გოგიბერიძე მოსე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსე გოგიბერიძე – 1897-1949 - XX საუკუნის ქართული ფილოსოფიური აზრის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1922), პროფესორი (1930).

დაიბადა სოფელ ქვენობანში (ჩოხატაურის რაიონი); დაამთავრა ხონის სამასწავლებლო სემინარია. 1918-1922 წლებში სწავლობდა ბერლინისა და მარბურგის უნივერსიტეტებში ფილოსოფიას, ბუნებისმეტყველებასა და პოლიტეკონომიას. ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის - ნ. ჰარტმანის ხელმძღვანელობით მარბურგში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში. 1923 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია; იყო შალვა ნუცუბიძის მიერ დაარსებული ფილოსოფიური სემინარის აქტიური წევრი, კათედრის გამგე. ეწეოდა ფართო სამეცნიერო, სალიტერატურო, პედაგოგიურსა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. სიცოცხლის ბოლო წლები პოლიტპატიმრობაში გაატარა. გარდაიცვალა გადასახლებაში, დასაფლავებულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

მოსე გოგიბერიძის კვლევის ძირითადი სფეროებია: შემეცნების თეორია, მარქსისტული ფილოსოფია, ქართული და მსოფლიო ფილოსოფიის ისტორია. მისი რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი ოთხ ტომად (1970-1978) გამოსცა გურამ თევზაძემ. მოსე გოგიბერიძემ თარგმნა და გამოსცა კანტის, „პროლეგომენები“ (1936) და „წმინდა გონების კრიტიკა“.

მოსე გოგიბერიძე იმთავითვე მარქსისტ-ფილოსოფოსად ჩამოყალიბდა. 1916 წელს, ჯერ კიდევ ხონის სემინარიის მოწაფე, ქუთაისში კითხულობს საჯარო ლექციას თემაზე: „პროლეტარული ფილოსოფია“. მარქსისტული ფილოსოფიის პრობლემებისადმია მიძღვნილი მისი წიგნებისა და სტატიების უმრავლესობა, განსაკუთრებით, წიგნი „ლენინი როგორც ფილოსოფოსი“ (თბილისი, 1930). მ. გოგიბერიძე ღრმად იცნობდა ფილოსოფიის (ძირითადად ფილოსოფიის ისტორიის, პრობლემებს და აწარმოებდა მათ ორიგინალურ გააზრებას, ამის ნიმუშია მისი თხხულება „შემეცნების აქსიომატური დასაბამი“.

მ. გოგიბერიძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფილოსოფიის ისტორიის პრობლემების დამუშავების საქმეში. მან გამოიკვლია რუსთაველის მსოფლმხედველობის კავშირი ქრისტიანულ იდეოლოგიასთან, აჩვენა „ვეფხისტყაოსნის“ რენესანსული შინაარსი, შეისწავლა რუსთაველის პოეტური ენა, მისი ესთეტიკური შინაარსი. საყურადღებოა მ. გოგიბერიძის გამოკვლევები პეტრიწის ფილოსოფიის შესახებ.

მ. გოგიბერიძე იკვლევდა დასავლეთევროპულსა და ქართული ფილოსოფიის ისტორიის საკითხებს. მის თხზულებაში „ფილოსოფიის ისტორია“ (ტ. 1) ფილოსოფიის ისტორიის პერიოდიზაციის საფუძვლად აღებულია არა გეოგრაფიული პრინციპი, შიშველი ქრონოლოგია ან პერიოდიზაცია პრობლემების მიხედვით, არამედ ნაჩვენებია ფილოსოფიის კავშირი საზოგადოებრივ-ეკონომიკურ განვითარებასთან. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია XIXII საუკუნეების ქართული ფილოსოფიური აზროვნების კლასიკური ნიმუშების ჩართვა მსოფლიო ფილოსოფიის ისტორიის ზოგად კურსში.

ქართული ფილოსოფიის ისტორიაში მ. გოგიბერიძის საყურადღებო ნაშრომებია: „იოანე პეტრიწი და მისი მსოფლმხედეველობა“, „რუსთაველის მსოფლმხედველობის სათავეები“, „შოთა რუსთაველი და ნეოპლატონიხმი“, „უზენაესი არსების ცნება ვეფხისტყაოსანში“ და სხვა. მ. გოგიბერიძის აზრით, რუსთაველის მსოფლმხედველობის ერთ-ერთი წყარო არაბული არისტოტელიზმია. რუსთაველი ორთოდოქსული არისტოტელიკოსი ისევე არ ყოფილა, როგორც არც იყო ნეოპლატონიკოსი. რუსთაველის მსოფლმხედველობის მეორე წყაროა პეტრიწის ფილოსოფია.

მ. გოგიბერიძის ფილოსოფიურ მემკვიდრეობაში გარკვეული ადგილი უჭირავს სოციოლოგიური საკითხების კვლევასაც. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ბურჟუაზიული სოციოლოგიისა და კ. კაპანელის ორგანოტროპიზმის კრიტიკა. ეს კრიტიკული მოსახრებანი დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, ხოლო, რაც შეეხება დიალექტიკის თეორიული საკითხების დამუშავებას, მ. გოგიბერიძის მიერ იმ დონეზე იყო აყვანილი, რომ მის მიერ დასმულმა რიგმა საკითხმა შემდგომი განვითარება პოვა ქართულ ფილოსოფიაში.

თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები