იოანე პეტრიწი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პეტრიწი იოანე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოანე პეტრიწის ქანდაკება თბილისში

იოანე პეტრიწი — (XI-XII სს.), შუა საუკუნეთა ქართული ფილოსოფიური აზროვნების უდიდესი წარმომადგენელი, ფილოლოგი, მწიგნობარი. თავდაპირველი აღზრდა ტაო-კლარჯეთის ქართულ ცენტრებში მიიღო, სწავლა განასრულა კონსტანტინოპოლში, კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში. მის სააზროვნო ინტერესებს აშკარად ეტყობა იმ ბიზანტიური ფილოსოფიური რენესანსის ტრადიციათა კვალი, რომლის წარმომადგენლები იყვნენ მიქელ ფსელოსი და იოანე იტალოსი. შემორჩენილია იოანე იტალოსის წერილი „აბაზგი" (ქართველი) ფილოსოფოსისადმი. ამ ფილოსოფოსად მკვლევარნი იოანე პეტრიწს მიიჩნევენ. საფიქრებელია, რომ მან ნაწილობრივ გაიზირა ბედი იოანე იტალოსისა, რომელიც თავის თანამოაზრეებთან ერთად 1002–84 წწ. დევნილ იქნა. 1083 წ. გრიგოლ ბაკურიანისძემ ბულგარეთის მიწაზე ქართველთა მონასტერი — პეტრიწონი ააშენა და იქ მხოლოდ ქართველი მოღვაწენი დაამკვიდრა. იოანე პეტრიწიც მათ შორის იყო. მისი სამწერლო-მეცნიერული მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი ხანა ამ მონასტერთან არის დაკავშირებული. აქედანვე წარმოდგება მისი სახელი „პეტრიწი“. ამ ფორმის პარალელურად ქართულ წყაროებში შემორჩენილია „პეტრიჭი“, რაც მონასტრის ბულგარულ სახელს (პეტრიჩი) უკავშირდება. ამ პერიოდში იოანე პეტრიწს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიის კულტურულ წრეებთან. XII ს. დამდეგს, როცა დავით აღმაშენებელმა გელათის მონასტერი დააარსა, იოანე პეტრიწი გელათის აკადემიის — ქართული რენესანსის ერთ-ერთი კერის — წინამდგომი ხდება. დავით მეფე მას დიდად უწყობდა ხელს. იოანე პეტრიწი მუშაობდა „დავითის გამგონეობისა და წყალობათა და თანადგომისა მინდობილი“. გელათი, როგორც საგანმანათლებლო ცენტრი, მემატიანის სიტყვით, შეიქმნა „სხვად ათინად და მეორედ იერუსალიმად“, ესე იგი აქ შერწყმული იყო ქრისტიანული და ანტიკური კულტურული ტრადიციები, რაც უშუალოდ შეესაბამებოდა პეტრიწის სააზროვნო ინტერესებს.

უაღრესად ფართო იყო პეტრიწის ინტერესთა სფერო. გვიანდელი ცნობით, მას უთარგმნია არისტოტელეს ორი თხზულება — „ტოპიკა“ და „პერი ერმენია“. ამ თარგმანებს ჩვენამდე არ მოუღწევია. მასვე უთარგმნია ასტრონომიულ-ასტროლოგიური შინაარსის აპოკრიფები. ჰაგიოგრაფიის თარგმანებიდან უნდა გამოიყოს ქრისტეფორე მიტილენელის „გალექსილი კალენდარი“, სვიმეონ ლოგოთეტის მეტაფრასებიდან — მერკვირის, ბარბარესა და ზოსიმეს ცხოვრება-წამებანი. სვიმეონის კალენდარული სისტემით შეუდგენია „პროლოღი“ სექტემბრიდან იანვრამდე საკითხავებით. საისტორიო ჟანრის თხზულებათაგან უთარგმნია იოსებ ებრაელის „მოთხრობანი იუდაებრივისა სიტყვა დასაბამისაჲ“ (შემორჩენილია 15 წიგნი). იამბიკოდ უთარგმნია იოანე სინელის „კიბე“. შემორჩენილია იოანე პეტრიწის ორიგინალური იამბიკოც. ქართველი ფილოსოფოსის ინტერესები მრავალ სხვა დარგსაც სწვდებოდა (გრამატიკა, ლიტურგიკა, მათემატიკა, მუსიკა…).

იოანე პეტრიწის ძირითადი ღვაწლი V საუკუნის ფილოსოფოსის პროკლე დიადოხოსის — „ნეოპლატონიზმის მწვერვალის“ (ჰეგელი) ნააზრევის შემოქმედებითი გადამუშავებაა. პეტრიწის ორიგინალური აზროვნება პროკლეს ნაშრომის („კავშირნი ღმრთისმეტყველებითნი“) მისეულ ქართულ თარგმანს დართულ წინასიტყვასა, კომენტარებსა და ბოლოსიტყვაში ჩანს. ძირითადი თემა იოანე პეტრიწის ფილოსოფიისა არის დასაბუთება ქრისტიანული დოგმების — ღვთაების ერთებისა, სამპიროვნებისა და აბსოლუტის სიკეთისა. ამ დასაბუთებაში ქართველი ფილოსოფოსი გამოდის გამოცხადების ჩარჩოდან და ანტიკურ ფილოსოფიასა და „ქალდეველთა სიბრძნეს“ (ასტროლოგია) იშველიებს. ამრიგად, იოანე პეტრიწი წარმომადგენელია განვითარებული სქოლასტიკისა, რომელიც ღვთისმეტყველებაში ფილოსოფიის გამოყენების გზას დაადგა. პეტრიწის აზრით, გონების მიერ მიუწვდომელი, ტრანსცენდენტური ქრისტიანული ღმერთი ნაგრძნობი იყო პლატონის ფილოსოფიაში, ხოლო პლატონის ფილოსოფიის ეს ჭეშმარიტი არსება გახსნა პროკლემ. ამიტომაც პეტრიწი თავის ნააზრევს ძირითადად პროკლეს კომენტირების ფარგლებში აქცევს. მას სამი ძირითადი წყარო აქვს: პლატონი, არისტოტელე და პროკლე. პროკლეს იგი იყენებს ერთისა და სიმრავლის დიალექტიკაში ჩაწვდომის, სიკეთის მონიზმის დადგენისა და ეპიკურეიზმის კრიტიკისთვის. არისტოტელეზე აფუძნებს „მეცნიერებას“ (ცისა და მიწის ნივთთა ფილოსოფიას) და ლოგიკას. პლატონში კი ხედავს იმ სიბრძნის სათავეს, პავლე მოციქულის ნააზრევში რომ გამოცხადდა.

პეტრიწის მსოფლმხედველობის ძირითადი პრინციპის თანახმად, ყოველივეს საფუძველია „ერთი“. ეს არის უმაღლესი ერთი, რაც იგივე სიკეთე და ღმერთია. ეს აბსოლუტური ერთი თავისთავიდან ავლენს, ანუ, როგორც პეტრიწი იტყოდა, „აწარმოებს“ სამყაროს. იოანე პეტრიწის ფილოსოფიის თანახმად, არ შეიძლება არც ერთი ქრისტიანული დოგმატი მიღებულ იქნეს დასაბუთების გარეშე. დასაბუთება კი მხოლოდ ლოგიკურ არგუმენტაციას უნდა დაეფუძნოს. პეტრიწი იწყებს ღმერთის არსებობის დასაბუთებით. ამ დასაბუთებას ფილოსოფიური არგუმენტები უდევს საფუძვლად და არა გამოცხადების სიბრძნე ქართველი ფილოსოფოსის ნააზრევში ღმერთი ქცეულია ფილოსოფიურ კატეგორიად, იგი აღარ არის პერსონა.

პეტრიწი ცდილობს, ქრისტიანობა შეუგუოს ნეოპლატონიზმს, მაგრამ „მას, ერთი მხრივ, სჭირდება იყოს გაცილებით უფრო მკაცრი მონისტი, ვიდრე ეს ქრისტიანობისთვის შესაწყნარებელია. აქ იგი იხრება ბერძნებისკენ, კერძოდ, ნეოპლატონიზმისკენ. მეორე მხრივ, გამოყავს რა პირველი რიცხვის, ე. ი. სამის არსებობა უშუალოდ ერთისგან, უარყოფს შინაგან განვითარებას და შორდება ნეოპლატონურ დიალექტიკას“ (მ. გოგიბერიძე).

იოანე პეტრიწის ფილოსოფია გაბედული განვითარებაა კონსტანტინოპოლის აკადემიის ქრისტიანული სქოლასტიკისა. პეტრიწი გვთავაზობს იმ ტიპის მაღალგანვითარებულ სქოლასტიკურ აზროვნებას, რომელიც ცოტა უფრო მოგვიანებით დასავლეთ ევროპის ქრისტიანულ სამყაროშიც იჩენს თავს. იოანე პეტრიწი XII-XIII სს. ევროპელ სქოლასტიკოსებს ენათესავება არა მარტო ფილოსოფიური აზროვნების რაობით, არამედ ფილოსოფიური წყაროებითა და სქოლასტიკური ინტერესითაც: იგი იცნობს და იყენებს ბერძნულ ფილოსოფიას იმ სიღრმითა და მოცულობით, რომელიც თომა აქვინელამდე დასავლურ სქოლასტიკაში არავისთან დასტურდება; ეყრდნობა და თარგმნის ნემესიოს ემესელის ცნობილ წიგნს „ბუნებისათვის კაცისა“, რაც წარმოადგენდა იოანე დამასკელის დოგმატიკის ერთ-ერთ ძირითად ფილოსოფიურ საფუძველს (მისი პირველი ლათინური თარგმანი XII ს. მეორე ნახევარში გამოჩნდა, იოანე პეტრიწმა იგივე საქმე დაახლოებით 50 წლით ადრე შეასრულა); გვიანდელი შუა საუკუნეების სქოლასტიკაში ძირითადი გარდატეხა და განვითარების ახალი ხაზი არისტოტელეს ფილოსოფიის ქრისტიანობაში შემოტანამ განაპირობა. არაბული არისტოტელიზმის გაცნობამ მალე დაანახა ევროპას, რომ საჭიროა „წმინდა“ არისტოტელესთან მისვლა, რასაც მოჰყვა არისტოტელეს თხზულებათა უშუალოდ ბერძნულიდან ლათინურად თარგმნა და განმარტება. ეს გზა თითქმის მთელი საუკუნით ადრე გაიარა იოანე პეტრიწმა: იგი იყენებდა „წმინდა“ არისტოტელეს და თარგმნიდა მას ქართულ ენაზე; პროკლე დიადოხოსის ნაშრომს („კავშირნი ღმრთისმეტყველებითნი“), რომელიც პეტრიწმა თავისი ფილოსოფიის ქვაკუთხედად აირჩია, უდიდეს ანგარიშს უწევდა როგორც ადრინდელი, ასევე გვიანდელი შუა საუკუნეების ქრისტიანული სქოლასტიკა. ეს წიგნი დაახლოებით XI ს. შემოკლდა და გადამუშავდა არაბულად, ხოლო იქიდან XII ს. „მიზეზთა წიგნის“ სახელით ლათინურად ითარგმნა. „მიზეზთა წიგნს“ ეყრდნობოდა მთელი დასავლეთევროპული სქოლასტიკა. თომა აქვინელმა ამ თხზულებას აღფრთოვანებული კომენტარები უძღვნა და არისტოტელესთან ერთად საფუძვლად დაუდო თავის თეოლოგიურ სისტემას. XIII ს. მეორე ნახევარში თომა აქვინელმა ბერძნულიდან ლათინურად ათარგმნინა პროკლეს „კავშირნი ღმრთისმეტყველებითნი“ და დაადგინა, რომ „მიზეზთა წიგნი“ პროკლეს ამ ნაშრომის დამახინჯებული რედაქცია იყო. მთელი საუკუნე-ნახევრით ადრე პროკლეს ნაშრომი „კავშირნი ღმრთისმეტყველებითნი“ სრული და ზუსტი სახით იოანე პეტრიწმა თარგმნა და განმარტა დაახლოებით იმავე მიზნით, რა მიზნითაც განმარტავდა მას თომა აქვინელი.

დიდია იოანე პეტრიწის როლი და ადგილი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარების ისტორიაში. პეტრიწის ფილოსოფია ქართული ქრისტიანული აზროვნების მრავალსაუკუნოვანი განვითარების დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი საფეხურია. პეტრიწმა ქართული ქრისტიანული ფილოსოფია განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. ქართულ ენაზე გააგრძელა ბიზანტიური სქოლასტიკის უკანასკნელი სიტყვა და ეს აზროვნება იმავე მიმართულებით განავითარა, რა გზითაც წავიდა იგი დასავლეთ ევროპაში ცოტა მოგვიანებით. ამით იოანე პეტრიწმა ფილოსოფიური საფუძველი შეამზადა იმ დიდი აღორძინებისთვის, რომელზეც XII-XIII სს. მიჯნაზე „ვეფხისტყაოსანი“ აღმოცენდა.

„განმარტებებში“ პეტრიწი არსებითად რელიგიურ-ფილოსოფიურ პრინციპებს აყალიბებს, მაგრამ ლიტერატურის ისტორიისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ აქ გადმოცემულია საყურადღებო ესთეტიკური შეხედულებანი. ისინი სხვადასხვაგვარადაა მოწოდებული. თვით თეოლოგიურ-ფილოსოფიური პრობლემებიც კი ხშირად ესთეტიკური თვალზრისითაა გაშუქებული. საზოგადოდ, იოანე პეტრიწის ნააზრევში არსებითი მნიშვნელობისაა სამი საკითხი: სამყაროს შექმნა; სამყაროსა და შემოქმედის ურთიერთმიმართება და სამყაროს იერარქიული სტრუქტურა; შემოქმედის შემეცნება ხილული სამყაროს მეშვეობით. სამივე ეს საკითხი, სხვა ასპექტებთან ერთად, გააზრებულია ესთეტიკის თვალსაზრისითაც: სამყაროს შექმნა მშვენიერების შემცველი სახის შექმნაა; სამყარო ისევე მიემართება ღმერთს, როგორც მხატვრული სახე შემოქმედის ჩანაფიქრს, სამყაროს იერარქიული საფეხურები ერთმანეთს მიემართება, ვითარცა სიმბოლო თავის შინაარსს; ხილული სამყაროს მეშვეობით ხდება მისი ღვთაებრივი შინაარსის ამოცნობა ისევე, როგორც მხატვრული სახის შინაარსის წვდომა. ამდენად, იოანე პეტრიწის კოსმოლოგიასა და გნოსეოლოგიას მსჭვალავს განსახოვნების თეორია. ამ მიზეზით იოანე პეტრიწის ნააზრევი ახლობელი ხდებოდა მხატვრული აზროვნებისთვის, პოეზიისთვის.

პეტრიწონის სალიტერატურო სკოლამ შექმნა თავისებური ენობრივი სტილი, ერთგვარად გრეციზმებით დატვირთული. მართალია, ამ სკოლის წარმომადგენელთა ენა რამდენადმე ხელოვნური და ძნელად გასაგებია, მაგრამ ამგვარი ენობრივი ტენდენციები მათ მიერ მკვიდრდებოდა გარკვეული აზროვნებითი ინტერესებით. პეტრიწონელთა ენობრივ სტილს ფილოსოფიური მიზანდასახულებანი განსაზღვრავდა. თვით პეტრიწმა მრავალი სიახლე შესძინა ქართულ ენას, განსაკუთრებით — ქართულ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას; მრავალი მისეული ტერმინი საბოლოოდ დამკვიდრდა ქართულ ენაში. ამ სიახლეთა შემოქმედებითი ათვისება ქართული ენის გამდიდრების საშუალებას ქმნიდა.


ტექსტი

  • იოანე პეტრიწი, შრომები, ტ. I, 1940, ტ. II, 1937.

ლიტერატურა

  • შ. ნუცუბიძე, ქართული ფილოსოფიის ისტორია, I, 1956;
  • კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960, გვ. 284— 305,
  • მ. გოგიბერიძე, პეტრიწი და მისი მსოფლმხედველობა, წიგნში: რუსთაველი, პეტრიწი, პრელუდიები, 1961, გვ. 129-219.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები