლიო სიმფონიური შემოქმედების ერთ-ერთი შედევრია. ბერლიოზის სიმფონიური შემოქმედება ახალი ეტაპია საორკესტრო ხელოვნების განვითარების ისტორიაში. ბერლიოზმა რომანტიკულ სიმფონიურ მუსიკაში შემოიტანა კლასიკური ლიტერატურის სახეები. ასეთია ბაირონის ნაწარმოებთა მიხედვით შექმნილი სიმფონია ალტისა და ორკესტრისათვის „ჰაროლდი იტალიაში“ (1834), სიმფონია შექსპირის მიხედვით „რომეო და ჯულიეტა“ (1839) და კომიკური ოპერა „ბეატრიჩე და პენედიქტი“ (1862), გოეთეს „ფაუსტის“ მიხედვით დრამატული ლეგენდა (ორატორია) „ფაუსტის განკიცხვა“ (1846). ამ ნაწარმოებში აშკარად ჩანს ბერლიოზის მისწრაფება გრანდიოზული მასშტაბებისაკენ, თვალსაჩინოა პროგრამული სიმფონიზმის პრინციპების შერწყმა საოპერო-ორატორიულ ჟანრებთან. 1830 ივლისის რევოლუციის, მსხვერპლთა ხსოვნას მიუძღვნა ბერლიოზმა გრანდიოზული „რეკეიემი“ და „სამგლოვიარო-ტრიუმფული სიმფონია“ (1840). ბერლიოზს ეკუთვნის აგრეთვე: ორატორია „ქრისტეს ბავშვობა“, ოპერა „ბენვენუტო ჩელინი“ (1838), ოპერა-დილოგია „ტროელები“ – ვერგილიუსის მიხედვით (1859), 6 კანტატა, საორკესტრო უვერტიურები, რომანსები და სხვ.

ბერლიოზი გამოჩენილი დირიჟორი იყო, მან ვაგნერთან ერთად საფუძველი ჩაუყარა სადირიჟორო ხელოვნების ახალ რომანტიკულ სტილს. თითქმის 30 წელი ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობას, რითაც უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპული მუსიკის კრიტიკის განვითარებაში. გ. ტორაძე



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები