ბარსელონის XXV ოლიმპიური თამაშები (1992)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბარსელონის თამაშების გახსნის ცერემონია ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, შთამბეჭდავი და ემოციური სანახაობა

ბარსელონას XXV ოლიმპიური თამაშები - ზაფხულის XXV ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1992 წელს (25 ივლისი - 9 აგვისტო) ბარსელოანაში.

  • მონაწილე ქვეყანა 169
  • სპორტსმენი 9,356 / 2,704 ქალი / 6,652 კაცი
  • სპორტის სახეობა 25
  • მედლების კომპლექტი 257

ველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: ვიტალი შჩერბო (ტანვარჯიში, ბელარუსი) 6
ქალებში: კრისტინა ეგერსეგი (ცურვა, უნგრეთი) 3 ნიკოლ ჰაისლეტი (ცურვა, აშშ)

Barselonas plsksti.PNG

ოლიმპიური მოძრაობისთვის 1992 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშები, შესაბამისად, ბარსელონასა და ალბერვილში ერთ წელიწადს ჩატარდა. ამასთან, 1972 წლის შემდეგ პირველად, ოლიმპიური თამაშებისთვის ბოიკოტი არავის გამოუცხადებია. ასევე, ბარსელონას თამაშები აღმოჩნდა პირველი, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩატარდა. დაინგრა ბერლინის კედელი, გაერთიანდა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია, საბჭოთა კავშირი 15 დამოუკიდებელ რესპუბლიკად დაიშალა, სამხრეთ აფრიკაში კი აპარტეიდი დასრულდა.

მსოფლიო პოლიტიკაში მომხდარმა მნიშვნელოვანმა ძვრებმა, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია ბარსელონას თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილე ქვეყანების აღლუმზეც. გერმანია ერთ გუნდად გამოვიდა. დაშლილი სსრკ-დან 12 რესპუბლიკა „გაერთიანებული გუნდის“ სახელით წარდგა, თუმცა, წარმატების შემთხვევაში შესაბამისი ქვეყნის დროშა აღიმართებოდა.

ბარსელონის ოლიმპიური თამაშები ისტორიული იყო საქართველოსთვის: ოლიმპიურ სტადიონზე პირველად გამოჩნდა ჩვენი ქვეყნის მაშინდელი დროშა, რომელიც მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონს, დავით ხახალეიშვილს მოჰქონდა

ოლიმპიადების ისტორიაში პირველად, სწორედ ბარსელონაში გამოჩნდა საქართველოს დროშა, რომელიც გახსნის ცერემონიაზე ძიუდოისტ დავით ხახალეიშვილს მოჰქონდა. ორ დღეში ხახალეიშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და მისი გამარჯვების აღსანიშნავად ასევე პირველად აჟღერდა საქართველოს ჰიმნი. ესტონეთი 1920 წლის, ლატვია და ლიტვა კი 1924 წლის თამაშების შემდეგ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად პირველად დაბრუნდნენ თამაშებზე. იუგოსლავიისგან გამოყოფის შემდეგ, ზაფხულის ოლიმპიადაზე სუვერენულ ქვეყნებად პირველად წარსდგნენ ბოსნია და ჰერცეგოვინა, სლოვენია და ხორვატია. დებიუტი ჰქონდა ნამიბიას, ხოლო იემენის სახელით პირველად გამოვიდა გაერთიანებული ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენი. 1960 წლის შემდეგ დაბრუნდა აპარტეიდული პოლიტიკის გამო ოლიმპიადებიდან მოკვეთილი სამხრეთ აფრიკა. გაეროს სანქციებისგამო, ბარსელონაში ჩასვლა აეკრძალა იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკას, თუმცა ამ ქვეყნის წარმომადგენლებს „დამოუკიდებელ ოლიმპიელ მონაწილეებად“ ასპარეზობის ნება დართეს.

გაიზარდა ოლიმპიური პროგრამაც. ბეისბოლი, რომელიც ოლიმპიადებზე აქამდე ყველაზე მეტჯერ - შვიდჯერ იყო საჩვენებელი სტატუსით წარმოდგენილი, ამჯერად, ოლიმპიური პროგრამის ნაწილი გახდა, პირველი ჩემპიონობა კი კუბელებმა იზეიმეს.

ოლიმპიურ პროგრამაში დებიუტი ჰქონდა ბადმინტონსა და ქალთა ძიუდოს. განახლებული პროგრამის წყალობით, ბადმინტონის ოსტატმა სუსი სუსანტიმ ინდონეზიას პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად, ვაჟთა კალათბურთში პროფესიონალებს გაუღეს კარი. ბარსელონაში მაიკლ ჯორდანის, მეჯიკ ჯონსონის, ლარი ბერდისა და სხვა სუპერვარსკვლავებისგან შემდგარმა „ოცნების გუნდმა“ (Dream Team) ყველა სახტად დატოვა - აშშ-ის ნაკრებმა ყველა შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და ჩემპიონობა მოიპოვა.

ბრწყინვალე საჩემპიონო გზა განვლო გაერთიანებული გუნდის ბელარუსმა ტანმოვარჯიშემ ვიტალი შჩერბომ, რომელმაც 6 ოქრო დაისაკუთრა. ბალახის ჰოკეიში მოპოვებული ოქროს მედლით ოჯახური ტრადიციები გააგრძელა კელერების მესამე თაობის წარმომადგენელმა, ლოს ანჯელესისა და სეულის თამაშების გერმანელმა ვერცხლის მედალოსანმა ანდრეას კელერმა. კელერებიდან პირველმა ვერცხლის მედალი ბაბუამისმა ერვინმა ჯერ კიდევ 1936 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა, შემდეგ მამამისმა - კარსტენმა 1972 წლის თამაშებზე ოქრო მიიღო.

მასპინძლებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული იყო მძლეოსანი ფერმინ კაჩოს 1500 მეტრზე საჩემპიონო რბენა. კაჩო პირველი აღმოჩნდა, რომელმაც რბენის დისციპლინაში ესპანეთს ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა.

უნგრელმა მოცურავემ კრისტინა ეგერსეგიმ სეულის თითო ოქროსა და ვერცხლს, ბარსელონის 3 ინდივიდუალური უმაღლესი სინჯის მედალიც შემატა. ოვაციები დაიმსახურა 10 ათას მეტრზე რბენაში ეთიოპიელმა დერარტუ ტულუმ, რომელიც გარდა იმისა, რომ გახდა აფრიკის წარმომადგენელი პირველი შავკანიანი ჩემპიონი ქალი, მეორეზე გასულ თეთრკანიან სამხრეთაფრიკელ ელანა მეიერთან ერთად ხელჩაკიდებულმა საპატიო წრე დაარტყა, რაც, სიმბოლურად, აპარტეიდის დასრულების და ახალი აფრიკის მშენებლობის დასაწყისზე მიანიშნებდა.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები