გლიუკი ქრისტოფ ვილიბალდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრისტოფ ვილიბალდ გლიუკი

გლიუკი ქრისტოფ ვილიბალდ - გერმ. Christoph Willibald Ritter von Gluck (2. VII. 1714, ერასბახი, – 15. XI. 1787, ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი.

სწავლობდა პრაღის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. პარალელურად მეცადინეობდა ჩეხი კომპოზიტორისა და ორგანისტის ბ. ჩერნოგორსკის ხელმძღვანელობით. 1737-45 ცხოვრობდა იტალიაში, მეცადინეობდა ჯ. სამარტინისთან. აქვე დაიდგა გლიუკის პირველი ოპერა „არტაქსერქსე“ (1741, ლიბრეტო პ. მეტასტაზიოსი). 1750 გლიუკი დასახლდა ვენაში. 1758-60 ფრანგი დრამატურგი შ. ფავარის პიესის მიხედვით შექმნა კომიკური ოპერები და ვოდევილები, რომლებმაც ხელი შეუწყეს რეალისტური საოპერო სტილის ჩამოყალიბებას.

1762 ვენაში დაიდგა გლიუკის პირველი იტალიური რეფორმატორული ოპერა „ორფევსი და ევრიდიკე“ (ლიბრეტო რ. კალცაბიჯისა). შემდგომ ოპერებში გლიუკი დროებით უბრუნდება ოპერა-სერიის ტრადიციულ ჟანრს, მაგრამ პარალელურად განაგრძობს რეფორმატორული ოპერების წერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ალცესტე“ (1767) და „პარისი და ელენე“ (1770). 1773 გლიუკი მიიწვიეს პარიზში, სადაც მომდევნო წელს დაიდგა „იფიგენია ავლიდში“ და „ორფევსი“ (ახალი რედაქცია), მათ მოჰყვა ოპერები: „ალცესტე“ (ახალი რედაქცია) (1779), „არმიდე“ (1777), „იფიგენია ტავრიდში“ (1779) და ალეგორიული ოპერა „ექო და ნარცისი“ (1779). სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა ოდები და სიმღერები, სამგლოვიარო მესა გუნდისა და ორკესტრისათვის. მასვე ეკუთვნის 4 ბალეტი: „დონ ჟუანი“ (1761), „სემირამიდა“ (1765), „ალესანდრო“ (1767), „ჩინელი ობოლი“ (1774).

გლიუკი აღიარებულია საოპერო ჟანრის რეფომატორად. მისმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი თაობების კომპოზიტორებზე. გლიუკის „ორფევსის“ თემებზე ქართველმა კომპოზიტორმა ს. ნასიძემ შექმნა ბალეტი, რომელიც დაიდგა თბილისში (1973). (პ. ხუჭუა)




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები