ეტრატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეტრატი – პერგამენტი, ტყავისაგან დამზადებული საწერი მასალა.

ტყავის დამუშავება საწერ მასალად უძველესი დროიდან იყო ცნობილი აღმოსავლეთის ქვეყნებში. ცნობები ამის შესახებ დაცულია ჰეროდოტესთან (ძვ. წ. V ს). როგორც ხელოსნობის დარგი, ეტრატის დამზადება განსაკუთრებით განვითარდა ელინისტურ პერიოდში ქ. პერგამონში. აქედანაა მისი სახელწოდებაც „პერგამენტი“ (ამავე ფუძიდან მომდინარეობს ეტრატის ევროპული სახელწოდებანი). ეტრატის დასამზადებლად იყენებდნენ ახალგაზრდა პირუტყვის (ხბო, ციკანი, კრავი) ტყავს, რომელსაც საგანგებოდ ამუშავებდნენ კირიან წყალში. სათანადო ტექნოლოგიური ციკლის გავლის შემდეგ ტყავს ჭიმავდნენ და აშრობდნენ. უკვე გამშრალი ეტრატის ზედაპირი ორივე მხრიდან მუშავდებოდა ცარცით ან კვერცხის ცილით, თუმცა მისი გარეთა (ბეწვის) მხარე დამუშავების შემდეგ უფრო მუქი ფერისა რჩებოდა, ვიდრე – შიდა. ეტრატის ორივე გვერდი გამოიყენებოდა საწერად. მასალის სიძვირისა და დამუშავების ხანგრძლივობის გამო ეტრატი ძვირადღირებული საწერი მასალა იყო. მიუხედავად ამისა, საუკეთესო თვისებებმა – სირბილემ, მოქნილობამ, გამძლეობამ განაპირობა ეტრატის ფართო გავრცელება, ეტრატის გაბატონებამ ბაზრიდან თანდათანობით განდევნა ჭილი, უფრო იაფი, მაგრამ ნაკლებად გამძლე საწერი მასალა. ამავე დროს ეტრატის გამოყენებას სამწიგნობრო ხელოვნებაში მოჰყვა სხვა სიახლეც – გრაგნილი შეიცვალა კოდექსის (რვეულის, თანამედროვე წიგნის) ფორმით. ეტრატზე დაწერილ წიგნებს უპირატესობა ენიჭებოდა საღვთისმსახურო პრაქტიკაშიც – წიგნის გამოყენება ღვთისმსახურების დროს გაცილებით ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე გრაგნილისა. დამუშავებული ტყავი იკეცებოდა ოთხად შვეულსა და განივ ცენტრ. სოლებზე და რვეულისებურად იკერებოდა. ასე გადაკეცილ ტყავის ნაჭერს ბერძნულად tetradion (ოთხეული) ეწოდებოდა. ამ ბერძნული სიტყვიდან არის მიღებული ქართული ეტრატი (შდრ. აგრეთვე რუს. тетрадь), იგი თავდაპირველად აღნიშნავდა ტყავის რვეულს, თანდათანობით კი ტყავის საწერი მასალის აღმნიშვნელ ზოგად სახელად იქცა.

გადამწერები ეტრატს მისი სიძვირის გამო დიდი მომჭირნეობით ხმარობდნენ. ზოგჯერ დაძველებულ ხელნაწერებს შლიდნენ, ძველ ტექსტს ფხეკდნენ და ერთხელ უკვე გამოყენებულ ეტრატზე ხელმეორედ წერდნენ, მაგრამ რადგან ეტრატი კარგად იწოვს საღებავს, ძველი ტექსტი ბოლომდე მაინც არ იშლებოდა. ასე წარმოიშვა ე. წ. პალიმფსესტური ტექსტები.

საქართველოში გამოიყენებოდა როგორც შემოტანილი, ასევე ადგილობრივი წარმოების ეტრატი. ხელნაწერთა მინაწერებში დაცული ცნობებით, ეტრატს ამზადებდნენ ბატკნის, ციკნის და თვით ირმის ტყავისგანაც კი. ეტრატის დამუშავება – „შექმნა ეტრატისა“ ხელოსნობის ცალკე დარგს წარმოადგენდა.

ქართული ხელნაწერების ყველაზე ძველი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი (XI ს-მდე, ქაღალდის მასობრივ გამოყენებამდე) – VI-VII სს. პალიმფსესტები, ხანმეტი ლექციონარი (VII ს.), სინური მრავალთავი (867), ადიშის (897), ჯრუჭის (936), პარხლის (973) ოთხთავები, უდაბნოს (X ს.), შატბერდის (973–976) მრავალთავები და სხვ. ეტრატზეა შესრულებული.

მ. სურგულაძე



ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ი. ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ. 13, ნაკვ. 1 – ქართ. დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, ტფ., 1926, II გამოც., 1949 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 9, თბ., 1996);
  • სურგულაძე მ. ძველი ქართული პალეოგრაფიული ტერმინები, თბ. I978;
  • დანელია კ. სარჯველაძე ზ. ქართული პალეოგრაფია, თბ. 1997.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები