გროღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გროღ-ი (სომხ.Գրող – „ჩამწერი“, „მწერელი“) – სიკვდილის პერსონიფიცირებული სული სომხურ მითოლოგიაში; ჰყავს თანამგზავრი („გროღ-ი გზირ-ი“). გროღი ადამიანს დაბადებისთანავე შუბლზე აწერს მის ბედს, რომელსაც ბახთი განსაზღვრავს. სიკვდილის სული თავის წიგნში იწერს ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩადენილ ცოდვებსა და კეთილ საქმეებს, რომელიც განკითხვის დღეს გაირჩევა. როცა სიკვდილის დღე დგება, იგი ადამიანთან მოდის და სულს ართმევს, ზოგჯერ ძალითაც კი.

სომხური რწმენის მიხედვით, ზოგჯერ ადამიანის სულს არ უნდა სხეულის დატოვება. როგორც ჩანს ამ წარმოდგენით უნდა აიხსნას ის ქმედებები, რომელსაც, სიკვდილის გაადვილების მიზნით, მომაკვდავის აგონიაში ყოფნის დროს მიმართავდნენ: საამისოდ, პირველ ყოვლისა, მომაკვდავს ბალიშს გამოაცლიდნენ, აღებდნენ ყველა კარსა და სარკმელს, რათა სული წინაღობის გარეშე გამოსულიყო; იცოდნენ აგონიაში მყოფთათვის სხვადასხვა საგნების დადება, ხელ-ფეხზე თაფლის წასმა, მათ ფეხებთან შავი ქათმის დაკვლა და მომაკვდავის ხელ-ფეხზე მისი სისხლის შეზელა.

სომეხთა რწმენით, ძაღლის ყეფა სიკვდილს მოასწავებს. ზოგან მიაჩნდათ, რომ ძაღლის ყეფა ამ ცხოველის მიერ გროღის ნახვით იყო გამოწვეული. გროღი ზოგჯერ გაიგივებულია წავერებთან – სნეულებათა სულებთან. ამ იპოსტასში გროღი სამი ფერის (მწვანე, წითელ და შავ) ჯოხს ფლობს; როცა ადამიანს მწვანე ჯოხს ურტყამს, ადამიანი მსუბუქად ავადდება, თუ – წითელს, საწოლს დიდხანს მიეჯაჭვება, თუკი – შავს, მაშინათვე კვდება. ამ დარტყმისაგან ადამიანს ზურგზე ჩალურჯებები უჩნდება, რასაც სომხები თურს („დარტყმას“) უწოდებენ.


ლიტერატურა

  • გ. ალიშანი. სომეხთა ძველი სარწმუნოება ანუ წარმართული რელიგია. ვენეცია, 1895 (სომხ. ენაზე);
  • ე. ლალაიანი. პროვინცია ნორ-ბაიაზეთი // აზგაგრაკან ანდეო. ტ. 17. ტფ., 1908 (სომხ. ენაზე);
  • მისივე. ვასპურაკანი // აზგაგრაკან ანდეო. ტ. 25. ტფ., 1916 (სომხ. ენაზე);
  • Арутюнян С. Б. Грох // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • Харатян З. В. Традиционные демонологические представления армян // СЭ, № 2, 1987;
  • მისივე. Культовые мотивы семейных обычаев и обрядов у армян // Армянская этнография и фольклор. Вып. 17. Ереван, 1989;
  • Эмин Н. О. Очерк религии и верований языческих армян. М., 1864;


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები