თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თბილისის სიონი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისის სიონი

თბილისის სიონი (ინგლ. Sioni Cathedral of the Dormition) – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (სიონის) საკათედრო ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს თბილისში მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემო კალაში, სიონის ქუჩაზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: საკათედრო ტაძარი, გალავანი, ორი სამრეკლო.

ისტორია

თბილისის სიონი

გადმოცემით სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V ს-ის II ნახევარში. ტაძარს საფუძვლად დაედო ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე გეთსემანიის ბაღში ღმართული ტაძრის გეგმა. სიონი არაერთხელ დაინგრა და აღდგა. სავარაუდოდ, ტაძარი საფუძვლიანად განაახლეს მას შემდეგ, რაც 1122 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა თბილისი აიღო და საქართველოს სამეფო ტახტი აქ გადმოიტანა. 1226 წელს ხვარაზმელთა შაჰმა ჯალალ ად-დინმა ჩამოანგრია ეკლესიის გუმბათი, რომელიც მალევე აღადგინეს. თემურ ლენგის 1386 წლის შემოსევის დროს დაზიანებული შენობა შეაკეთა მეფე ალექსანდრე I-მა. 1556 წელს ტაძარი კვლავ გაანადგურა შაჰ-თამაზმა, ხოლო 1616 წელს კი – შაჰ-აბაზმა. ირანელთა მიერ თბილისის რამდენიმეგზის აოხრების შედეგად დანგრეული ტაძარი 1667 წელს აღადგინა მთავარეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა. 1668 წლის მიწისძვრამ შენობა ისევ დააზიანა. 1710 წელს მეფე ვახტანგ VI განაახლა ტაძრის გუმბათი, საპირე წყობა და სახურავი. უკანასკნელი დიდი დაზიანება შენობამ განიცადა 1795 წლის ირანის გამგებლის აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს. 1803 წელს ტაძარი საფუძვლიანად აღადგინეს და 1861 წლის 17 დეკემბერს მოხდა სიონის ტაძრის ხელახალი კურთხევა.

აღწერილობა

თბილისის სიონის მოხატულობა

სიონის ტაძარი „ჩახაზული ჯვრის” ტიპის შენობაა. ნაგებია ალგეთის თლილი ქვით. გუმბათი ეყრდნობა ორ ბურჯსა და აფსიდის კედლებს. საკურთხევლის აქეთ-იქით ასევე აფსიდიანი დამატებითი სათავსებია. აღმოსავლეთ ფასადზე აფსიდები ხუთწახნაგად არის შვერილი. ტაძრის გეგმა XII საუკუნის შემდეგ არსებითად აღარ შეცვლილა. 1657 წლის აღდგენის დროინდელია მკლავების კამარები, აფრები და შეისრული გუმბათქვეშა თაღები, აგრეთვე კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. მოყვითალო-ქვიშისფერი ტუფის ფილების საფასადო პერანგი მეტწილად XIX საუკუნისაა, თუმცა შემორჩა უფრო ძველი მოპირკეთების ნაშთებიც, კერძოდ, ჩრდილოეთი ფასადის ზედა ნაწილში, სადაც არის 1710 წლის წარწერა. წარწერის ირგვლივ რელიეფებია: ზემოთ – სოლარული სიმბოლო, გარდიგარდმო – ფასკუნჯების გამოსახულებები. სხვა ფასადები გლუვია, მხოლოდ სარკმლებს აქვს სადა საპირეები. შედარებით მდიდრულადაა გაფორმებული ტაძრის მთავარი შესასვლელი დასავლეთიდან, რომელსაც მოჩუქურთმებული თაღოვანი ჩარჩო აქვს. სამხრეთ დასავლეთ ფასადებზე სარკმლებს ზემოთ ორნამენტული ჯვრებია გაკეთებული. გუმბათი თავისი ყელით მთლიანად 1710 წელს არის ამოყვანილი. ის გარედან თექვსმეტწახნაგაა. ყოველ წახნაგში თითო ვიწრო, მოჩუქურთმებული საპირიანი სარკმელია. დასავლეთ მხარეს ორ წახნაგზე გამოსახულია ჯვარი და მიჯაჭვული ლომი, ჩრდილოეთ მხარეს – წმ. მთავარანგელოზი და მაკურთხეველი წმინდანი წიგნით ხელში.

1850 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით გადაწყდა ტაძრის მოხატვა, რომელიც 1851-1855 წლებში შესრულდა გრიგოლ გაგარინის მიერ. მხატვრობა შესრულებულია ცვილის საღებავებით. ტაძრის დასავლეთი ნაწილი 1978-1979 წლებში ხელახლა მოხატა ლევან ცუცქირიძემ. საკურთხევლის წინ მდგომი კანკელი გაკეთდა 1980-იან წლებში ძველი ქართული ნიმუშების მიხედვით.

თბილისის სიონის მოხატულობა

სიონის ტაძარში მრავალი ხატი თუ წმინდა ნაწილია, მაგრამ ყველაზე მთავარი, რომელიც ეხმაურება თავად ტაძარს, ესაა სიონის ღვთისმშობლის ხატი (დამზადებული 1762 წელს რუსეთში მეფე ვახტანგ VI-ის შვილის გიორგი ბაგრატიონისა და მისი მეუღლის მარიამ დოლგორუკოვას დაკვეთით), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი სიწმინდე – წმ. ნინოს ჯვარი, რომელიც დაბრძანებულია ტაძრის კანკელის ჩრდილოეთ მხარეს მისთვის გამოყოფილ სპეციალურ ნიშაში 1802 წლიდან, მაცხოვრის ხელთუქმნელი, ბარბარეს, წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა სერაფიმეს ხატები და სხვ.

ტაძრის ჩრდილოეთით დგას აგურის სამიარუსიანი ძველი სამრეკლო აშენებული 1425 წელს, რომლის ზედა იარუსი დანგრეული იქნა 1795 წელს აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს. იგი შეაკეთეს 1939 წელს და თავიდან ააგეს ფანჩატური. მეორე სამრეკლო – წვეტით დაგვირგვინებული მაღალი სამსართულიანი შენობა ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, აშენდა 1812 წელს და თბილისის ხუროთმოძღვრებაში კლასიციზმის ერთ-ერთი უადრესი ნიმუშია.

ტაძარს გააჩნია საძვალე, სადაც დაკრძალული არიან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ცნობილი სასულიერო პირები, საზოგადოებრივი მოღვაწეები, სამეფო ოჯახის წევრები და თავადიშვილები. მათ შორის: წმ. იოანე მანგლელი ეპისკოპოსი (1666-1751 წწ.); საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები: კირიონ მეორე, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკ III, ეფრემ II, დავით V; სიონის ტაძრის განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი, პოეტი ვახტანგ ორბელიანი, ანა ბატონიშვილი (მეფე ვახტანგ VI-ის ქალიშვილი), სოლომონი (მეფე ერეკლე II-ის შვილი), პავლე ციციანოვი (საქართველოს მთავარმართებელი) და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები