გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერებიგრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კოლექციის მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს VII-XI ს-ების სინური წარმომავლობის 5 ქართული ხელნაწერი წიგნი და 2 ფრაგმენტი, რომელთა ბიბლიოთეკის ფონდში არსებობაც ჰუგო შუხართის სახელს უკავშირდება.

სარჩევი

Graz. Geo. 2058/1. ხანმეტი ლექციონარი.
1. Graz. Geo. 2058/1. 1r

VII ს. 27 ფ.; ეტრატი; თავ-ბოლო ნაკლული; ძლიერ დაზიანებული; 18,8×16,1 სმ.; მთავრული; ყავისფერი მელანი; სათაურები სინგურით. ზოგიერთ ფურცელზე პირველი სტრიქონი ნაწილობრივ წაჭრილია და ასოების მხოლოდ ქვედა ნაწილი ჩანს, რაც ხელნაწერების რამდენიმე გზის აკინძვაზე მეტყველებს. პირველი ფურცელი მოხეულია, დანარჩენი – შეკრული. ტექსტი თარიღდება პალეოფრაფიული და ენობრივი ნორმების, კერძოდ, ზმნის S2 და O3 პირების არქაული „ხან“ პრეფიქსის საფუძველზე. მართალია, გრაცის ფრაგმენტებზე ხანები ზოგან ამოფხეკილია, მაგრამ ისინი მაინც იკითხება ტექსტში („ხეტყჳ“, „ხეშინოდა“, „ხრქუა“, „ხუწყი“). გრაცის ლექციონარში ხანმეტი ფორმების პარალელურად ამოკითხულია ჰაემეტი ფორმებიც („ჰიტყებდნენ“, შეჰიძრნენ“, „ჰიხილო“) (სარჯველაძე 1984: 34). შესაბამისად, ფრაგმენტები VII ს-ით თარიღდება. გარდა ენობრივი არქაიზმებისა, ლექციონარი ყურადღებას იპყრობს რედაქციული თვალსაზრისითაც. იგი ასახავს V-VII სსში იერუსალიმური ლექციონარის რედაქციულ ჩამოყალიბებაში მიმდინარე პროცესებს. მასში შესულია დიდი შაბათის მწუხრის, აღდგომის ცისკრისა და მწუხრის, აღვსების ზატიკის მწუხრის საკითხავები მხოლოდ ახალი აღთქმიდან, რაც ძეგლის არქაულობის ერთ-ერთ არგუმენტს წარმოადგენს (შანიძე 1929: 322; Tarchnisvili 1960: 261-280; იადგარი 1980: 670). ლექციონარის ხანმეტი ვერსიის წარმომავლობა პალესტინურ გარემოს უკავშირდება. ხელნაწერი ინახებოდა სინის მთაზე, ამიტომაც იგი №9-ით შევიდა ა. ცაგარლის აღწერილობაში, რომელშიც მკვლევარს აღნიშნული ერთეული აღნუსხული აქვს 28 ფურცელით და რაობა განსაზღვრული აქვს, როგორც იოვანეს სახარება (Цагарели 1888: 199-200, №9). ტექსტის დასაწყისი კი მათეს 28,4-5 და დასასრული ლუკა 12,33-34 მუხლებია. რაც მთავარია, მკვლევარს ამავე ხელნაწერის ნაწილად და ბოლო ფურცლად აღქმული აქვს იოვანე-ზოსიმეს 983 წლით დათარიღებული ანდერძი. აღნიშნული ფურცელი ამჟამად ინახება ბირმინგემში, მინგანას კოლექციაშისაფონდო ნომრით Mingana.Geo.7. 1960 წელს ჟ. გარიტმა მინგანას კოლექციის სხვა ქართულ ფრაგმენტებთან ერთად აღწერა, შეისწავლა და გამოაქვეყნა ხანმეტი ლექციონარის ნაწილად ჩათვლილი ე.წ. 29-ე ფურცელი. გაირკვა, რომ იოვანე-ზოსიმეს ეს ანდერძი გადაწერილია განსხვავებული ზომის ეტრატზე (18,5×12,2 სმ.), პალიმფსესტურ ფურცელზე (Garitte 1960: 249-251). ნათელი გახდა, რომ ხანმეტმა ლექციონარმა ჩვენამდე 28 (და არა აქამდე მითითებულ 29) ფურცლით მოაღწია, რომელთაგან 27 ინახება გრაცში, ხოლო 1 – საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საფონდო ნომრით Geo.30. გრაცში არსებული ფურცლების რაობა, თარიღი და მნიშვნელობა განსაზღვრა აკ. შანიძემ, რომელმაც აღნიშნული ძეგლი ორგზის გამოსცა (შანიძე 1929: 313-353; 1944) და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა ლექციონარის უძველესი ქართული თარგმანი. ბოლო წლებში ხანმეტი ლექციონარით დაინტერესდა გერმანელი მეცნიერი ი. გიპერტი, რომელმაც ქართველ მეცნიერებთან, ზ. სარჯველაძესა და ვ. იმნაიშვილთან, თანამშრომლობის შედეგად გამოაქვეყნა ლექციონარის ახალი წაკითხვები. გრაცის ხელნაწერსა და ზოგადად ლექციონარის ქართული რედაქციებს, გარდა დასახელებული სამეცნიერო პუბლიკაციებისა, არაერთი შრომა მიეძღვნა (Кекелидзе 1912 (a); დანელია 1987; 1997; Renoux 1971; Outtier 1972: 399-402; იადგარი 1980: 663-691; ჭელიძე 2005, 105-106, სქ.82; მელიქიშვილი 2012 (a): 69-77; ხევსურიანი 2016: 13-23)

2. Graz. Geo. 2058/1. 1v
Graz Geo. 2058/2. ფსალმუნი.

X ს-ის I ნახ. 282(+1)ფ.; ეტრატი; პალიმფსესტი; ქვედა ფენა სომხური, ზედა – ქართული; 13,8×11 სმ.; მთავრული; ყავისფერი მელანი; სათაურები, ფსალმუნის რიგითი ნომრები და მინაწერები სინგურით. გვიანდელი გვერდობლივ პაგინაციაში დაშვებულია შეცდომები; ყავისფერი ტვიფრული ტყავის ყდა. გადამწერი: სერაპიონი, მომგებელი: დავითი. გრაცის ფსალმუნი ადრებიზანტიური რედაქციისაა. იწყება ხელნაწერის 5r-დან. ნაწერი გადასულია, გაცხოველებულია X ს-ის ნუსხურით. ხელნაწერში შესულია ფსალმუნი და გალობანი. ტექსტი იწყდება გალ. 5,17-ზე. ფსალმუნში მუხლთა რაოდენობა აღნიშნული არაა. ამავე რედაქციის ფსალმუნის სხვა ხელნაწერებისგან განსხვავებით, გრაცის ნუსხაში ფსალმუნებს ხშირად ვრცელი სათაურები აქვს. ხელნაწერი შესწავლილია და გათვალისწინებულია ფსალმუნის ტექსტის კრიტიკულ გამოცემაში (შანიძე 1960 (b)). არსებობს ამავე ნუსხის მეორე გამოცემაც (იმნაიშვილი 2004: 78-220).

Graz Geo. 2058/3. სვიმეონ სალოსის ცხოვრება.

X ს. [981 წ]; 164 (173) ფ.; ეტრატი; 11,5×10,3 სმ.; ნუსხური; მელანი მუქი ყავიფერი; სათაურები და მინაწერები სინგურით; აბზაცები გამოყოფილია მთავრულით. გადამწერი: თეოდორე წყუდიელი, მომგებელი: იოანე კუმურდოელი. ყდა 981 წლისა. ყდის ოსტატი: იოვანე-ზოსიმე. ხელნაწერი იწყება 2r-დან. გვიანდელ ფურცლობრივ პაგინაციაში დაშვებულია შეცდომა და ფურცელთა რაოდენობა განსაზღვრულია 173-ით. რეალური რაოდენობა დადგენილი აქვს ვ. იმნაიშვილს, რომელიც 164 ფურცელს აფიქსირებს. წინამდებარე გამოცემა ეყრდნობა იმნაიშვილისეულ პაგინაციას, ხელნაწერისეული სათვალავი მითითებული ფრჩხილებში. (იმნაიშვილი 2004: 227). „სვიმეონ სალოსის ცხოვრება“ აღწერილი აქვს ალ. ცაგარელს 1883 წელს სინის მთაზე ყოფნის დროს. მეცნიერი ხელნაწერს IX-X სს. ათარიღებს (Цагарели 1888: 226, № 69). ცაგარლის აღწერილი ხელნაწერისა და გრაცის კოდექსის იდენტურობა ჰ. შუხართის მიერაა დადგენილი. ხელნაწერის ბოლო გვერდზე 16(173*)r, რომელიც მცირე ფრაგმენტის სახითაა შემორჩენილი, იკითხება დაქარაგმებული ოთხი ასო „ლცყთ“. სიტყვის „ლოცვა-ყავთ“ ოთხი ასოთი დაქრაგმება დამხასიათებელია იოვანე-ზოსიმეს ხელწერისათვის. გრაცის ხელნაწერში შესული ტექსტის რედაქციული თავისებურებები არაა შესწავლილი. ტექსტი გამოცემული აქვს ვ. იმნაიშვილს (იმნაიშვილი 2004: 228-258), ხელნაწერის ყდისა და კინძვის ისტორია გამოკვლეულია (კარანაძე 2002: 9-16; 2007 (b): 346-351).

Graz Geo. 2058/4. იაკობის ჟამისწირვა. იაკობის პირველშეწირულის ლიტურგია.

985 წ., X ს. 110 ფ.; ეტრატი; 20×15 სმ.; მსხვილი მთავრული; შავი მელანი; უყდო; თავნაკლული. ტექსტში გამოყენებულია როგორც სინგური, ისე მარგინალური ნიშნები მცირე ზომის ფიგურული ჯვრების სახით. გადამწერი და რედაქტორია იოვანე-ზოსიმე (94v-95r, 110 v); მომგებელი – კჳრიკე (110v). შედგება 2 ნაწილისგან: I. – იაკობ მოციქულის ჟამისწირვა ( 1r-94v); II. იაკობის პირველშეწირულის ლიტურგია (96r-110r). ტექსტი ნათარგმნია ბერძნული ხელნაწერიდან, რომელიც მეშვიდე მსოფლიო კრების წინ იყო შექმნილი. წიგნის შედგენა-გადაწერაზე საინტერესო ცნობას გვაწვდის იოვანე-ზოსიმეს ანდერძი, რომელიც მოგვაქვს ფრაგმენტულად: „... ამის ჟამის წირვისა დედასა მრავალი განგებაჲ და ლოცვები და სიტყვები აკლდა თავითგან ვიდრე დასლამდე, ვითა მე ვიცოდე მოძღუართაგან ... ხოლო ვინ მაწერიებდა, მევედრებოდა ფრიად, რაჲთა არაჲ მაგას შინა სწერია, იგიაჲ ოდენ დამიწერეო. აწ იგიაჲ ოდენ დამიჩხ(რე)კია... ოდეს ესე ჟამისწირვაჲ დაიწერა სინა წმიდას ჴელითა იოვანე ფრიად ცოდილისა ზოსიმესითა... დასაბამითგანი წელნი იყუნეს ქართულად ხფპთ და ქორონიკონი იყო სე. ...“ (95r). სინური წარმომავლობის ამ ხელნაწერის პირველი აღწერილობა გამოაქვეყნა ა. ცაგარელმა (Цагарели 1888: 210, №31). 1883 წლის შემდეგ ცაგარლის მიერ აღწერილი ხელნაწერის ერთი ნაწილი სტრაჰოვის მონასტრის კუთვნილება გახდა. პრაღაში მას მიაკვლია აკ. ბელიაშვილმა. ხოლო მეორე ნაწილი კი მხატვარ ალფონს მილეხისგან შეიძინა ჰ. შუხართმა (იმნაიშვილი 2004: 259). ნუსხა 1929 წელს ფოტოპირის საფუძველზე აღწერა ა. შანიძემ, ხოლო 1932 წელს დედანი –გ. ფერაძემ. Graz.Geo.2058/4 იაკობის ლიტურგიის უძველეს რედაქციას წარმოადგენს (შანიძე 1929: 345-348; Peradze 1932: 255-272; ფერაძე 1940: 220). ხელნაწერის მიხედვით „იაკობის ჟამისწირვის“ ტექსტი გამოცემულია ორჯერ მ. თარხნიშვილისა და ვ. იმნაიშვილის მიერ (Tarchnišvili 1950; იმნაიშვილი 2004: 265-294). 2007 წელს 10 უძველესი ნუსხის მიხედვით დაიბეჭდა იაკობის ლიტურგიკიის ძველი ქართული თარგმანი. გამოცემაში ერთ-ერთ ნუსხად გათვალისწინებულია Graz.Geo.2058/4 ხელნაწერიც (Liturgia 2007). აღსანიშნავია, რომ იაკობის პირველშეწირულის ლიტურგია ბერძნულად მხოლოდ ფრაგმენტული სახით, ძველქართულად კი სრულადაა შემონახული. ამდენად, ძველ ქართულ თარგმანს დედნის მნიშველობა ენიჭება (ხევსურიანი 2016: 15-16).

Graz Geo. 2058/5. იოვანე ოქროპირის ჟამისწირვა.

. X-XI სს. ეტრატი; გრაგნილი; 4 კეფი; I კეფის სიგრძე: 9,5 სმ.; II – 64 სმ.; III – 57,5 სმ.; IV – 62 6მ; სიგანე მერყეობს 23,5-24,2 სმ. შორის; დაწერილია როგორც recto, ისე verso; ტექსტი მეორე კეფიდან იწყება, პირველ კეფზე დახატულია წნული ორნამენტისაგან შედგენილი გეომეტრიული ფიგურა, რომლის დიდი ნაწილი დაზიანებული, მოხეული და დაკარგულია. კუთხოვანი ნუსხური, ყავისფერი მელანი, სათაური და საზედაო ასოები სინგურით; გადამწერი და მომგებელი უცნობია. მოგვიანებით მსხვილი ნუსხურით, შავი მელნით რამდენიმე ადგილას გაუცხოველებიათ გადასული ადგილები. ხელნაწერს აქვს არაერთი მინაწერი. ხელნაწერი ზედაპირულად აღწერა ა. ცაგარელმა, რომელმაც ტექსტი XI-XII სს-ით დაათარიღას (Цагарели 1888: 209, №29). ა. შანიძე ხელნაწერის აღწერისას (შანიძე 1929: 348) დაეყრდნო ცაგარლისა და გ. ჩუბინაშვილის, რომელმაც ა. შანიძის თხოვნით 1928 წელს აღწერა ხელნაწერი, მონაცემებს. მ. თარხნისშვილი ხელნაწერს X-XI სს-ში გადაწერილად მიიჩნევს (Tarchnisvili 1938: 80-83). ხელნაწერი Graz.Geo.2058/5 შედარებით ვრცლად აღწერა ვ. იმნაიშვილმა (იმნაიშვილი 2004: 295-299), რომელმაც თარხნიშვილის პუბლიკაციაზე დაყრდნობით გამოსცა ტექსტი (იმნაიშვილი 2004: 300-313).

ფრაგმენტები

Graz. Geo. 2058/A, B, C, D

გრაცის ფრაგმენტები, რომლებიც აღნიშნულია A, B და C ლიტერებით, შესწავლილი აქვს შუხართს. მისი აზრით, B და C ერთი ხელნაწერის ფრაგმენტებია და სინური წარმომავლობისაა. ბუნებრივია, მათ შესახებ პირველი ცნობები სწორედ ა. ცაგარლის აღწერილობაში იყო მოსაძიებელი. მაგრამ მეცნიერს არაფერი აქვს ნათქვამი ამ ფრაგმენტთა შესახებ, რაც იმას გულისხმობს, რომ 1883 წელს ისინი ჯერ კიდევ არ იყო ამოღებული შესაბამისი ხელნაწერებიდან. შუხართმა ცაგარლის აღწერილობის საფუძველზე შეძლო B და C ფრაგმენტების იდენტიფიკაცია. მისი აზრით, ისინი ცაგ. 80-ის ე.ი. ასკეტიკურ კრებულ Sin.Geo.O.35-ის ნაწილიებია (Schuchardt 1928: 371-376). ამ ხელნაწერის გადამწერი და შემმოსველია იოვანე-ზოსიმე. ა. შანიძემ კი A ფრაგმენტში სინური სახარების საკითხავთა კრებულის Sin.Geo.O. 63 (ცაგ.13) ამოიცნო (შანიძე 1929: 349). სინური ხელნაწერი აღწერილი და შესწავლილია (Цагарели 1888: 204,№13; Марр 1940: №63; Garitte 1974: 70-85; აღწერილობა 1987: 67-70).

A. ნაწყვეტი იოვანეს სახარებიდან.

1 ფ; ეტრატი; 31,1×25 სმ.; მთავრული; მუქი ყავისფერი მელანი, შიგადაშიგ გაცხოველებული. ა. შანიძემ და ჰ. შუხართმა დაადგინეს, რომ A ფრაგმენტი შეიცავს ნაწყვეტს იოვანეს სახარებიდან, კერძოდ, იოვ.15, 8-9 მუხლებს. აკ. შანიძის ვარაუდით, ფრაგმენტი ლექციონარიდან, კერძოდ, ცაგ. №13-დან უნდა ყოფილიყო ამოღებული (შანიძე 1929: 349). ფრაგმენტი აღწერა და გამოსცა ვ. იმნაიშვილმა (იმნაიშვილი 2004: 314-316).

B და C. ნაწყვეტები მრავალთავიდან.

2 ფ.; ეტრატი, B ფურცელი 33,8×27,4 სმ.; C ფურცლი 33,8×25 სმ.; ორივე ფრაგმენტი დაწერილია შავი მელნით, მწყობრი კუთხოვანი მთავრულით, ორ სვეტად; B ფურცლის verso-ზე ზემოთ რვეულებრივი პაგინაცია აღნუსხულია მთავრულითა და ბერძნულით, სათაური სინგურითა და მთავრული ასოებით. მომდევნო სტრიქონზე გვხვდება ბერძნულად შესრულებული განმარტებითი წარწერა. B ფურცელი შეიცავს ფრაგმენტს წმ. ანტონის წერილებიდან, რომლებიც შეტანილია Patrologia Graeka-ს მე-40 ტომში. C ფრაგმენტზეც სათაური, ასევე, სინგურითაა გამოყოფილი. ჰ. შუხართი ვრცლად აღწერს B და C ფრაგმენტებს და მათ ცაგ. №80-ის ნაწილად მიიჩნევს (Schuchardt 1928: 371-376). ა. ცაგარელის კატალოგის მიხედვით, ნუსხა „მამათა სწავლანს“ წარმოადგენს და დათარიღებულია X-XI სს-ით (Цагарели 1888: 232-233, №80). ფრაგმენტები ჩვენთვის საყურადღებოა იმითაც, რომ ის ხელნაწერი (Sin.Geo.O. 35 იგივე ცაგ. №80), რომლის ნაწილსაც წარმოადგენს Graz.Geo.2058/ B და C ფრაგმენტები, 973 წელს შემოსა იოვანე-ზოსიმემ მაყვლოვანის მონასტერში. B და C ფრაგმენტები აკ. შანიძემ 1929 წელს უნივერსიტეტის მოამბის IX ტომში გამოაქვეყნა (შანიძე 1929: 353). Sin. Geo.O.35 1946 წელს ვრცლად და საფუძვიანად აღწერა ჟ. გარიტმა (Garitte 1956 (a): 97-122), თუმცა იგი არაფერს ამბობს ხელნაწერის მმოსველ იოვანე-ზოსიმეს შესახებ. ვფიქრობთ, ეს არც არის გასაკვირი, რადგან Sin.Geo.O.35-ის კუთვნილი იოვანე-ზოსიმეს 973 წლით დათარიღებული კოლოფონი XIII ს-ში გადაწერილი Sin.Geo.O.67-ის ყდის ქვედა ფრთის საცავ ფურცლად გამოუყენებიათ (დვალი 1978: 72-83; კარანაძე 2002: 19, შენ. 89; 33, შენ. 132). ფრაგმენტები 2004 წელს ვრცლად აღწერა და გამოსცა ვ. იმნაიშვილმა (იმნაიშვილი 2004: 317-322)

D ფრაგმენტი. ჰიმნოგრაფიული კრებული.

XII ს. 1ფ.; ეტრატი, ნუსხური, საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით. D ფრაგმენტი წარმოადგენს ყველასათვის უცნობი ხელნაწერის ფოტოპირს. თავად ხელნაწერი დაახლოებით ერთი საუკუნის წინ ინახებოდა ავსტრიაში ფრიდრიხ მიულერის კერძო კოლექციაში. იგი იყო ერთ-ერთი პირველი ავსტრიელთაგან, ვინც დაინტერესდა ქართული ხელნაწერებით. მიულერის არქივი დაკარგულია, ამდენად, ხელნაწერთა შესახებ ცნობებიც გაურკვეველია. ხელნაწერის ფოტოს აქვს წარწერა, რომელიც ეკუთვნის ჰ. შუხართს: „ფრ. მიულერისაგან გამოგზავნილი ხელნაწერიდან“. ვ. იმნაიშვილის ვარაუდით, D ფრაგმენტი და Graz.Geo.2058/5 ერთი პირის მიერ უნდა იყოს გადაწერილი. ფოტოპირი აღწერა და გამოაქვეყნა ვ. იმნაიშვილა (იმნაიშვილი 2004: 323-326).


წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები