გორგიჯანიძე ფარსადან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გორგიჯანიძე ფარსადან – (დაახლ. 1626-1696), ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, XVII ს-ის ქართული ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

აღიზარდა ქართლის მეფის, როსტომის კარზე, სადაც, სავარაუდოდ, უფრო მეტად აღმოსავლური განათლება მიიღო. კარგად შეისწავლა სპარსული ენა, ხოლო შემდეგ, ირანში ხანგრძლივი ცხოვრების პერიოდში (40 წლის განმავლობაში ირანის შაჰების – აბას II და სულეიმანის სამსახურში იდგა), საფუძვლიანად გაეცნო აღმოსავლურ, კერძოდ, სპარსულ საისტორიო მწერლობას, რომლის ტრადიციები ფართოდ გამოიყენა სამეცნიერო მუშაობაში. იგი აღმოსავლურ ყაიდაზე განსწავლული პირველი ქართველი ისტორიკოსია, რომელმაც დაწერა მნიშვნელოვანი ისტორიული თხზულება „საქართველოს ისტორია“, რომელშიც გადმოცემულია ჩვენი ქვეყნის ისტორია გაქრისტიანებიდან XVII ს. მიწურულამდე.

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში თხზულება ოთხ ნაწილად არის დაყოფილი; პირველი ნაწილი მოიცავს პერიოდს გაქრისტიანებიდან თამარის გამეფებამდე, მეორე ნაწილი – თამარის გამეფებიდან XIV ს. დამდეგამდე, მესამე თემურლენგის შემოსევებიდან XVII ს. 60-იან წლებამდე, მეოთხე – 80-იანი წლებიდან 1696 წლამდე. პირველი სამი ნაწილი კომპილაციური ხასიათისაა. მათ დასაწერად, ზეპირგადმოცემებთან ერთად, ავტორმა გამოიყენა ქართული, სომხური და სპარსული თხზულებები, საიდანაც მისთვის საჭირო ცნობები ამოკრიბა.

ამდენად, გიორგის თხზულების სამი ნაწილი ისტორიოგრაფიული ძეგლია და არა საისტორიო წყარო. რაც შეეხება მეოთხე ნაწილს, აქ აღწერილი ისტორია თვითმხილველის მიერ არის გადმოცემული, გამოყენებულია მრავალი საინტერესო სპარსული წყარო და მას პირველწყაროს მნიშვნელობა ენიჭება.

მიუხედავად ზემოთქმულისა, გორგიჯანიძის თხზულების ოთხივე ნაწილს გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქართული ისტორიოგრაფიისთვის. პირველი ორი ნაწილი აზუსტებს და ავსებს ქართულ წყაროებს, მესამე ნაწილში, ვახტანგ VI-ის „სწავლულ კაცთა“ კომისიაზე ბევრად ადრე, სცადა სპარსული წყაროების საფუძველზე აღედგინა XV-XVI სს-ისა და XVII ს. პირველი ნახევრის საქართველოს ისტორია. მეოთხე ნაწილს, ივ. ჯავახიშვილის შეფასებით, „საქართველოს ისტორიის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ძვირფას ცნობებს გვაძლევს“.

გორგიჯანიძე XVI-XVII სს. სპარსული საისტორიო მწერლობის ტიპური წარმომადგენელია, ხოლო თავისი პირუთვნელობის, პირდაპირობისა და ობიექტურობის გამო მათ შორის საუკეთესოდ შეიძლება ჩაითვალოს.

გორგიჯანიძეს აგრეთვე ეკუთვნის „ჯამი-აბასის“ (მუსლიმანთა სამართლის წიგნი) ქართული თარგმანი. ჩვენამდე მოღწეულია გორგიჯანიძის ქართულ-არაბულ-სპარსული ლექსიკონი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ქართულ-უცხოენოვანი ლექსიკონია.

ქ. ნადირაძე



ლიტერატურა

  • კიკნაძე რ., ფარსადან გორგიჯანიძე და „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, თბ., 1975;
  • ნადირაძე ქ., ისტორიოგრაფია-ისტორიული მეცნიერების ისტორია, თბ., 2005.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები