გობეჯიშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დავით გობეჯიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით გობეჯიშვილი და მისი მთავარი მეტოქე - ამერიკელი ბრუს ბაუმგარტნერი

გობეჯიშვილი დავით — (დ. 1963 წლის 3 იანვარს, სოფელ ხურუთში (ონის რაიონი), თავისუფალი სტილის მოჭიდავე (130 კგ). სეულის 1988 წლის თამაშების ჩემპიონი და ბარსელონის 1992 წლის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1985, 90) და მეორე პრიზიორი (1986), მსოფლიო თასის სამგზის მფლობელი (1986, 87, 88), ევროპის ჩემპიონი (1985), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1986), სსრკ-ის ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986), სსრკ-ის სამგზის ჩემპიონი (1985, 86, 88), მეორე (1987, 89) და მესამე (1990) პრიზიორი, კეთილი ნების თამაშების (1990) და დსთის ჩემპიონი (1992). საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1985, 90). სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (1994-2000), საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2002-2004, 2008), სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი (2008-2012). საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი.

წარწერის ტექსტი

1988 წლის ოლიმპიური თამაშები

30 კგ, 15 მონაწილე
1. დავით გობეჯიშვილი (სსრკ)
2. ბრუს ბაუმგარტნერი (აშშ)
3. ანდრეას შრიოდერი (გდრ)
I წრე ­ აშკარა უპირატესობით (4,47­წუთში) მოუგო დენის ატიეჰს (სირია); II წრე ­ წმინდად (2,43) დაამარცხა ჰიროიუკი ობატა (იაპონია); III წრე ­ აშკარა უპირატესობით (4,43) გაიმარჯვა რალფ ბრემერთან (გფრ) შეხვედრაში; IV წრე ­ ქულებით (6:1) სძლია ათანას ათანასოვს (ბულგარეთი); V წრე ­ ქულებით (6:0) მოუგო ლასლო კლაუზს (უნგრეთი); ფინალში ქულებით (3:1) დაამარცხა ბრუს ბაუმგარტნერი (აშშ).

დავით გობეჯიშვილი ყველაზე პრესტიჟულ − მძიმე წონაში გამოდიოდა, აქ მოპოვებულ გამარჯვებას კი ყოველთვის სხვა ფასი ჰქონდა. 1984 წელს, ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე, სოცბანაკის ქვეყნების პოლიტიკური ბოიკოტის პირობებში, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ამერიკელი ბრუს ბაუმგარტნერი. საბჭოთა მწვრთნელების წინაშე მთელი სიცხადით დადგა ბაუმგარტნერის პრობლემა. სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა დავით გობეჯიშვილი, რომელსაც, რა თქმა უნდა, კონკურენტები არც საბჭოეთში აკლდა და არც საზღვარგარეთ. მაგრამ ელვისებურად გადაასწრო ყველას. ელვისებურად და მოულოდნელად. ერთი აწოწილი ბიჭი იყო, ჭიდაობისთვის იმდენად შეუფერებელი, თავს ვერავინ დადებდა, რომ მისგან მსოფლიო კლასის მოჭიდავე გამოვიდოდა. დათომ ყველა ეჭვი გაფანტა – სულ რაღაც ორ­სამ წელიწადში ძალიან მოღონიერდა და მომძლავრდა, ტექნიკურადაც დაწინაურდა და ორმეტრიანი კაცი კისრულზეც თამამად მიდიოდა. 1983 წელს, მოსკოვში, სპორტკომიტეტის პრიზზე ისე იჭიდავა, თან ისეთ ძლიერ მეტოქეებს აჯობა, ერთბაშად ყურადღების ცენტრში მოექცა. თუ მანამდე ახალგაზრდულ გუნდში ვერ ხვდებოდა, უცებ მოზრდილთა ნაკრებში აღმოჩნდა. მაგრამ წინ იყო უფრო მნიშვნელოვანი გამოცდა, რომელიც უცხოელ კონკურენტებთან პირისპირ ბრძოლაში უნდა ჩაებარებინა. მთავარ გამომცდელად, რასაკვირველია, ბრუს ბაუმგარტნერი ჰყავდა. მწვრთნელებს ნათქვამი ჰქონდათ: ვინც ბაუმგარტნერს აჯობებდა, საბჭოთა ნაკრებში უყოყმანოდ დააყენებდნენ. მას პირველად 1985 წელს ერევანში, საბჭოთა კავშირისა და ამერიკის გუნდების სამატჩო შეხვედრაზე ეჭიდავა და მოუგო კიდეც – ჯერ კიდევ გამოუცდელმა ახალგაზრდამ შავი დღე აყარა ძლევამოსილ ოლიმპიურ ჩემპიონს. ცხადია, გობეჯიშვილ­-ბაუმგარტნერის ორთაბრძოლას დიდი რეზონანსი მოჰყვა და ყველანი დარწმუნდნენ, რომ ერევანში სათავე დაედო ახალ ისტორიას. დიდი ტურნირები ისე როგორ ჩაივლიდა, ერთმანეთს რომ არ დასჭიდებოდნენ. მთავარი შეხვედრა, რა თქმა უნდა, 1988 წელს სეულის ოლიმპიადის ფინალში შედგა.

იმ დროისთვის გობეჯიშვილს უკვე მოგებული ჰქონდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, მაგრამ უმთავრესი სპორტული ტიტულის მოსაპოვებლად სეულში უნდა ებრძოლა. ვიდრე ფინალში გავიდოდა, ხუთი მეტოქე სოლიდური უპირატესობით დაამარცხა: „ფინალში ბაუმგარტნერს ზედიზედ სამი ქულა ავუღე. რამდენიმეჯერ სცადა ჩემი დატრიალება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. საფინალო სასტვენამდე წამები რჩებოდა და რაკი უკვე ყველაფერი გარკვეული იყო, ხალიჩიდან მწვრთნელებს ხელი დავუქნიე – ნუ ნერვიულობთ, ოქროს მედალი ჩემია­მეთქი. მერე ამ კადრს ხშირად აჩვენებდნენ ტელევიზიით.”

1992 წლის ოლიმპიური თამაშები

130 კგ, 15 მონაწილე
1. ბრუს ბაუმგარტნერი (აშშ)
2. ჯეფრი თუუ (კანადა)
3. დავით გობეჯიშვილი (გაერთ. გუნდი)
I წრე ­ ქულებით (6:3) მოუგო იურაი სტეჰს (ჩეხოსლოვაკია); II წრე ­ ქულებით (7:1) გაიმარჯვა კირილ ბარბუტოვთან (ბულგარეთი); III წრე ­ ქულებით (0:3) წააგო ბრუს ბაუმგარტნერთან (აშშ); IV ­ ქულებით (4:3) სძლია ანდრეას შრიოდერს; V წრე ­ ისვენებდა; VI წრე ­ ქულებით (4:0) დაამარცხა მაჰმუდ დემირი (თურქეთი).

იხილე აგრეთვე

დავით გობეჯიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები