გერმანე მღვდელმონანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერმანე მღვდელმონაზონის რედაქტორობით დაბეჭდილი „სწავლა“ (1711წ.)

გერმანე მღვდელმონაზონი – (გ. 1739), მწერალი, თბილისის სიონის ეკლესიის მღვდელმსახური, ვახტანგ VI-ის თანამშრომელი კულტურულ-მწიგნობრულ საქმიანობაში. 1710 წ. მისი რედაქტორობით დაიბეჭდა „კონდაკი“ (საეკლესიო საგალობლები). 1711 წ. მხედრული შრიფტით დაიბეჭდა მისივე წიგნი „სწავლა“ – ღვთისმეტყველების პირველი ქართული სახელმძღვანელო, რომელსაც XIX საუკუნემდე იყენებდნენ და ხელნაწერებითაც ამრავლებდნენ. ტექსტს ერთვის ვახტანგის, სტამბის დამაარსებლის ანდერძი, მესტამბის წინასიტყვაობა და ავტორის ბოლოსიტყვაობა. სწავლის აუცილებლობისა და წიგნის მიზანდასახულების შესახებ. გერმანე მღვდელმონანმა დიდი შრომა გასწია ქართული წერილობითი ძეგლების შეკრებისა და დაცვისთვის. მან მოიპოვა და განაახლა ვარძიის ხელნაწერი (მათეს თავის თარგმანება იოანე ოქროპირისა, სხეც, A-365).

1724 წ. გერმანე მღვდელმონაზონი ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში, სადაც განაგრძობდა სასტამბო-მწიგნობრულ მოღვაწეობას. 1738 წ. მოსკოვში მისი რედაქტორობით დაიბეჭდა „ზატიკი“. ამ გამოცემაში მართლმადიდებლობის ძირითად დებულებათა შესწავლის გასაადვილებლად გამოყენებულია საერო მხედრული შრიფტი; სწავლება აგებულია კითხვა – პასუხზე და აზრი გადმოცემულია ხალხური, მარტივი ენით. ამ ნაშრომის წინასიტყვაობაში გერმანე მღვდელმონაზონი აღნიშნავს: „ესოდენ ვიმუშაკე, რათა იკითხევდნენ და ისწავლიდნენ ყრმანი ახლად მოსწავლენი და მეცნიერებად ღმრთისა მოვიდოდნენ და არ იყვნენ ჩვენგან განშორებულთა მწვალებელთ შვილთაგან დაწუნებულნი და სიტყვა უგებელნი“. ჩანს, ტირაჟი მცირე იყო: იმავე საუკუნეში გერმანეს სახელმძღვანელო არაერთხელ გადაუწერიათ და ხელნაწერების სახითაც გავრცელებულა. ეროვნული ბიბლიოთეკის K 368/109 ეგზემპლარი სრულია და კარგად დაცული ასლი.


ლიტერატურა

შარაშიძე ქ., პირველი სტამბა საქართველოში (1709-1722), თბ., 1955.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები